ლეონარდო: "მილანს" და "ინტერს" ვარსკვლავები სჭირდებათ

AutoSharing Option
"მილანის" და "ინტერის" ყოფილმა მწვრთნელმა, წარსულში "როსონერის" ფეხბურთელმა ლეონარდომ "გაძეტა დელო სპორტს" ინტერვიუ მისცა და აქტუალურ თემებზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

ბუნებრივია, ბრაზილიელმა ბევრი ისაუბრა მილანურ კლუბებზე, რომლებთანაც წარსული აკავშირებს.

მილანი
"მილანის" რეგრესი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც კლუბმა რიკარდო კაკა და ანდრეი შევჩენკო გაყიდა. მაშინვე გამოჩნდა, რომ "მილანის" მესვეურებს აღარ ჰქონდათ საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნების რესურსი.

სილვიო ბერლუსკონიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი უცხოელებს მიყიდა. დღეს, "მილანში" აღარ თამაშობენ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები და პრობლემების სათავე სწორედ ესაა. რაც არ
უნდა ვილაპარაკოთ მწვრთნელის მაღალ კვალიფიკაციაზე, შედეგს მოედანზე მაინც ფეხბურთელები დებენ.

იყო დრო, როდესაც "მილანს" თავდასხმაში ანდრეი შევჩენკო და ფილიპო ინძაგი ჰყავდა, ნახევარდაცვაში ანდრეა პირლო, რინო გატუზო, კლარენს ზეედორფი და რიკარდო კაკა, დაცვაში კი პაოლო მალდინი და ალესანდრო ნესტა - ამ ფეხბურთელებს ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა შეეძლოთ, დღეს კი გუნდში აშკარა კრიზისია. იმედია, ვითარება მალე გამოსწორდება.

ინტერი
"ინტერი" უფრო მეტ ფულს ხაჯავს ტრანსფერებში, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერც "ნერაძურიში" ვხედავ უმაღლესი კლასის ფეხბურთელებს. არც დაცვაში, არც ნახევარდაცვასა და არც თავდასხმაში არ არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც თავის პოზიციაზე ტოპ 5-ეულში არიან მსოფლიოში, ასე კი დიდი მიზნების მიღწევა შეუძლებელია. არ მახსენდება, რომ ბოლო წლებში "ინტერს" ფეხბურთელი ევროპული ფეხბურთის გრანდიდან წაეყვანოს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

მილანურ გრანდებს რჩებათ ის ფეხბურთელები, რომლებზეც ტოპ კლუბები უარს ამბობენ, ასე კი წარმატების მიღწევა შეუძლებელია. დღეს, ქალაქი მილანი დარჩენილია ვარსკვლავების და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის გარეშე, რაც მართლაც უჩვეულო მოვლენაა.

იუვენტუსი
"იუვენტუსი" კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა წარმართო სატრანსფერო პოლიტიკა. ტურინელებმა შეინარჩუნეს ლეონარდო ბონუჩი და ეს მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ სიტი" მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდიდა. "იუვეს" მწვრთნელმა კარგად იცოდა, რომ ამ ფულით ბონუჩის ჩანაცვლება გაუჭირდებოდა.

სამაგიეროდ, ტურინელები იოლად შეძლებენ პოლ პოგბას შეცვლას, რომლის სანაცვლოდაც ასტრონომიული თანხა აქვთ აღებული. ვფიქრობ, მირალემ პიანიჩი "იუვეს" ერთ-ერთი ლიდერი გახდება და უფრო მეტ გოლს გაიტანს სეზონში, ვიდრე პოგბას გაჰქონდა. ტურინული გრანდის მენეჯმენტი შესანიშნავად მუშაობს და ეს გუნდის შედეგებზე შესაბამისად აისახება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული