როგორ დავანარცხოთ "იუვე" მიწაზე - ბუფონის ტკივილი, იკარდის ოცნება

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველად 2010 წლის 16 აპრილის შემდეგ, "ინტერმა" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსი" დაამარცხა (2:1). დიდ იტალიურ დერბიში ამჯერად მილანურმა გრანდმა მოიგო და ეს ნამდვილად არ იყო ერთი რიგითი გამარჯვება - "ინტერმა" გვაჩვენა, რომ "იუვენუსი" არაა დამარცხებელი და ტურინული კლუბი წინასწარ არ უნდა შევრაცხოთ ჩემპიონად.

"ინტერმა" სტიმული მისცა თუნდაც "ნაპოლის", ან "რომას", რომლებიც ბოლო წლებში ყველაზე ახლოს არიან პიემონტელებთან და სკუდეტოს მაძიებლებად ითვლებიან. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება "ნერაძურის" ახალი მწვრთნელისთვის, რომელსაც აქამდე ცუდად მისდიოდა საქმეები და კრიტიკის ქარცეცხლში იყო გახვეული - მატჩის შემდეგ,
ფრანკ დე ბურმა ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"ისეთი გუნდი, როგორიც "იუვენტუსია", დამატებით მოტივაციას იძლევა, მაგრამ ამ გამარჯვების საფუძველი მხოლოდ ეს არ ყოფილა. თამაშის წინ, ბევრი ვისაუბრეთ, წარსული შეცდომები გავაანალიზეთ და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანეთ. დღეს, მოედანზე იყო ერთ მუშტად შეკრული გუნდი, რომელიც მთელი 90 წუთის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდა.

ასეთი რამ ვერ ვნახეთ ევროპალიგის შეხვედრაში და ამიტომაც დავმარცხდით. "იუვენტუსი" იტალიის საუკეთესო გუნდია და მისი დამარცხებით საკუთარი თავის რწმენა მოგვემატება. სკუდეტო? - წინ დიდი გზაა და დღეს, სკუდეტოზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. მთავარია, რომ "ინტერმა" დაიწყო თამაში ისე, როგორც ეს გუნდს შეეფერება და შედეგიც სახეზეა. რაც მთავარია, გვაქვს მომატების რესურსი და რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა "ინტერის" მაქსიმუმი".

"იუვენტუსმა" მწარე მარცხი იწვნია და როგორც მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, გუნდი ციდან მიწაზე დაეშვა:

"ეს იყო სუფთა იტალიური მატჩი, რომელსაც ახასიათებს ტაქტიკური ჭიდილი, ხისტი და ხშირად ბინძური ორთაბრძოლები, სადაც მოსაგებად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უნდა გამართო. ჩვენ არ გვეყო ეს ბრძოლისუნარიანობა და კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ტექნიკაშიც გვქონდა გარკვეული პრობლემები, რადგან ბევრი უზუსტო პასი გავაკეთეთ და არაფრისგან მეტოქეს სახიფათო კონტრშეტევები ვაჩუქეთ.

მიმდინარე სეზონში, უკვე სამი გოლი გავუშვით კუთხურიდან და ეს სიგნალია, რომ ამ კომპონენტზე სამუშაო გვაქვს. ამ მარცხისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ და პირიქით, სასარგებლო დასკვნები გამოვიტანოთ - ეს იყო ციდან მიწაზე დაშვება, რაც უკვე კარგია და რამაც ჩემი შეგირდები უნდა გამოაფხიზლოს. უნდა გავბრაზდეთ კიდეც და წარმატებული მატჩების სერია გამოვაცხოთ, რათა დაკარგული ავინაზღაუროთ".

დიდი იტალიური დერბის შემდეგ, საინტერესო კომენტარი გააკეთა "იუვენტუსის" კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა:

"ისეთ გუნდს, როგორიც "იუვენტუსია", არ აქვს უფლება, რომ წააგოს შეხვედრა, რომელშიც იგებდა. ფრე კიდევ შესაძლოა დავუშვათ, მარცხი კი ყოვლად მიუღებელია. უამრავი წუნი გვქონდა გადაცემებში და მოედანზე არ იყო ის გუნდი, რომელმაც ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს. პირადად მე, ამ მარცხმა დიდი ტკივილი მომაყენა. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში უკვე 4 გოლი გვაქვს გაშვებული და ესეც დაუშვებელია - ფაქტია, რომ დაცვაში ყველაფერი რიგზე არ არის. მოკლედ, ამ მარცხისგან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და გაცილებით უკეთ ავთამაშდეთ".

ბოლოს, "ინტერის" კაპიტან მაურო იკარდისაც მოვუსმინოთ: "ყველა შეხვედრაში რომ ისევე ვირჯებოდეთ, როგორც "იუვენტუსთან" ვითამაშეთ, უდიდეს წარმატებებს მივაღწევდით, მაგრამ სტაბილურობა გვაკლია და ესაა ჩვენი მთავარი მინუსი. მხოლოდ ერთი მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარება არ კმარა და საჭიროა, რომ მთელი სეზონი სტაბილურად გავისარჯოთ. "ინტერში" უნიჭიერესი ფეხბურთელები არიან შეკრებილნი და განვლილმა მატჩმა ეს ნათლად დაგვანახვა. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ მეტოქესთან ჭიდილი და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული