მომავლის "მილანი" და... სკანდალი - შესაძლოა კლუბი ბერლუსკონის დარჩეს

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "მილანმა" მესამე მატჩი მოიგო და 5 ტურის შემდეგ, 9 ქულას მოუყარა თავი.

ვინჩენცო მონტელამ წინამორბედებზე უკეთესად დაიწყო და გულშემატკივრებსაც იმედი გაუჩნდათ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გუნდი წარმატებით იასპარეზებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

მით უმეტეს, ზამთარში კლუბის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას და რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელის დამატებას აპირებენ. იქამდე, "მილანი" მეტწილად იმ ფეხბურთელებით ცდილობს ფონს გასვლას, რომლებმაც უკვე მოინელეს არაერთი მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი, სინიშა მიხაილოვიჩი და კრისტიან ბროკი, იქამდე კი კლარენს ზეედორფსაც მოეცარა ხელი, თუმცა საყოველთაო
მოსაზრებით, მის განკარგულებაში უკეთესი შემადგენლობა იყო. მოკლედ, მონტელას უკეთ გამოსდის საქმე, ვიდრე წინამორბედებს და საინტერესოა, რა გაგრძელება ექნება ამ ისტორიას...

სეზონის საუკეთესო მატჩი
სერია A-ს მე-5 ტურში "მილანმა" "ლაციოს" უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. პირველი კარლოს ბაკას ანგარიშზეა, რომელიც იურაი კუცკას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთის კარში გადაგზავნა აღარ გასჭირვებია. მეორე გოლი მბაიე ნიანგის ანგარიშზეა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი დარტყმით გამოიჩინა თავი. "მილანს" კიდევ ჰქონდა მომენტები, თუმცა არც "ლაციო" იყო სტატისტის როლში და ჯანლუიჯი დონარუმას არაერთხელ მოუხდა შესაძლებლობების დემონსტრირება.

მთლიანობაში, "მილანმა" კარგი მატჩი ჩაატარა და პირველად დაიმსახურა სპორტული მედიის ქება. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს დავიდე კალაბრიამ დაცვის მარჯვენა ფლანგზე და ალესიო რომანიოლიმ ცენტრში, იურაი კუცკამ მოედნის შუა გულში და, რა თქმა უნდა, კარლოს ბაკამ, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მეწინავეა. მთლიანობაში, "მილანი" კარგი იყო და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

იტალიური მილანი
სანამ სილვიო ბერლუსკონი "მილანის" აქციების გაყიდვას გადაწყვეტდა, განაცხადა, რომ მისი მიზანი ისეთი გუნდის გაკეთება იყო, რომელშიც ძირითად ბირთვს იტალიელი ფეხბურთელები წარმოადგენდნენ. ბერლუსკონი მიდის და სწორედ ასეთ "მილანს" გვიტოვებს - "ლაციოსთან" შეხვედრაში, "როსონერის" ძირითად შემადგენლობაში 7 იტალიელი ფეხბურთელი იყო და მას შემდეგ, რაც სუსო ლოკატელიმ შეცვალა, მათი რიცხვი 8-მდე გაიზარდა. თანამედროვე ფეხბურთში მეტად იშვიათი ამბავია, რომ ევროპულ გრანდში, თუნდაც მას საუკეთესო დროება არ ედგას, ასე ცოტა ლეგიონერი იყოს.

აღსანიშნავია, რომ "მილანის" იტალიელი ფეხბურთელების უმრავლესობა ახალგაზრდაა და სწორედ მათ გარშემო უნდა აშენდეს ახალი გუნდი. მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა მხოლოდ 17 წლისაა და უახლოეს დღეებში, ახალ ხანგრძლივვადიან ხელშეკრულებას მიიღებს მკვეთრად გაუმჯობესებული პირობებით. მარჯვენა მცველი დავიდე კალაბრია 19 წლისაა და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

დაცვის ბურჯი, ალესიო რომანიოლი მხოლოდ 21 წლისაა და ის იტალიის ეროვნული ნაკრების წევრია. მხოლოდ 23 წლისაა მატია დე შილიო, რომელიც მარცხენა ფრთას ამაგრებს, ევროპის ჩემპიონატზე კი იტალიის ნაკრებში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. 18 წლისაა მანუელ ლოკატელი, რომელიც ნახევარდაცვაში თამაშობს და დონარუმასა და კალაბრიას მსგავსად, მასაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ლოკატელი ფიზიკურად ძლიერია და ამასთან ძალიან ტექნიკური, მოედნის შესანიშნავი ხედვით და კარგი პასით. ჯერ კიდევ წინ აქვთ ყველაფერი ჯაკომო ბონავენტურას და ანდრეა ბერტოლაჩის. მოკლედ, "მილანში" ახალგაზრდა და ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელების დიდი ჯგუფია შეკრებილი, რომლებსაც ამ გუნდისთვის ძველი დიდების დაბრუნება შეუძლიათ. ამ თემაზე, საინტერესო კომენტარი გააკეთა "მილანის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა არიგო საკიმ.

არიგო საკი: "როდესაც "მილანის" ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელებს ვუყურებ. იმედით ვივსები და მახსენდება ძველი დრო, როდესაც გუნდის მწვრთნელი ვიყავი და მაშინაც, ასეთი ტალანტები მოდიოდნენ. დაუმატეთ ამ ბიჭებს შეტევაში ფრანკ რაიკაარდი, რუდ გულიტი, მარკო ვან ბასტენი და უდიდეს წარმატებებს მიაღწევენ. ვფიქრობ, არის კარგი რესურსი და თუ კლუბის მესვეურებმა საქმე სწორად წაიყვანეს, დიდი გუნდის გაკეთება შეიძლება".

ვინჩენცო მონტელა: "ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ ხარვეზები აღმოვფხვრათ და უკეთესი თამაში ვაჩვენოთ. შედეგი სახეზეა და ვფიქრობ, რომ "მილანი" დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე სეზონის სტარტზე. "ლაციო" კარგი გუნდია და თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა გამარჯვება უფრო ძლიერს დარჩა. იყო მონაკვეთები, როდესაც მეტოქე ფლობდა უპირატესობას, ჩვენ კი შეცდომებს ვუშვებდით, რაც არასტაბილურობის ბრალია. მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ მთელი 90 წუთის განმავლობაში. ჩემპიონთა ლიგა? - დღეს, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია".

რიკარდო მონტოლივო (მილანის კაპიტანი): "ჩემი აზრით, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. "მილანს" მომთხოვნი და მაქსიმალისტი გულშემატკივრები ჰყავს, რომლებიც უკეთეს გუნდს იმსახურებენ და ვეცდებით, რომ ეს დიდი ჩავარდნა დავძლიოთ. ქომაგთა ერთ ნაწილს არ ვუყვარვარ იმ დღიდან, რაც გუნდში მოვედი და მათი გული ვერაფრით მოვიგე - ალბათ, ვერც მოვიგებ და ვცდილობ, რომ ამაზე არ ვინერვიულო. მთავარია, გუნდმა მოიგოს და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ".

ჩინელებმა ყალბი დოკუმენტები წარადგინეს?
ამასობაში, სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს "გაძეტა დელო სპორტი", რომლის მიხედვითაც, გართულდა ვითარება "მილანის" საკონტროლო პაკეტის გაყიდავასთან დაკავშირებით და შესაძლოა, პროცესი კიდევ გაიწელოს, ან საერთოდ ჩაიშალოს. შეგახსენებთ, რომ სილვიო ბერლუსკონის კომპანიამ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია ჩინურ კონსორციუმთან, რომლის თანახმადაც, აზიელები 740 მილიონ ევროს გადაიხდიან ნომებერში და მაქსიმუმ იანვარში კლუბი ოფიციალურად გადავა მათ მფლობელობაში.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, "ფინინვესტის" იურისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჩინური კონსორციუმისგან თანხის გადამხდელუნარიანობის ყალბი დოკუმენტები მიიღეს და პროცესი გართულებულია.

თუ დადასტურდა, რომ აზიელებმა სილვიო ბერლუსკონის კომპანიას ყალბი დოკუმენტები წარუდგინეს, შეთანხმება ალბათ ჩაიშლება და "მილანი" ძველ მფლობელს დარჩება. ამისთვის, საჭირო იქნება, რომ ბერლუსკონიმ ჩინელებს ის 85 მილიონი ევრო დაუბრუნოს, რომელიც სულ ახლახანს მიიღო ზამთრის ტრანსფერებისთვის. თუმცა, შესაძლოა ასე საგანგაშოდ არ იყოს საქმე და ვითარება მარტივად დარეგულირდეს - ჯერჯერობით, არც ერთი მხარე კომენტარს არ აკეთებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული