პაველ ნედვედი: ვამაყობ, რომ "იუვენტუსს" სერია B-ში ჩავყევი

AutoSharing Option
დღეს, "იუვენტუსი" იტალიის უძლიერესი გუნდია, ევროპაში კი ერთ-ერთი საუკეთესოა და ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტთა შორის ასახელებენ. ზუსტად 10 წლის წინ, ტურინული გრანდი სერია B-ში ასპარეზობდა და იტალიის პროვინციულ ქალაქებში უწევდა თამაში. ამ პერიოდში, "ვეკია სენიორამ" უდიდესი პროგრესი განიცადა, რითიც კლუბის მესვეურები საფუძვლიანად ამაყობენ.

"იუვეს" ტექნიკური დირექტორი პაველ ნედვედი, 10 წლის წინ, სწორედ "იუვეში" თამაშობდა და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული ვარსკვლავი იყო, სერია B-ში თამაში არ უთაკილია. ნედვედმა ძველი დრო გაიხსენა და საინტერესო კომენტარები გააკეთა.

სერია B
როდესაც წარსულს ვიხსენებ,
ვამაყობ, რომ "იუვენტუსში" დარჩენის გადაწყვეტილება მივიღე და გუნდს სერია B-ში ჩავყევი. მაშინ, პატივსცემა დავიმსახურეთ არა მარტო როგორც ფეხბურთელებმა, არამედ როგორც კაცებმა. "იუვეში" თამაშობდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, აღიარებული ვარსკვლავები და ეს თამაშები იმართებოდა პროვინციულ, პატარა ქალაქებში. ჩვენ ამაყები ვიყავით, რომ "იუვეს" მაისურა გვეცვა და დღესაც სიამაყოთ ვივსები, როდესაც იმ პერიოდს ვიხსენებ.

დიდი ნახტომი
10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "იუვენტუსი" სერია B-ში ასპარეზობდა, დღეს კი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ეს პროგრესი საქმისადმი პროფესიონალურმა მიდგომამ და მუხლჩაუხრელმა შრომამ განაპირობა. ანდრეა ანიელის სახით, კლუბში იდეალური მმართველი მოვიდა, რომელმაც იცოდა კრიზისიდან გამოსვლის გზები. ბედნიერი ვარ, რომ დღემდე კლუბში ვმუშაობ და ვრჩები ამ დიდი ოჯახის შემადგენელ ნაწილად.

აუხდენელი ოცნება
ყოველთვის მინდოდა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში და სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მომეცა. აღფრთოვანებული ვიყავი პოლ სქოულზის, რაიან გიგზის და სხვა ვარსკვლავების ასპარეზობით და მსურდა, რომ თუნდაც მცირე ხნით, მათ გვერდით მეც ვყოფილიყავი.

"იუნაიტედში" ჩემი თანამემამულე, კარელ პობორჟსკი თამაშობდა და მისი მშურდა კიდეც. მოკლედ, "მანჩესტერი" ჩემი აუხდენელი ოცნებაა, თუმცა ბედნიერი ვარ იმით, რომ კარიერის საუკეთესო წლები "იუვენტუსში" გავატარე და ამას არაფერზე გავცვლიდი.

სამომავლო გეგმები
ტურინში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ვრჩები ფეხბურთში და ვემსახურები გუნდს, რომელსაც ჩემი გული ეკუთვნის. მსურს, რომ აქ კიდევ დიდ ხანს დავრჩე და გულშემატკივრებთან ერთად, "იუვენტუსის" დიდი გამარჯვებებით გავიხარო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული