ჯამპიერო ვენტურა: ორი გუნდი უნდა ავაშენოთ, მუნდიალის და მომავლის

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ სამ შეხვედრაში შვიდი ქულა დააგროვა, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.

მით უმეტეს, "სკუადრა აძურამ" ორი რთული გასვლითი მატჩი მოიგო ისრაელთან და მაკედონიასთან, ერთადერთ ფრეს კი ესპანეთთან გამორჩა. განვლილი მატჩები იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა დიდი ხანია, შეაფასეს და სულ დეტალებში გაარჩიეს - შედეგი კარგია, თუმცა თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილის ტოვებს.

ქვემოთ, "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელის, ჯამპიერო ვენტურას საინტერესო ინტერვიუს გავეცნოთ:

- იტალიის ნაკრები ესპანეთთან ერთად ლიდერობს ჯგუფს და ალბათ, კმაყოფლი ხართ შედეგით...
- უკმაყოფილების საბაბი არ
მაქვს, თუმცა ჯერ მთავარი ბრძოლები წინაა და სატურნირო ცხრილზე ნაკლებად ვფიქრობ. გამომდინარე იქიდან, რომ ჯგუფში თვით ესპანეთი გვყავს, შეცდომის უფლება არ გვაქვს და ეს კარგად გვაქვს გააზრებული. მაკედონიასთან ახლოს ვიყავით ქულების დაკარგვასთან, მაგრამ საბედნიეროდ, გამარჯვება მოვიპოვეთ. საინტერესოა, როგორ ითამაშებს ჩვენი მთავარი კონკურენტი მაკედონიასა და ისრაელში, სადაც ქულათა მაქსიმუმი ავიღეთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რას ვიზამთ ჩვენ ალბანეთში. ვფიქრობ, სწორედ ამ შეხვედრებში გაირკვევა ყველაფერი და არა ესპანეთთან ჩვენს უშუალო დაპირისპირებაში.

- მაკედონიასთან მარკო ვერატიმ უხეში შეცდომა დაუშვა, რაც კინაღამ ძვირად დაუჯდა გუნდს. არადა, მარკოს დაბრუნებას დიდ ხანს ელოდებოდა საფეხბურთო იტალია...
- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელთან შეხვედრაში ვერატი საუკეთესო იყო მოედანზე და ლომის წილი დაიდო გამარჯვებაში. მარკო იტალიური ფეხბურთის ბრილიანტია და ერთი შეცდომა მას ვერაფერს დააკლებს. მით უმეტეს, მთლიანობაში, ვერატის არც მაკედონიასთან უთამაშია ცუდად.

- ესპანეთთან შეხვედრაში უხეში შეცდომა თვით ჯანლუიჯი ბუფონმა დაუშვა...
- ფეხით თამაში მეკარის ყველაზე ძლიერი მხარე არაა, თუმცა ბუფონი ამ მხრივაც ერთ-ერთი გამორჩეულია. შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს და მათ შორის, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარეს, ასეთი კი უდაოდ ჯანლუიჯი ბუფონია და მათ შორის, 38 წლის ასაკში. მეკარის საკითხზე ოდნავადაც არ ვნერვიულობ, რადგან ჩვენ ჯიჯი გვყავს.

- გახდება ჯანლუიჯი დონარუმა ახალი ჯიჯი ბუფონი?
- რომ არა ბუფონი, დონარუმა უკვე ნაკრების ნომერ პირველი მეკარე იქნებოდა და ეს ყველაფერი მხოლოდ 17 წლის ასაკში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დონარუმა მოვლენაა და მას უდიდესი მომავალი აქვს. არ მინახავს მეკარე, რომელსაც 17 წლის ასაკში ასეთი მონაცემები ჰქონოდა და საფეხბურთო იტალია მასზე სრულიად საფუძვლიანად ამყარებს იმედებს.

- მაკედონიასთან შეხვედრაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ათამაშეთ. ხომ არ გაგიწბილეს იმედები?
- იყო ხარვეზები და პრობლემები, მაგრამ იმედები ნამდვილად არ გამცრუებია. ღრმად ვარ დარწმ,უნებული, რომ ამ ბიჭებს დიდი მომავალი აქვთ და ბევრ წარმატებას მიაღწევენ. ამ ეტაპზე, ჩვენ ორ გუნდს ვაშენებთ: ერთი, რომელმაც მუნდიალზე უნდა ითამაშოს და მეორე, მომავლის გუნდი, რომელმაც იტალიური ფეხბურთის ახალი ისტორია უნდა დაწეროს.

- იქნებ უფრო დაკონკრეტდეთ...
- პირველ რიგში, უნდა მოვხვდეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ეს ურთულესი გზა გავიაროთ, იქ კი გვეყოლება გუნდი, რომელიც გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული. ეს იქნება სინთეზი, რომელმაც წარმატება უნდა მოგვიტანოს. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, დადგება დრო, როდესაც ვეტერანებმა ადგილი ახალგაზრდებს უნდა დაუთმონ და ჩვენ უკვე ვიხილავთ სრულიად ახალ იტალიას.

- რომელ ფეხბურთელებს მოიაზრებთ მომავლის გუნდში?
- უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც დიდ ფეხბურთს ითამაშებენ. ჯანლუიჯი დონარუმა ჯიჯი ბუფონის ღირსეული შემცვლელი იქნება და არც სხვა ნიჭიერი მეკარეები უნდა დავივიწყოთ. მაგალითად, ძალიან მომწონს მატია პერინი და სიმონე სკუფეტი. დანიელე რუგანისა და ალესიო რომანიოლის სახით, უნიჭიერესი ცენტრალური მცველები გვყავს, რომლებსაც თამამად შეგიძლია დაეყრდნო. არც ფლანგებზე გვიჭირს, რადგან მატია დე შილიო, მატეო დარმიანი, დავიდე კალაბრია, ალესანდრო ფლორენცი უმაღლეს დონეზე თამაშობენ. ნახევარდაცვაში მარკო ვერატი უკვე ვახსენეთ და კიდევ რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელია თუნდაც იმ "ტორინოში", რომელსაც წლების განმავლობაში ვწვრთნიდი. იმედი მაქვს, რომ მარიო ბალოტელი ძველ ფორმას დაიბრუნებს, ანდრეა ბელოტი კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იქნება.

- თუმცა, თქვენ დომენიკო ბერარდის დაუკეტეთ კარი...
- კარი არავისთვის დამიკეტავს, მათ შორის არც ბერარდისთვის. ამ ეტაპზე, ნაკრები თამაშობს ისეთი სქემით, რომელშიც გარემარბების ადგილი არაა, თუმცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და მათ შორის, ტაქტიკური მოდელიც. ბერარდისათვის არა თუ არ დამიკეტავს ადგილი, სამომავლოდ, მასზე დიდ იმედებს ვამყარებ. იგივე შემიძლია ვთქვა ლორენცო ინსინიესა და სტეფან ელ შაარავიზე.

- გამოდის, რომ თქვენ დიდი ხნით აპირებთ იტალიის ნაკრების სათავეში ყოფნას...
- დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ იტალიის ნაკრებში სამწვრთნელო კარიერის ბოლომდე. ეროვნული გუნდის გაწვრთნა უდიდესი პატივია და რა გასაკვირია, რომ დიდი და ხანგრძლივი მიზნები მაქვს. მსურს, იტალიის ნაკრებთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიო და მე ვხედავ ამ რესურსს.

- სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას როგორ შეაფასებთ?
- რაც უფრო მაღალი იქნება კონკურენცია ჩემპიონატში, მით უფრო კარგია ეს ეროვნული ნაკრებისთვის, რადგან ფეხბურთელები დიდ ბრძოლებში იწრთობიან და იღებენ იმ გამოცდილებას, რომელიც აუცილებელია მწვერვალების დასაპყრობად. მინდა, რომ "მილანმა" და "ინტერმა" ძველი დიდება დაიბრუნონ, სხვა გუნდებიც გაძლიერდნენ და სერია A-მ პირველობა დაიბრუნოს ევროპაში. ვფიქრობ, ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ და აღმავლობის დრო დადგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული