* "მილანმა" სილვიო ბერლუსკონის პრეზიდენტობისას 29-ე ტიტული მოიგო.
* "მილანმა" იტალიის სუპერთასი მეშვიდედ მოიგო და ტიტულების რაოდენობით "იუვენტუსს" გაუთანაბრდა.
* ჯანლუიჯი დონარუმამ 90 წუთში 7 "სეივი" მიითვალა, რაც ამ სეზონში მისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.
* "იუვენტუსმა" მე-12-ედ ითამაშა სუპერთასის ფინალში, "მილანმა" - მეათედ.
* "მილანმა" 2011 წლის მერე პირველი ტიტული მოიგო, ხუთი წლის წინათაც სუპერთასი მოიგო.
იტალიურ ფეხბურთში 2016 წელი სუპერთასის მატჩით დასრულდა, რომელიც დოჰაში გაიმართა და რომელშიც "მილანი" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. "იუვე" - როგორც იტალიის ჩემპიონი, ხოლო "მილანი" - როგორც თასის ფინალისტი, რომელიც სწორედ "იუვესთან" დათმო. მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "როსონერიმ" ერთხელ უკვე სძლია "ბიანკონერის", ფავორიტად მაინც ტურინული გრანდი იყო მიჩნეული...
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი "მილანმა" იმარჯვა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტიტულს დაეუფლა. აქვე ვთქვათ, რომ "იუვეს" მხრიდან გოლი ჯორჯო კიელინიმ შეაგდო, "მილანის" მხრიდან კი - ჯაკომო ბონავენტურამ.
თერთმეტმეტრიანების სერიაში "როსონერიდან" მხოლოდ ჯანლუკა ლაპადულამ ვერ ივარგა, "ვეკია სენიორაში" კი მარიო მანჯუკიჩი და პაულო დიბალა შეცდნენ. ამ უკანასკნელს ჯანლუიჯი დონარუმამ ბრწყინვალე ნახტომში აუღო და მატჩის გმირი გახდა. მთლიანობაში, მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ძირითად დროში მოგება ორივე გუნდს შეეძლო.
ადრიანო გალიანი ("მილანის" ვიცე-პრეზიდენტი): "ყველა ემოციას ერთად განვიცდი და თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ. ეს არის 29-ე ტიტული ბერლუსკონის ეპოქაში და ასევე, ჩვენ 16 ფინალი გვაქვს წაგებული. სილვიო უბედნიერესია და აქვს კიდეც ამის საბაბი. ეს თასი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, რაც კი აქამდე მოგვიგია და თუ რატომ, ამაზე მომავალში ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ბერლუსკონის და "მილანის" მილიონობით გულშემატკივარს ეძღვნება მთელ მსოფლიოში".
ვინჩენცო მონტელა ("მილანის" მწვრთნელი): "პირველი 20 წუთი ნერვიულობა გვეტყობოდა და მეტოქე გვჯობდა, დარჩენილ დროში კი ჩვენ უკეთ ვითამაშეთ და ძირითად დროშიც შეგვეძლო მოგება. ექსტრატაიმებში დაღლილობა დაგვეტყო, რამაც ცოტა შემაშინა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. უძლიერეს მეტოქეს არაფერი დავუთმეთ, ვაჯობეთ კიდეც და ტიტული მოვიპოვეთ, რაც საკუთარი თავის რწმენას გაგვიმყარებს. ამ გამარჯვებას სილვიო ბერლუსკონის ვუძღვნით, რომელმაც კლუბისთვის უდიდესი საქმეები აკეთა. ვიცით, თუ რამდენს ნიშნავს ეს ტიტული პრეზიდენტისთვის და მასთან ერთად, ჩვენც უზომოდ ბედნიერები ვართ. ბერლუსკონის 30-წლიანი მმართველობის პერიოდში, ეს მისი 29-ე ტიტულია და ეს მართლაც ფენომენალური შედეგია".
ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი): "ვერც კი წარმოიდგენთ, რა ხდება ჩემს თავს. ეს ემოციები და ეს სიხარული არასდროს დამავიწყდება. უძლიერეს მეტოქეს ტოლ-სწორად ვეპაექრეთ და თასი მოვიპოვეთ. ამ გამარჯვებას სილვიო ბერლუსკონის ვუძღვნით, რომელმაც შესაძლოა, ბოლო ტიტული მოიგო "მილანის" პრეზიდენტის რანგში. როდესაც დიბალას პენალტი ავუღე, "როსონერის" ემბლემას ვაკოცე, რადგან ეს გუნდი და ეს ფერები ჩემთვის ყველაფერია. ვამაყობ, რომ "მილანის" ღირსებას ვიცავ და ბედნიერი ვარ, რომ ტიტული მოვიგეთ".
ჯაკომო ბონავენტურა (მილანი): "ეს იყო დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ უფრო დიდი წარმატებების საწინდარი უნდა გახდეს. დავამარცხეთ გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. ამ წარმატების მთავარი შემოქმედი ვინჩენცო მონტელაა, მაგრამ მინდა სინიშა მიხაილოვიჩიც გავიხსენო, რომელმაც გასულ სეზონში, თასის ფინალში გაგვიყვანა და შედეგად, სუპერთასზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ.
ასევე - კრისტიან ბროკი, რომელიც გასული სეზონის ბოლოს ჩაუდგა გუნდს სათავეში. მიხარია, რომ ჯიჯი ბუფონს გავუტანე, ეს ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებიც დაგეშილნი არიან დიდ გამარჯვებებზე და პირადად მე, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ".
ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი): "2016 წელი ისე არ დასრულდა, როგორც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია. პირველ 20 წუთში დიდი უპირატესობა გვქონდა და სოლიდური ფორის მოპოვებაც შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოვიდა. შემდეგ მეტოქემ მოუმატა და ჩვენც დაღლილობა შეგვეტყო. რთულია, ორ ფრონტზე იბრძოდე და წლის ბოლოს, დოჰაში კიდევ 120 წუთი ითამაშო. "მილანს" კომპლიმენტები ეკუთვნის, რადგან გუნდი მაქსიმალურად დაიხარჯა და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. მეტოქემ დაიმსახურა გამარჯვება, ჩვენ კი მომავალზე უნდა ვიფიქროთ".
ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი): "მინდა მეტოქე შევაქო, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებულად მოიგო. საშობაო განწყობა ცოტათი გავიფუჭეთ, მაგრამ ამ მარცხისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. სეზონის პირველი ნახევარი მაინც წარმატებული გამოვიდა, რადგან ჩემპიონატში პირველ ადგილზე ვართ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფიდან გავედით. წინ გრძელი და რთული გზაა ტიტულებისკენ, რაც ღირსეულად უნდა გავიაროთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
11:34 26-12-2016
იტალიის სუპერთასი. გამოხმაურება: გმირი დონარუმა და 5 წლის შემდეგ დაბრუნებული ტიტული
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული