სამი ხედირა: "იუვეს" ტრიპლეტის შესრულება შეუძლია

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ნახევარმცველი სამი ხედირა საშობაო პაუზის დროს მედიას გაესაუბრა და საინტერესო კომენტარები გააკეთა როგორც "იუვენტუსში" არსებულ ვითარებაზე, ისე იტალიურ, გერმანულ და ესპანურ ფეხბურთზე...

იუვენტუსი
მიუხედავად იმისა, რომ სუპერთასის მატჩი წავაგეთ, გუნდი შობას კარგი განწყობით შეხვდა. იტალიის ჩემპიონატში პირველ ადგილზე ვართ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კი პირველი ადგილი დავიკავეთ.

ვფიქრობ, რომ მიმდინარე სეზონში ტრიპლეტის შესრულება შეგვიძლია და ყველა იმ ტურნირის მოგება, რომელშიც ვმონაწილეობთ. მატჩების დიდი ნაწილი მაღალ დონეზე გავმართეთ, თუმცა ბევრად უკეთ შეგვიძლია თამაში და ამაში მალე დარწმუნდებით. სეზონის მეორე ნახევარში "იუვე"
კიდევ უფრო ძლიერი იქნება.

სერია A
მდევრებს სოლიდური ფორით ვუსწრებთ, მაგრამ წინ კიდევ უამრავი ტურია და შესაბამისად, მოდუნების უფლება არ გვაქვს. შესაძლოა, ვინმეს ეგონოს, რომ "იუვენტუსისთვის" სკუდეტოს მოგება ადვილია, მაგრამ ასე ნამდვილად არ გახლავთ.

თითოეული გუნდი გაორმაგებული ძალით გვეთამაშება და მაქსიმუმს აკეთებს, რომ ქულები აგვართვას. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში უკვე სამი მარცხი ვიწვნიეთ, თუმცა კონკურენტები არასტაბილურად ასპარეზობენ. ვფიქრობ, სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლო ტურებამდე გაგრძელდება და წინ დიდი ბატალიები გველის.

ალეგრი და სხვა მწვრთნელები
მასიმილიანო ალეგრისთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა, რადგან თავისი საქმის უბადლო მცოდნეა. ტაქტიკურ ნიუანსებში იდეალურად ერკვევა და ყველა წვრილმანს აქცევს ყურადღებას.

ალეგრისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და თუ მომავალში მწვრთნელობას გადავწყვეტ, "იუვენტუსში" გატარებული პერიოდი ჩემთვის ფასდაუდებელი გამოცდილება იქნება. ვის შევადარებდი ალეგრის? - მართალია, პეპ გვარდიოლასთან არ მიმუშავია, მაგრამ ვიცი მისი სამწვრთნელო ფილოსოფია და ბევრი რამით სწორედ ალეგრის მაგონებს.

შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს მართლაც ასეა. გვარდიოლაც და ალეგრიც ყველა წვრილმანს გეგმავენ, ინტენსიური თამაშის მოყვარულები არიან და ფეხბურთელებსაც მკაცრად განსაზღვრული ფუნქციები აქვთ. მაგალითად, კარლო ანჩელოტი სულ სხვა სტილის მწვრთნელია, რადგან ის ფეხბურთელებს მეტ თავისუფლებას აძლევს. ანჩელოტისთან მადრიდის "რეალში" ვიმუშავე და ის პერიოდიც ძალიან კარგად მახსენდება.

გერმანია, ესპანეთი, იტალია
დიდი ფეხბურთის თამაში გერმანიაში დავიწყე და "შტუტგარტში" გატარებულ წლებს დღესაც დიდი სიამოვნებით ვიხსენებ. ეს იყო პერიოდი, როდესაც ყველაფერს ვსწავლობდი და თითოეული მატჩი ჩემთვის ფასდაუდებელი გამოცდილება იყო.

გერმანიის ჩემპიონატში იდეალური ინფრასტრუქტურაა და ამ თვალსაზრისით სჯობს როგორც იტალიას, ისე ესპანეთს. მადრიდში გატარებული პერიოდი საოცარ ემოციებთანაა დაკავშირებული. როდესაც "რეალის" ამუნიცია გაცვია, გრძნობ, რომ დიდი ისტორიის ნაწილი ხარ.

"რეალი" ყველაზე ტიტულოვანი გუნდია მსოფლიოში და ამით ყველაფერია ნათქვამი. ესპანური ფეხბურთი ყველაზე ტექნიკურია, ელეგანტური და დახვეწილი, რასაც გულშემატკივარი აღფრთოვანებაში მოჰყავს.

"იუვენტუსში" თამაში განსაკუთრებულ ვნებასთანაა დაკავშირებული, რადგან აქ საოცარი, ყველასგან გამორჩეული გულშემატკივარია. ტიფოზები ცხოვრობენ ფეხბურთით და სტადიონზე სრულიად განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნიან. იტალიაში ხშირია ორთაბრძოლები, ხისტი თამაში და უხეშობა. მთავარია, რომ სამივე ქვეყანაში ფეხბურთი უზომოდ უყვართ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული