"მილანი": რა ბედი ელის დონარუმას კონკურენტს?

AutoSharing Option
ჯანლუიჯი დონარუმას ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება - 17 წლის მეკარე "მილანის" ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელია.

დონარუმას ბუფონის მემკვიდრედ მიიჩნევენ და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ჯიჯი "მილანის" მთავარი იმედია და თვითონაც არაერთხელ განაცხადა, რომ სწორედ ლომბარდიულ გრანდში სურს მთელი კარიერის გატარება.

საგულისხმოა, რომ "მილანს" კიდევ ჰყავს ახალგაზრდა მეკარე, რომელზეც იტალიაში დიდ იმედებს ამყარებენ და რომელიც "როსონერის" ახალგაზრდულ გუნდში სასწაულებს სჩადის. ალესანდრო პლიცარი 16 წლისაა, თუმცა უკვე რამდენჯერმე მოხვდა "მილანის" მთავარი
გუნდის განაცხადში. პლიცარის ვიდეორგოლებით აჭრელებულია ინტერნეტსივრცე და ბევრის აზრით, ის დონარუმაზე არანაკლებ ნიჭიერია.

რა ბედი ელის პლიცარის? - დარჩება ის "მილანში" და შეეცდება ჯიჯი დონარუმას შევიწროებას თუ სხვა გუნდში გააგრძელებს კარიერას? - გავრცელდა ინფორმაცია, რომ პლიცარის სანაცვლოდ "მილანს" "მანჩესტერ სიტიმ" 2 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ეს ცნობა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ დაადასტურა:

"ალესანდრო პლიცარის ფენომენალური მონაცემები აქვს და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მის მიმართ ევროპული კლუბები იჩენენ ინტერესს. ჩვენ გვქონდა კონკრეტული შეთავაზებები "მანჩესტერ სიტისგან", "იუვენტუსისგან" და კიდევ არაერთი კლუბისგან, მაგრამ თითოეული მათგანი უარით გავისტუმრეთ.

პლიცარი "მილანში" დარჩება, რადგან მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. დონარუმასთან კონკურენცია? - ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, რადგან დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული