მჩ 2018. შესარჩევი ციკლი: 12 ნაკრები, რომელიც შეიძლება მუნდიალს მიღმა დარჩეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი თავისი გზით მიდის. არიან ძალიან ტრადიციული და ძლიერი ნაკრებები, რომლებსაც მსოფლიოს უმთავრეს საფეხბურთო ფორუმს მიღმა დარჩენა ემუქრებათ. დღევანდელი ჩვენი წერილი სწორედ მათ ეხება...

იტალია
ევროპული შესარჩევი ციკლი ძალიან თავისებურია. მხოლოდ ამით თუ შეიძლება აიხსნას ის, რომ ერთ შესარჩევ ჯგუფში მოხვდნენ ესპანეთისა და იტალიის ნაკრებები. ამ ორი გრანდიდან რუსეთში პირდაპირ მხოლოდ ერთი წავა, მეორეს კი პლეი-ოფის თამაში მოუწევს. წესით, ეს ერთი ესპანეთი უნდა იყოს. ამ დროისათვის ორივე გუნდს ქულათა ერთნაირი რაოდენობა აქვს, მაგრამ იტალიას გაცილებით უარესი ბურთების
ბალანსი უშლის ხელს. პირველ, ესპანურ შეხვედრაში ეს გუნდები დაზავდნენ - 1:1.

პორტუგალია
ევროპის მოქმედი ჩემპიონი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში არცთუ დამაჯერებლად თამაშობს. საკმარისია აღინიშნოს, რომ პირველ ტურში ისინი მთავარ კონკურენტთან, შვეიცარიასთან დამარცხდნენ. მათ ოქტომბერში რევანშის შანსი მიეცემათ და ის შანსი კრიშტიანოს გუნდმა უსათუოდ უნდა გამოიყენოს. ამავე ჯგუფში მყოფ უნგრეთის ნაკრებს, რომელმაც კარგად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, ალბათ აღარაფერი უშველის.

ჰოლანდია
ჰოლანდიურ ფეხბურთში პრობლემა უამრავია. საკლუბო კრიზისს რომ თავი დავანებოთ, ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ "ნარინჯისფერებმა" მსოფლიოს პირველობაც გააცდინონ. ეს კი ნაღდი კოშმარი იქნება. ამჟამად ჰოლანდია ჯგუფში მეოთხეა. წინ არიან არა მხოლოდ საფრანგეთი და შვედეთი, არამედ ბულგარეთიც. ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ გუნდი ბულგარეთთან წაგების შემდეგ უმწვრთნელოდ დარჩა.

უელსი
ევროპის ჩემპიონატის მთავარმა აღმოჩენამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩატარებული ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო. მართალია, მათ წაგება არ აქვთ, მაგრამ ამდენი ფრე (4) არაფრის გარანტიაა. ამ ჯგუფში სიტუაცია ძალიან ჩახლართულია. სერბეთი და ირლანდია მდევრებს ოთხი ქულით მოწყდნენ, თუმცა უელსს და ავსტრიას იმედი ჯერ არ გადაუწურავთ.

დანია
დიდია იმის შანსი, რომ დანიის ნაკრებმა ზედიზედ მესამე დიდი ტურნირი გამოტოვოს. კასპერ შმეიხელისა და კრისტიან ერიქსენის ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზეა. თითქმის გამორიცხულია, სკანდინავიელები ლიდერ პოლონეთს დაეწიონ.

უკრაინა
ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილი გუნდი ამ დროისათვის ჯგუფში მესამეა. წინ არიან ისლანდია და ხორვატია. შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში შევჩენკომ და კომპანიამ მტკივნეული მარცხი იწვნია ხორვატიაში. დამაინც, უკრაინა და თურქეთი შანსს ინარჩუნებენ.

ჩილე
ევროპისა არ იყოს, სამხრეთ ამერიკაშიც ძალიან რთული შესარჩევი სისტემაა. მუნდიალზე პირდაპირ ჯგუფის ოთხი საუკეთესო ნაკრები ხვდება. ცოტა ხნის წინ ხუთეულში არგენტინა არ იყო, ახლა კი ჩილე ჩამოქვეითდა. ალექსის სანჩესისა და არტურო ვიდალის გუნდი ისე მძლავრად ვეღარ თამაშობს, როგორც სამპაოლის მწვრთნელობის დროს ირჯებოდა. არაფერი გაუნაღდებიათ ჯერ ურუგვაის, არგენტინას და კოლუმბიას.

კამერუნი და ალჟირი
აფრიკაში მოულოდნელად შედგა "სიკვდილის ჯგუფი" - ნიგერია, კამერუნი, ზამბია და ალჟირი. მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ გამარჯვებული ხვდება. ჩათამაშდა ორი ტური ექვსიდან, მაგრამ მაჰრეზისა და სლიმანის ალჟირი უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება ნიგერიას. ალჟირზე ქულით მეტი აქვს კამერუნს, რომელმაც ცოტა ხნის წინ აფრიკის თასი მოიგო.

განა
განელებს უფრო მარტივი შესარჩევი ჯგუფი შეხვდათ, მაგრამ ისინი ლიდერ ეგვიპტეს ხუთი ქულით ჩამორჩებიან. ავრაამ გრანტი უკვე აღარ არის ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი. განელებს ძალების მაქსიმალური მობილიზება დასჭირდებათ, რათა მუნდიალი არ გამოტოვონ.

აშშ
დიდი ხანია იქმნება შთაბეჭდილება, რომ კონკაკაფის ზონისათვის სამნახევარი საგზური მუდიალზე მეტისმეტია. დამაინც, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები სერიოზულად რისკავს. გუნდი მეოთხე ადგილზეა. ცოტა ხნის წინანდელმა გამარჯვებამ ჰონდურასთან ამერიკელებს იმედი დაუბრუნა. ამ შეხვედრაში ჰეთ–თრიკი შეასრულა კლინტ დემპსიმ.

ავსტრალია
ავსტრალიის ნაკრები შესარჩევ ჯგუფში იაპონიასთან და საუდეთთან იბრძვის. სხვათა შორის, ნაკრებში კიდევ თამაშობს ვეტერანი ტიმ კეჰილი. ცოტა ხნის წინ ავსტრალიელთა მწვრთნელმა ენჯ პოსტენოღლუმ განაცხადა, რომ მისი გუნდი მხოლოდ მუნდიალზე გასვლით არ შემოიფარგლება, მაგრამ ჯერ მუნდიალის საგზური მოსაპოვებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული