რომ არა ჰარტი... ანუ ვინ ამოხსნის ინგლისურ თავსატეხს?

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისში ეროვნული ნაკრების თამაშით უკმაყოფილონი არიან. ეს არც არის გასაკვირი - ბოლო ორ შესარჩევში ჩვენ ვნახეთ უღიმღამო საშინაო გამარჯვება (2:0) მალტასთან და წვალებით მოპოვებული ქულა (0:0) ლუბლიანაში, რასაც "სამი ლომი" ჯო ჰარტის ბრწყინვალე "სეივებს" უნდა უმადლოდეს...

ამ ორ შეხვედრაში ინგლისის ნაკრებს გარეთ საუთგეიტმა უთავკაცა. ის დროებითი ფიგურაა ამ პოსტზე და დღეს ნაკლებად აფასებენ მის ავ-კარგს. მედია ყურადღებას ამახვილებს ცალკეულ ფეხბურთელებსა და სათამაშო რგოლებზე. აქ დასკვნა ერთია - დაცვა და ნახევარდაცვა იყო სრული კოშმარი. ჯო ჰარტის კართან
ამდენი საგოლე მომენტიც სწორედ ამ ორი რგოლის უსუსტესი გარჯისა და ბრიყვული შეცდომების გამო შეიქმნა.

ინდივიდუალურად, განსაკუთრებით სუსტად ითამაშეს ერიკ დაიერმა და კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა, რომელმაც 73-ე წუთზე სამკლავური უეინ რუნის გადაულოცა. რუნი კიდევ ცალკე თემაა და ამას ქვემოთ დავუბრუნდებით.

ექსპერტები თანხმდებიან იმაში, რომ უკანა ხაზში ერთადერთი ნათელი წერტილი 22 წლის ჯონ სტოუნზია, რომელსაც კარგად შეუძლია არა მარტო უშუალო მოვალეობების შესრულება, არამედ - ლიდერობაც და ეს არ უნდა იყოს შორეული მომავლის პერსპექტივა.

მიმომხილველთა აზრით, რიო ფერდინანდის შემდეგ ინგლისს არ ჰყოლია სტოუნზის დარი მცველი, რომელიც ჩინებულად გრძნობს სიტუაციასა და ბურთს, იბრძვის თავდადებით და აზღვევს "ჩაძინებულ" პარტნიორებს.

ეგოისტი სტარიჯი
საერთოდ, თავდამსხმელი რაღაც დოზით ეგოისტი უნდა იყოს, მაგრამ ამ დოზასაც გააჩნია. მთელ რიგ სიტუაციებში დენ სტარიჯს მართებდა, უფრო მეტად ეთამაშა პარტნიორებზე, ვიდრე საკუთარ თავზე.

ამ ორ მატჩში საუთგეიტმა 3 ფორვარდით ითამაშა. მოდით, ერთი წუთით დავანებოთ თავი ინგლისის ნაკრებს და ვნახოთ, როგორ არის საქმე "ლივერპულში", სადაც იურგენ კლოპი ასევე 3 თავდამსხმელით თამაშობს, ოღონდ ეს უკეთ გამოსდის მაშინ, როცა სტარიჯი ამ სამეულში არ ფიგურირებს.

ის გაცილებით პროდუქტიული იყო ადრე, ლუის სუარესთან წყვილში, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა და არ არის გამორიცხული, საუთგეიტიც დაფიქრდეს და 11 ნოემბერს, შოტლანდიასთან საშინაო მატჩში, ტაქტიკური სქემა ორ ფორვარდზე გადააწყოს.

ისე, სტარიჯისგან განსხვავებით, ჯეიმი ვარდი გაცილებით ბრძოლისუნარიანი და მოძრავია, მაგრამ საუთგეიტმა მალტასთან ის მხოლოდ 73-ე წუთიდან ათამაშა (სტარიჯი შეცვალა), ხოლო სლოვენიასთან საერთოდ არ გააკარა მინდორს.

დილემა: რა ვუყოთ რუნის?
ახლა უეინ რუნიზეც ვთქვათ. 30 წლის შემტევის თავს საგანგაშო ამბები ხდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის აღარც "მანჩესტერს" სჭირდება და აღარც - ნაკრებს. ვერც ჟოზე მოურინიო ჩამოყალიბდა ბოლომდე, რა პოზიციაზე უნდა ათამაშოს კაპიტანი და ეს თავსატეხი აღმოჩნდა საუთგეიტისთვისაც. მალტასთან მან რუნი ნახევარდაცვაში დააყენა, სლოვენიასთან კი 73-ე წუთიდან შეუშვა მინდორზე.

დროის ამ მონაკვეთში რუნიმ ღირებული ვერაფერი შესძინა გუნდს, თუ არ ჩავთვლით ერთ შორეულ, ეშმაკურ დარტყმას, რომელიც მცირე მანძილით ასცდა სლოვენიელთა კარს.

ის ჯერჯერობით მშვიდად (ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ასე ჩანს) უყურებს ამ ყველაფერს, პროტესტს არ გამოთქვამს იმის გამო, რომ ბოლო ხანს მოუხშირა სკამზე ჯდომას, მაგრამ, ცხადია, ბევრს ფიქრობს ამაზე...

რაიან გიგზი, რომლის მხარდამხარ რუნის უამრავი ბრძოლა გამოუვლია, ამბობს, რომ უეინი გაურკვევლობის მსხვერპლია.

"ძალიან ვწუხვარ მის გამო, - ამბობს გიგზი. - გასული სეზონის ბოლოს, ჯერ "მანჩესტერში" და მერეც ინგლისის ნაკრებში, ის უფრო სიღრმიდან თამაშობდა. მერე გადაიყვანეს "9" ნომრის პოზიციაზე, მერე "ათიანზე"... ამიტომ ის დღეს გაურკვევლობაშია. ჩემი აზრით, არ არის აუცილებელი, რუნი რომელიმე სპეციფიკურ პოზიციაზე თამაშობდეს. მას აქვს უდიდესი გამოცდილება და საიმისო ტალანტი, რომ არაერთ ამპლუაში ითამაშოს და მწვრთნელები ვალდებულნი არიან, ეს გუნდისთვის სასარგებლოდ გამოიყენონ".

ცნობისთვის, ინგლისის ნაკრებსა და "მანჩესტერში" ჩატარებულ ბოლო 13 მატჩში მან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული