მუნდიალი 2018. ფაქტები და ციფრები: ევროპის ყველა დროის ბომბარდირობისთვის

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზამ მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩების ორი ტური მოიცვა ევროპაში და ბევრი საინტერესოც მოხდა.

თუ გსურთ გაიგოთ, რომელმა გუნდმა შეწყვიტა 34-მატჩიანი წაუგებელი სერია ამ ტურნირზე და რომლის 56-მატჩიანი ისევ გრძელდება, ჩვენი სტატია უნდა წაიკითხოთ. ასევე შეაფასეთ, რა შანსები აქვს კრიშტიანო რონალდოს, გახდეს ევროპის ყველა დროის ბომბარდირი სანაკრებო მატჩებში...

* კრიშტიანო რონალდომ ორ შესარჩევ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ევროპის ნაკრებთა ყველა დროის ბომბარდირთა შორის მე-6 ადგილზე გადავიდა. ანდორასთან მატჩში (6:0) "რეალის" ვარსკვლავმა კარიერაში პირველი სანაკრებო პოკერი შეასრულა, ხოლო ფარერისკუნძულელებთან დაპირისპირებაში რონიმ
ერთი გოლი იკმარა.

ამრიგად, რონალდოს ანგარიშზე პორტუგალიის ნაკრებში 135 თამაშში 66 გოლია. კრიშტიანომ გადაასწრო ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელსაც შვედეთის ნაკრებში 62 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ მეტს ვეღარ შეაგდებს, რადგან ევრო 2016-ის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა. კრიშტიანო მხოლოდ ორ-ორი გოლით ჩამორჩება გერდ მიულერსა და რობი კინს (68-68) და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა წლეულსვე შეუძლია. მესამე ადგილზე მიროსლავ კლოზეა (გერმანია) - 71 გოლით, ხოლო მეორეზე - შანდორ კოჩიში (უნგრეთი) 75 გოლით. ალბათ, "სამეფო კლუბის" გოლეადორი ახლო მომავალში მათაც გაუსწრებს.

აი, პირველადგილოსანი ფერენც პუშკაშის (უნგრეთი) დაწევა კი პორტუგალიელს გაუჭირდება, "რეალის" უნგრელ ლეგენდას 85 გოლი აქვს გატანილი (89 მატჩში). აღსანიშნავია, რომ ყველა გოლი მან უნგრეთის ნაკრების მაისურით გაიტანა, ესპანეთის ნაკრებში მან ოთხი უგოლო მატჩი გამართა.

* კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში 2016 წელს 12 თამაშში 11 გოლი გაიტანა.

ავტოგოლი ტყუპისცალის კარში
* ნორვეგია-სან მარინოს მატჩში ასეთი ფაქტი მოხდა: მცველმა დავიდე სიმონჩინიმ თავის ტყუპისცალ ალდოს გაუტანა. ბუნებრივია, შემთხვევით.

* გერმანიის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში (2:0) უნიკალური სერია შეწყვიტა - მუნდიალის შესარჩევ მატჩებში ზედიზედ 10 შეხვედრაში გაჰქონდა მინიმუმ სამი გოლი, ახლა კი ვერ შეძლეს.

* სლოვენიის ნაკრების გოლკიპერმა იან ობლაკმა კარიერაში მე-100 მატჩი ითამაშა "მშრალზე".

* ლიტვა-მალტის მატჩზე (2:0) ერთ-ერთი ტრიბუნა ჩაინგრა. საბედნიეროდ, ხვრელში სასწაულებრივად გადაურჩა ჩავარდნას 12 წლის ბიჭი, რომელიც ბეტონის კონსტრუქციას მოეჭიდა და გადარჩა.

* იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრების თავკაცის პოსტზე 94-ე გამარჯვება იზეიმა. ამით იოგი ზეპ ჰერბერგერს გაუთანაბრდა. თანაც, თუ 56 წლის ლიოვს ამისთვის 141 თამაშის გამართვა ეყო, ჰერბერგერს 162 დასჭირდა. სხვათა შორის, ლიოვმა წინა ტურში ჰელმუტ შიონს გაუსწრო ნაკრებში თამაშების რაოდენობით და ახლა მხოლოდ იმავე ჰერბერგერს ჩამორჩება.

* სან მარინოს ნაკრები 1:4 დამარცხდა სტუმრად ნორვეგიის ნაკრებთან, მაგრამ ამ შეხვედრაში მატია სტეფანელის გატანილი ბურთი ისტორიულია - მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში სან მარინოს ნაკრებმა სტუმრად 15-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. ეს ფაქტი სანმარინოელებმა "ტვიტერზე" აღნიშნეს.

* ყაზახეთი-რუმინეთის თამაშის (0:0) წინ უცნობებმა რუმინელ ფეხბურთელებს ფული და პირადი ნივთები მოპარეს. რუმინელები სასტუმროს ფოიეში გაძარცვეს, როცა ისინი უამინდობის გამო ფოეიეში ატარებდნენ იმპროვიზებულ ვარჯიშს.

სერიები
* ჰოლანდიის ნაკრებმა "ამსტერდამ არენაზე" წარუმატებლად ითამაშა, 0:1 დათმო საფრანგეთთან, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს ამ გუნდის პირველი წაგებაა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ბოლო 15 წელიწადში. ბოლოს "ორანიემ" 2001 წლის სექტემბერში დათმო ირლანდიასთან. ასე რომ, ჰოლანდიელებს 34-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდათ. მხოლოდ ორ ნაკრებს ჰქონია უფრო ხანგრძლივი წაუგებელი სერია ამ ტურნირის საკვალიფიკაციო ციკლში - გერმანიას (36) და ესპანეთს (56). ამასთან, ესპანელების სერია ჯერ კიდევ გრძელდება.

უსწრაფესი გოლი
* ბელგიის ნაკრების ფორვარდმა კრისტიან ბენტეკემ ანდორას მე-7 წამზე გაუტანა. ეს გოლი არა მარტო ამ ციკლში, საერთოდ, მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში ყველაზე სწრაფია. აქამდე ყველაზე სწრაფი გოლი ამ ტურნირზე 1993 წელს გავიდა სან-მარინო-ინგლისის შეხვედრაში (მე-8 წამი). სანაკრებო დონეზე ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი კი გერმანელი ფორვარდი ლუკას პოდოლსკია, რომელმაც 2013 წელს ეკვადორთან ამხანაგური მატჩის მე-6 წამზე გაიტანა.

რა არის არგენტინა მესის გარეშე
* ამ შესარჩევ ციკლში არგენტინა, როცა ლიონელ მესი თამაშობს, აუცილებლად იგებს, როცა არა, არგენტინას მოგების პროცენტი 14 აქვს.

* ტონი კროოსი და მანუელ ნოიერი ნაკრებში თამაშების რიცხვით (74-74) მათიას ზამერს გაუთანაბრდნენ.

* პოლ პოგბამ საფრანგეთის ნაკრებში პირველად შეძლო გოლის გატანა საჯარიმოს გარედან.

* ნოლიტომ ესპანეთის ნაკრებში სულ 15 თამაში ითამაშა, მაგრამ 13 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 7 საგოლე პასი).

* ესპანეთის ნაკრებს აუცილებლად გააქვს მუნდიალის შესარჩევ მატჩებში უკვე 28 მატჩია. ამ შეხვედრებში "ფურია როხამ" 70 გოლი გაიტანა.

* გარეთ ბეილმა საქართველოს ნაკრებს გაუტანა. უელსელთა ლიდერს ახლა ბოლო 12 სანაკრებო მატჩში 13 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (9 გოლი, 4 საგოლე პასი).

* 2016 წელს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა - 8.

* პირველ-ორ ტურში ყველაზე მეტი პასი გააკეთა კოკემ (ესპანეთი) - 158 იტალიასთან თამაშში!

* ინგლისის ნაკრებმა სლოვენიასთან მატჩის პირველ ტაიმში საერთოდ ვერ შეძლო კარში დარტყმა.

* შესარჩევი ციკლის მესამე ტურში ყველაზე მეტი პასი ესპანეთის ნაკრებმა გააკეთა - 1002, მეორე ადგილზე გერმანიის ნაკრებია - 851.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული