მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა. XI ტური: დარჩება თუ არა მესი მუნდიალის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სამარცხვინო დღე ის გახლდათ, როდესაც "სელესაომ" გერმანიასთან მტკივნეული მარცხი იწვნია - 1:7.

"მინეირასო" ამჯერად აღარ განმეორდა და ტიტემ ბრაზილიელებს საძულველ მეტოქე არგენტინასთან დამაჯერებლად მოაგებინა. ედგარდო ბაუსას ლიონელ მესის დაბრუნებამაც ვერ უშველა. ლეოსა და მის მეგობრებს ბევრი არაფერი გამოუვიდათ და კვლავ ხუთეულს მიღმა რჩებიან. ბრაზილიამ შეხვედრა გაცილებით უკეთ ჩაატარა და სავსებით დამსახურებულად იმარჯვა.

პირველი მომენტი არგენტინელებმა შექმნეს, ბილიამ შორიდან კარგად დაარტყა, მაგრამ ალისონმა ურთულესი ბურთი მოიგერია. ამის მერე კი… ფილიპე კოუტინიომ თავის სტილში შეაგდო
- ბურთი ნეიმარისგან მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და შორეულ კუთხეში გაუშვა. ტაიმის მიწურულს თავად ნეიმარმაც იხეირა. როდესაც "ალბისელესტეს" დაცვის ხაზი ჩავარდა, გაბრიელ ჟესუსის პასის შემდეგ არგენტინელთა ოთხი მცველი უქმად დარჩა და რომეროსთან პირისპირ დარჩენილ ნეიმარს გატანა აღარ გასჭირვებია.

წერტილი პაულინიომ დასვა, რომელსაც გატანა იქამდეც შეეძლო და ზოგადად, ბრაზილიელებს კიდევ არაერთი შანსი ჰქონდათ. მესამე გოლი, რომელიც უკვე დანამდვილებით გამარჯვების მანიშნებელი იყო, ბიჭებთან ერთად ტიტემაც იზეიმა და ამისთვის 55 წლის სპეციალისტმა ბევრი ირბინა. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება ცოტა ხნის წინათ გარდაცვლილი კარლოს ალბერტოს ხსოვნას ეძღვნებოდა.

"ჩემი მოსვლის მერე 5 მატჩი ჩავატარეთ. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშითა და შედეგებით. ხუთივე მოვიგეთ, ამას ნამდვილად არ ველოდი. თუმცა ამ გუნდს კიდევ მეტი პოტენციალი აქვს, მომატება შეუძლია და უნდა მოვუმატოთ კიდეც. რთული მონაკვეთების გადატანაც უკეთ უნდა ვისწავლოთ. როდესაც არგენტინამ იაქტიურა, გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. მთლიანობაში, უფრო რთულ მატჩს ველოდი.

კოუტინიოს გოლი ძალიან დაგვეხმარა, ანგარიშის გახსნა მნიშვნელოვანი გახლდათ. ამის მერე არგენტინას თამაშის "გახსნა" მოუწია და ჩვენ სივრცე გაგვიჩნდა. მაინც იყო რამდენიმე მონაკვეთი, როდესაც მეტოქემ გვაჯობა. თანაც, ფერნანდინიო ყვითელი ბარათის მერე უფრო შებოჭილი გახლდათ. ჩვენ ვცდილობდით, მესისთვის რაც შეიძლება ნაკლები სივრცე დაგვეტოვებინა. ახლა კი მომავალ თამაშებზე უნდა ვიფიქროთ და მუშაობა გავაგრძელოთ" - აღნიშნა ტიტემ, რომლის გუნდსაც შემდეგი მატჩი პერუში აქვს.

"რასაკვირველია, ყველანი ძალიან უკმაყოფილონი და გულდაწყვეტილნი ვართ, როგორც თამაშით, ასევე ანგარიშით. მეორე გოლი ტაიმის მიწურულს გავუშვით და იქამდე თანაბარი თამაში მიდიოდა. ამის შემდეგ კი ავირიეთ და მეტოქეს ბევრის საშუალება მივეცით, თავად კი შანსები ვერ შევქმენით" - ამბობდა დამწუხრებული მესი.

ლეოს იმაზეც ჰკითხეს, რამდენად დარწმუნებულია ამ ყველაფრის გათვალისწინებით იმაში, რომ არგენტინა 2018 წელს რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდება. ცოტა დაბნეულმა მესიმ ასე უპასუხა: "რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. კიდევ ბევრი მატჩი დარჩა. 8, 6, თუ 7? ბევრი ქულა დარჩა გასათამაშებელი და ჩვენ შეგვიძლია მიზნის მიღწევა. ახლა კოლუმბიასთან შეხვედრაზე უნდა გადავერთოთ და თამაში სასწრაფოდ გამოვასწოროთ".

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხია. ცუდად არ ვთამაშობდით, მაგრამ ერთი შეცდომა დავუშვით და პირველი გოლიც გავიდა. მეორე გაშვებულმა ბურთმა კი საერთოდ გაგვირთულა ყველაფერი. მიუხედავად ამისა, პოზიტიურ განწყობაზე უნდა დავრჩეთ, რადგან წინ მნიშვნელოვანი მატჩებია. ვიცოდით და ბუნებრივიც იყო, რომ ბრაზილიასთან ადვილი თამაში არ იქნებოდა.

პირველმა გოლმა უსიამოვნოდ გაგვაოცა, მეორემ კი მოგვკლა. მეორე ნახევარში უკვე ძალიან არაორგანიზებულად ვთამაშობდით. მზად ვართ კრიტიკისთვისაც, რაც მოხდება კიდეც, რადგან ხალხს არგენტინაში მოთმინების უნარი არ აქვს. მთავარია, მომავალი შეხვედრებისთვის კარგად მოვემზადოთ, რომ სასურველი შედეგი მოვიდეს" - თქვა ედგარდო ბაუსამ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


***
კოლუმბიასა და ჩილეს შორის პრინციპული მატჩი გაიმართა და უგოლოდ დასრულდა. ბევრი, შესაძლოა, არ ელოდა, რომ ეს გუნდები ერთ გოლსაც ვერ გაიტანდნენ, მაგრამ შეხვედრა ძალიან ფრთხილი გამოდგა და მომენტებიც მრავლად არ შექმნილა. ჩილელებს ალექსის სანჩესი აკლდათ და პიციმ გუნდი უფრო ქულაზე ათამაშა. კოლუმბიელებს მეტი შანსი ჰქონდათ და მოგებაც უფრო შეეძლოთ. თუნდაც, რადამელ ფალკაოს, რომელიც შეცვლაზე შევიდა, მშვენიერი შანსი ჰქონდა.

***
ურუგვაის ნაკრები მეორე ადგილზე მყარად რჩება და ლიდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ოსკარ ტაბარესის ბიჭებმა "კერკეტ კაკალ" ეკვადორს აჯობეს. მართალია, ეკვადორელებმა გაიბრძოლეს და ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ მასპინძლებმა, საბოლოო ჯამში, თავისას მაინც მიაღწიეს.

მასპინძელთა ორივე გოლისას საგოლე პასი კარლოს სანჩესმა გააკეთა. შუალედში კი თავით ეკვადორელთა გოლეადორმა ფილიპე კაისედომ შეაგდო. ამ უკანასკნელმა პიტველი ტაიმის ბოლო წუთზე შეაგდო და გუნდები შესვენებაზე თითქოს, 1:1-ზე უნდა გასულიყვნენ, მაგრამ ურუგვაელებმა უმალვე უპასუხეს და საბოლოოდ შეხვედრა ასეც მორჩა. მეორე ნახევარში ეკვადორს ერთი-ორი მომენტი კი შეექმნა, მაგრამ მთლიანობაში ურუგვაიმ მეტოქეს აჯობა.

***
ვენესუელას საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს და ძალიან უცნაურიც იყო, რომ გუნდი ბოლო ადგილზე იმყოფებოდა. ეს შესარჩევი ციკლი გუნდმა ჩააგდო და ამას ვეღარ გამოასწორებს, მაგრამ სიტუაციის ოდნავ უკეთესობისკენ შეცვლა ნამდვილად შეიძლება და ვენესუელელებმაც ადვილად მოუგეს ბოლივიას, რომელიც ცხრილის ფსკერზე გადაუშვეს.

ვენესუელელთა მხრიდან საუკეთესო ჯოზეფ მარტინესი გახლდათ, იტალიური "ტორინოს" თავდამსხმელმა ჰეთ თრიკი შეასრულა.

***
პარაგვაისა და პერუს შეხვედრაში სტუმრების გამარჯვებას სენსაციას ვერ დავარქმევთ, მაგრამ ანგარიში ცოტა მოულოდნელი იყო. პერუელებმა მეორე ტაიმში გაილაღეს და მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლის შანსი ერთიორად გაიზარდეს. არადა, პირველი ტაიმი პარაგვაიმ მოიგო, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, კოლუმბიისა და ჩილეს ფრით და არგენტინის ფიასკოთი კარგად ისარგებლებდა, პერუსაც ახლოს არ მოუშვებდა, მაგრამ...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრაზილია-არგენტინა 3:0
გოლები: 1:0 კოუტინიო (25), 2:0 ნეიმარი (45+1), 3:0 პაულინიო (58)
ბრაზილია (4-1-4-1): ალისონი - დანი ალვეში, მარკინიოსი, მირანდა (87. ტიაგო სილვა), მარსელო - ფერნანდინიო - პაულინიო, რენატო აუგუსტო, კოუტინიო (85. დუგლას კოსტა), ნეიმარი - გაბრიელ ჟესუსი (82. ფირმინო)
არგენტინა (4-4-1-1): რომერო - საბალეტა, ოტამენდი, რამირო ფუნეს მორი, მასი - ენცო პერესი (46. აგუერო), ბილია, მასკერანო, დი მარია (71. კორეა) - მესი - იგუაინი

ურუგვაი-ეკვადორი 2:1
გოლები: 1:0 კოატესი (12), 1:1 კაისედო (45), 2:1 როლანი (45+1)

პარაგვაი-პერუ 1:4
გოლები: 1:0 რივეროსი (10), 1:1 რამოსი (49), 1:2 ფლორესი (71), 1:3 კუევა (79), 1:4 ბენიტესი (84-ს.კ-ში)

ვენესუელა-ბოლივია 5:0
გოლები: 1:0 კუფატი (3), 2:0 მარტინესი (10), 3:0 მარტინესი (67), 4:0 მარტინესი (70), 5:0 ოტერო (74)

კოლუმბია-ჩილე 0:0

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 11 7 3 1 26-9 24
2. ურუგვაი 11 7 2 2 23-8 23
3. კოლუმბია 11 5 3 3 15-12 18
4. ეკვადორი 11 5 2 4 19-16 17
5. ჩილე 11 5 2 4 18-16 17
6. არგენტინა 11 4 4 3 11-12 16
7. პარაგვაი 11 4 3 4 11-16 15
8. პერუ 11 4 2 5 18-18 14
9. ვენესუელა 11 1 2 8 14-26 5
10. ბოლივია 11 1 1 9 9-31 4

15 ნოემბერი
ბოლივია-პარაგვაი
ეკვადორი-ვენესუელა
ჩილე-ურუგვაი
არგენტინა-კოლუმბია
პერუ-ბრაზილია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ დარჩებიან, მხოლოდ საკუთარ ფედერაციას დააბრალონ - დიეგო სიმეონეს დარი მწვრთნელი გყავდეს და ტყეში პანტას ეძებდე, ვერც მესი გიშველის და ვეღარც მარადონა....
მსქროლავი ტროლი
10:41 14-11-2016
0

სიახლეები პოპულარული