შეიცვლება მუნდიალის ფორმატი? - ფიფას ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში

AutoSharing Option
2017 წლის იანვარში, ანუ სულ მალე, ფიფას აღმასკომის სხდომა გაიმართება, რომელზეც შესაძლოა, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღონ და მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა გაზარდონ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მუნდიალზე 32 გუნდი მონაწილეობდა და ამ ფორმატით, მსოფლიოს ყველაზე დიდი საფეხბურთო ტურნირი 1998 წლიდან ტარდება.

40 თუ 48?
ფიფას ახალი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გუნდების გაზრდას დიდი ხანია, უჭერს მხარს და ეს მის საარჩევნო პროგრამაშიც დიდი დოზებით იყო. ინფანტინო გუნდების რაოდენობის 40-მდე გაზრდაზე საუბრობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად აირჩიეს, ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და 48 გახდა.
დიახ, ინფანტინო სულ უფრო ხშირად საუბრობს 48-გუნდიან მუნდიალზე და აქვე, მისი ბოლო კომენტარი აღნიშნულის შესახებ:

"უნდა გავითავისოთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი არა მარტო სპორტული ტურნირი, არამედ უდიდესი სოციალური მოვლენაა, რომელიც მილიონობით და მილიარდობით ადამიანს აერთიანებს.

შესაბამისად, ამ მოვლენამ ფეხი უნდა აუწყოს ამ მასობრიობას და გახდეს კიდევ უფრო საინტერესო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ხომ ნახეთ, როგორი ენთუზიაზმით ითამაშეს ევროპის ჩემპიონატზე იმ გუნდებმა, რომლებიც იქ ვერ მოხვდებოდნენ, რომ არა გუნდების რაოდენობის გაზრდა.

ევრო 2016-ის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად მაღალი იყო და ეს სწორედ გუნდების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა. თუ ჩემპიონატში 48 გუნდი ითამაშებს, მატჩების რაოდენობა 64-დან 80-მდე გაიზრდება და პირადად მე, ამას მხოლოდ მივესალმები".

რა ფორმატით ჩატარდება 48-გუნდიანი მუნდიალი?
თუ ფიფას აღმასკომმა პრეზიდენტის პოზიცია გაიზიარა და გუნდების რაოდენობა 48-მდე გაიზარდა, ბუნებრივია, რომ ტურნირის ფორმატიც შეიცვლება. ერთი ვერსიით, გაკეთდება 16 ჯგუფი, რომლებშიც 3-3 გუნდი იასპარეზებს. ნაკრებები ჯგუფში 2-2 მატჩს გამართავენ და ორი საუკეთესო გუნდი პლეი ოფში, ანუ 1/16-ფინალიდან გააგრძელებს ასპარეზობას.

ეს ფორმატი გარკვეულ პრობლემებს ქმნის, რადგან დიდია შანსი, რომ სამმა გუნდმა ჯგუფში ერთი და იგივე ოდენობის ქულა დააგროვოს და ბურთების შეფარდებაც დაემთხვეს. ამიტომ ფიფაში იმაზეც კი საუბრობენ, რომ ჯგუფში საყაიმო შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, გუნდებმა თერთმეტმეტრიანები დაარტყან და ვინც მოიგებს, ბონუს-ქულაც იმას დაემატოს.

არის მეორე ვარიანტი, რომელსაც უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს - მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება 48 გუნდი, რომელთაგან 16 პირდაპირ ჯგუფში ჩაჯდება, დარჩენილი 32 კი საკვალიფიკაციო ეტაპს იქვე, მუნდიალის მასპინძელ ქვეყანაში ითამაშებს და შედეგად, მეორე 16-ეულიც გამოვლინდება. ასე დაკომპლექტდება 32 გუნდი და ჯგუფური ეტაპი გაგრძელდება იმ ფორმატით, რომელიც ბოლო მუნდიალზე იყო.

თუ გუნდების რაოდენობა 40-მდე გაიზარდა, ასევე ორი ვარიანტი განიხილება: 8 ჯგუფი 5-5 გუნდის მონაწილეობით და 10 ჯგუფი 4-4 გუნდის მონაწილეობით.

ახალი გუნდები ყველა კონფედერაციიდან
როდესაც ჯანი ინფანტინო ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებისას, მუნდიალზე გუნდების რაოდენობის 40-მდე გაზრდას გვპირდებოდა, იმასაც აკონკრეტებდა, რომ 8 ახალი გუნდიდან 2 აფრიკას დაემატებოდა, 2 აზიას, 2 სამხრეთ ამერიკას, თითო კი - ოკეანეთს და ევროპას.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ რომელი კონფედერაცია რამდენ კვოტას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ გუნდების რაოდენობა 48-მდე გაიზრდება, თუმცა წინასწარი პროგნოზით, ევროპა სხვებზე მეტად დაიჩაგრება.

პლუსები და მინუსები
ევროპის ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა 16-დან 24-მდე გაიზარდა და დიდი ალბათობით, იგივე ბედი ელის მუნდიალსაც. ფეხბურთი ვითარდება და ლოგიკურიც არის, რომ დიდ ტურნირებზე გუნდების რაოდენობა იმატებს. რა პლუსები და მინუსები შეიძლება ჰქონდეს მუნდიალზე გუნდების რაოდენობის გაზრდას?

მინუსია ის, რომ ირღვევა 32-გუნდიანი ფორმატი, რომელიც იდეალურად გამოიყურება: გუნდები 8 ჯგუფში 4-4-ად არიან განაწილებულნი, 2-2 კი 1/8-ფინალიდან აგრძელებს ბრძოლას. ფორმატი აშკარად დახვეწილია და შეიძლება ითქვას, იდეალური, რომელიც დაირღვევა ორივე შემთხვევაში - გნებავთ, 40-გუნდიანი გახდეს მუნდიალი და გნებავთ, 48-იანი.

სარისკოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე შედარებით დაბალი დონის გუნდები მოხვდნენ და შესაბამისად, ტურნირის საერთო დონე დაეცეს. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე უხვად არის ისეთი მატჩები, რომლებიც გულშემატკივართა დიდ აუდიტორიას არ იზიდავს, ეს, რა თქმა უნდა, ტურნირის მინუსია. ამასთან, შესაძლოა, ტრიბუნებზე ცარიელი ადგილები გაჩნდეს, რაც მუნდიალის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

პლუსი ის გახლავთ, რაზეც ჯანი ინფანტინომ ისაუბრა - მუნდიალი კიდევ უფრო მასობრივი გახდება და კიდევ უფრო მეტ ქვეყანას გააერთიანებს. ფაქტია, რომ ფეხბურთის თამაში თითქმის ყველამ ისწავლა, კონკურენცია არნახულად გაიზარდა, ამ პროცესს კი ფეხის აწყობა სჭირდება.

ფაქტია ისიც, რომ მაგალითად, ჰოლანდიის ნაკრები 24-გუნდიან ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდების გაზრდილი ოდენობის პირობებშიც, შესარჩევი ეტაპი ინარჩუნებს ინტრიგას. ფეხბურთი ვითარდება, სულ უფრო მასობრივი ხდება და ეს თავისთავად ითხოვს რეფორმებს, მათ შორის, გუნდების რაოდენობის ზრდას დიდ ფორუმებზე...

როდიდან?
თუ ფიფას აღმასკომმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის გაზრდა დაამტკიცა, ახალი ფორმატით 2026 წლის მუნდიალს ვიხილავთ, რომელიც სავარაუდოდ, ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარდება და მასპინძელი ან აშშ იქნება, ან კანადა, ან მექსიკა, ან ეს ქვეყნები ერთობლივ განაცხადს გააკეთებენ. იქამდე 2022 წლის ყატარის მუნდიალია და თეორიულად არც ისაა გამორიცხული, რომ გუნდების რაოდენობა სწორედ ყატარულ ჩემპიონატზე გაზარდონ.

ყველაფერი ფიფას აღმასკომის სხდომაზე გადაწყდება და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, ქვემოთ კი საინტერესო კომეტარებს გაეცნობით აღნიშნული თემის შესახებ...

მიშელ პლატინი (უეფას ყოფილი პრეზიდენტი): "პირადად მე, ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი ევროპის ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის გაზრდის და ბუნებრივია, რომ იმავე პროცესს ვუჭერ მხარს მუნდიალზეც. ფეხბურთი არ არის ელიტური ქვეყნების სპორტი და ეს კარგად უნდა გავიგოთ. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა 40-მდე უნდა გაიზარდოს, თუმცა 48-გუნდიანი ფორმატიც სერიოზულ განხილვას საჭიროებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ამ პროცესს მხოლოდ მხარს ვუჭერ".

ალექსანდერ ჩეფერინი (უეფას პრეზიდენტი): "ფიფაში ეს საკითხი აქტიურად განიხილება და უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილებას მიიღებენ, უცნაური კი ის გახლავთ, რომ კონფედერაციებთან და მათ შორის, უეფასთან მჭიდრო თანამშომლობა და კონსულტაციები არ ყოფილა. ჩემი პოზიცია? - ევროპის ჩემპიონატმა გვიჩვენა, რომ გუნდების რაოდენობის გაზრდას გაცილებით მეტი პლუსი ჰქონდა, ვიდრე მინუსი და ჩემი პოზიციაც მგონი გასაგებია".

არსენ ვენგერი: "რა საჭიროა მუნდიალზე გუნდების რაოდენობის გაზრდა? - თუ ვინმე მეტყვის, რომ ამით ჩემპიონატის დონე ამაღლდება, ალბათ, ვერ დავეთანხმები. ვფიქრობ, უინტერესო მატჩების რაოდენობა მოიმატებს და ეს ფეხბურთს არ წაადგება. თუმცა, ეს ჩემი თემა არაა, იმსჯელებს ფიფაში უფრო კომპეტენტური ხალხი და იმედია, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ".

ალექს ფერგიუსონი: "თუ ევროპის ჩემპიონატს გავიხსენებთ, დაძაბული და საინტერესო ტურნირი გამოვიდა. აშკარაა, რომ გუნდების საერთო დონე გათანაბრდა და იოლად არავინ არაფერს თმობს. თუ მუნდიალზე გუნდების რაოდენობა 48-მდე გაიზარდა, ამით კონკურენცია არ შემცირდება და დარწმუნებული ვარ, თამაშების აბსოლუტური უმრავლესობა დაძაბული იქნება. თუმცა, მეორე საკითხია სანახაობრივი მხარე, რომელიც შეიძლება შემცირდეს. ერთია, როდესაც გუნდს შეუძლია ბოლომდე იბრძოლოს და მეორე, სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენოს, რაც კიდევ უფრო რთულია".

იოახიმ ლიოვი: "ჩემი აზრით, გუნდების რაოდენობა არ უნდა გაიზარდოს, რადგან ეს მხოლოდ უარყოფითად აისახება ტურნირის საერთო დონესა და სანახაობრივ მხარეზე. რა პლუსი შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ მუნდიალზე ბევრ დაბალი დონის თამაშს ვიხილავთ? - ვფიქრობ, ამით, შესარჩევი ეტაპიც დაკარგავს ინტრიგას. ეს საკითხი ფიფამ უნდა გადაწყვიტოს და სხვის კომპეტენციაში არ ვერევი, მაგრამ ვგონებ, 32-გუნდიანი მუნდიალი ოპტიმალურია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მაგარი იქნება უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება და ჩვენაირ გუნდებს შანსი ექნება მუნდიალზე მოხვედრის.ვოცნებობ რო მოვესწრო საქართველოს მუნდიალზე მონაწილეობას
buxrika
11:18 14-12-2016
0
სულაც რომ 100 გუნდიანი ჩემპიონატი გაკეთდეს დარწმუნებული ვარ ჩვენ მაინც ვერ გავალთ...ასე რომ არ ღირს ამაზე ნერვიულობა მეგობრებო
თემო
11:44 14-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული