41 წლის დევიდი პარიზში იმყოფებოდა. ინგლისელი კლუბის ბაზას ეწვია და ყოფილი გუნდელებიც მოინახულა. "პარი სენ-ჟერმენის" ოფიციალურმა ტელეარხმა ხელიდან არ გაუშვა
- დევიდ, ამჟამად რას აკეთებთ პარიზში?
- ნებისმიერი მცირე მიზეზიც კი კარგია, რომ პარიზში დაბრუნდე, მაგრამ პირველად მოხდა, რომ პსჟ-ის საწვრთნელ ბაზას ვეწვიე, მას მერე, რაც ფეხბურთს დავემშვიდობე 2013 წელს. თუმცა ქალაქში რამდენჯერმე ვიყავი და "პარკ დე პრენსზე" რამდენიმე შეხვედრას დავესწარი. დიდებულია აქ დაბრუნება, ეს ხომ ჩემი მეორე სახლია.
- თქვენ ალბათ შეამჩნევდით იმ ცვლილებებს, რაც ორედოს საწვრთნელმა ბაზამ განიცადა მას მერე, რაც თქვენ იქ არ ყოფილხართ...
- დიახ, ბევრი წვრილმანია შეცვლილი, მაგრამ ის გრძნობა, რომ ოჯახში ხარ, ისევ შევიგრძენი. ასე რომ, მთავარი რამე არ შეცვლილა. საწვრთნელი ბაზა ის ადგილია, სადაც თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, გასახდელი დიდად შეცვლილია, პსჟ-ში ახლა სულ სხვა ფეხბურთელები თამაშობენ, სულ სხვა მწვრთნელია და სამწვრთნელო შტაბი, მაგრამ უდიდესი ენერგია ისევ ისე იგრძნობა. ხალხი ისევ საუკეთესო ირევა იქ.
- რა მოგონებები დაგრჩათ "პარი სენ-ჟერმენში" თამაშისგან?
- "პარი სენ-ჟერმენი" საოცარი, სპეციალური კლუბია. აქ მე დიდებული დრო გავატარე. ყოველთვის მსურდა, რომ უფრო დიდხანს ვყოფილიყავი პარიზში, მაგრამ ჩემი საფეხბურთო დრო მაშინ იწურებოდა და ვერაფერს შევცვლიდი. აქ დაბრუნება ძალიან მიხარია. იმის მიუხედავად, რომ პსჟ-ში მხოლოდ 6 თვე გავატარე, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქ 6, ან სულაც 10 წელიწადი ვითამაშე. ბიჭებმაც, ძველმა შემორჩენილმა გუნდელებმაც ისე მიმიღეს, თითქოს, მთელი კარიერა აქ გამეტარებინოს.
- თუმცა იმ ექვს თვეში თქვენ შეძელით საფრანგეთის ჩემპიონატის მოგება...
- ტიტულის მოგება კარიერის მიწურულს საოცარი რამ იყო. პარიზში ცხოვრება და პსჟ-ში თამაში ჩემი კარიერის გამორჩეულ ნაწილად მიმაჩნია. დიდ ფეხბურთელებთან ერთად მომიწია თამაში, რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი მახსენდება. მიხარია, რომ ასე მცირე დროის მიუხედავად, კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდი. მაშინდელი მოგებები ძალიან კარგად მახსენდება. კარიერა აქ დავასრულე და ესეც წარუშლელი შთაბეჭდილებაა.
- როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ აქაურ ფანებთან?
- პსჟ-ის ფანები ექსტრაორდინარული ხალხია. მათ როცა ვუყურებ, ასე მგონია, პსჟ-ის წარმატებებს 20 წელია ვზეიმობ. პარიზი ძალიან ბევრი რამის გამო მიყვარს, პსჟ-ის ფანები კი ერთ-ერთი მიზეზია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"