უნაი ემერი - "ბარსელონას" დამმარცხებელის უცნობი ისტორიები

AutoSharing Option
არავინ იცის, როგორ დასრულდება "პარი სენ-ჟერმენისათვის" ოდისეა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ უნაი ემერის ხელმძღვანელობით ამ გუნდმა უკვე ჩაწერა ოქროს ასოები თავის არცთუ ღარიბ ისტორიაში, როცა ბრწყინვალე სტილში შინ გაანადგურა "ბარსელონა".

გამარჯვების მთავარი შემომქმედი გახლდათ ბასკი მწვრთნელი, ვისი სამწვრთნელო მზეც, ბევრის პროგნოზით, ამ დროს საბოლოოდ უნდა ყოფილიყო ჩასვენებული.

მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა ემერის აღმავლობას მას შემდეგ, როცა ის მოსკოვის "სპარტაკის" თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლეს. ჩვენც ემერიზე თხრობა იმ დროიდან დავიწყოთ, როცა მან რუსული კლუბი დატოვა.

პირველი, რაც ემერიმ გააკეთა იყო ის, რომ ჩავიდა მშობლიურ
ქალაქ ონდარიბაში, რომელიც ბასკეთში მდებარეობს. ის ყოველთვის მშობლიურ ქალაქს უბრუნდება, როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი უდგას. ამის შემდეგ ამობრწყინდა მისი სამწვრთნელო ვარსკვლავი. ემერი შევიდა მის საყვარელ რესტორანში. მზარეულმა ელენა სალდანიამ მას მოუმზადა საყვარელი კერძი, თევზი ხეკი ნივრითა და მაიონეზით.

"ჩემს ქალაქში მზე სულ სხვანაირად ამოდის. ეს არის ადგილი, სადაც ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ თავს." - თქვა ემერიმ ერთ-ერთ ტელეშოუში. სხვათა შორის, ემერის ბაბუა ფეხბურთელი იყო და ესპანეთის ნაკრებში მხოლოდ იმიტომ არ ითამაშა, რომ მამამის მოქალაქეობის გრაფაში ესპანეთის ნაცვლად საფრანგეთი ეწერა. ფეხბურთელი იყო ემერის მამაც.

ჩვენი გმირის კარიერა "სოსიედადის" მეორე გუნდში დაიწყო. მერე ძალიან მცირე ხნით ითამაშა პირველ გუნდში. პრიმერაში გაიტანა ერთი გოლი და ის იღბლიანი ბურთი სახლში წაიღო. როგორც "სოსიედადში" ემერის თანაგუნდელები და მწვრთნელები იხსენებენ, უნაის ხელი იმანაც შეუშალა, რომ ძალიან პატარა გაბარიტებისა იყო.

მისი საფეხბურთო კარიერა დაბლა და დაბლა წავიდა. კარიერის ბოლოს მან შედარებით ნაკლებად ცნობილ გუნდებში თამაშობდა. კარიერა დაასრულა "ლორკაში". ერთხელ ამ გუნდს მწვრთნელი დასჭირდა. ემერიმ უთხრა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ მზად იყო, ეს ტვირთი საკუთარ თავზე აეღო.

ამ დროს "ლორკას" პრეზიდენტი მხოლოდ 27 წლის იყო და მან რისკი გასწია. თავად ემერი კი უკვე ფიქრობდა მწვრთნელობაზე. ის "რეალისა" და "ბარსელონას" ვარჯიშებს ყურადღებით უცქერდა. "ლორკა" ლიგის ყველაზე შედეგიანი გუნდი გახდა. არადა, კლუბის სატრანსფერო ბიუჯეტი მხოლოდ 16 ათასი ევრო იყო.

უნაიმ "ლორკა" აღაზევა, თუმცა მას შემდეგ, რაც 2012 წელს გუნდი დატოვა და "ალმერიაში" წავიდა სამუშაოდ, ის ისევ "თავის" მესამე ლიგაში გავარდა. ყველა მიხვდა, რომ გუნდის მიღწევები მხოლოდ და მხოლოდ ემერის დამსახურება იყო.
"ალმერიაში" ემერიმ პირველი სამი მატჩი წააგო. მაშინ მან თავისთან იხმო კლუბის საუკეთესო ბომბარდირი როდრიგესი.

"თუ შენ არ შეცვლი შენს თამაშის სტილს, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში აღარ იქნები. უთხარი ბიჭებს, რომ მათ გუნდურად უნდა ითამაშონ, ჩვენ ერთმანეთისთვის უნდა ვიყოთ მინდორზე." - უთხრა ემერიმ როდრიგესს. მომდევნო შეხვედრაში "ალმერიას" ფეხბურთელებმა ორი წითელი ბარათი მიიღეს, ოღონდ გუნდმა ის მატჩი მაინც მოიგო. სეზონის შედეგების მიხედვით კი პროვინციული კლუბი ესპანურ პრიმერაში აღზევდა.

"ალმერიამ" პრიმერას სეზონი სამი ახალწვეულით დაიწყო. ესენი იყვნენ მეკარე დიეგო ალვეში, "რეალის" დუბლშემადგენლობის ფორვარდი ალვარო ნეგრედო და ბრაზილიელი საყრდენი ფელიპე მელო. მელომ პირველივე ამხანაგურ შეხვედრაში საშინლად იუხეშა და კლუბის პრზიდენტმა ემერის უთხრა, ეს არანორმალური ვინ იყიდეთო. ემერიმ პრეზიდენტს უპასუხა, ის რომ ნორმალური იყოს, ჩვენ მის ყიდვას ვერ შევძლებდითო.

გასაგებია, რომ ემერის "ვალენსიამ" ვერ მიაღწია დიდ წარმატებას, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. გუნდს ფინანსური კრიზისი ჰქონდა. ფეხბურთელები მხოლოდ ეპიზოდურად იღებდნენ ხელფასს და გუნდს შინასკანდალები არყევდა.
სამაგიეროდ, ემერის კარგად წაუვიდა საქმეები და ჩამოყალიბდა ევროპალიგის სისტემატურად მომგებ სპეციალისტად. ამას მოჰყვა "სენ-ჟერმენი". მის გუნდს საერთო არაფერი აქვს ლორან ბლანის მონოტონურ გუნდთან.

დავამატოთ ამას ისიც, რომ ემერის თამაში "მანჩესტერ იუნაიტედში" წასული ლიდერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე უწევს. ამის მიუხედავად, გუნდი მაინც კარგად თამაშობს. საფრანგეთის ჩემპიონატში ჯერ "სენ-ჟერმენი" პირველი ვერ არის, მაგრამ ეს ალბათ, იმითაცაა გამოწვეული, რომ გუნდი ძალებს ზოგავს.

"ჩვენს თამაშში არ უნდა იყოს მოსაწყენი მომენტები. უნდა ჩანდეს გული, ემოცია და კლასი. ესაა ის ფეხბურთი, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. და კიდევ ერთი - "სენ-ჟერმენი" გრანდია და მან ისე უნდა ითამაშოს, როგორც ნამდვილმა გრანდმა." - ამბობს ემერი.

ვისაც ბასკი სპეციალისტი ერთხელ მაინც უნახავს თამაშის დროს, დაგვეთანხმება, რომ ბასკს ამ მხრივ პრობლემა არ აქვს. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. "ჩემი ემოციურობა? აქ საქმე ისაა, რომ მე საქმის ბოლომდე კეთება მიყვარს." - ამბობს ემერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული