ბენჟამინ მენდი (საფრანგეთი)
მარცხენა მცველი, 22 წლის. ფასი: 9 მილიონი ევრო.
ცოტა ხნის წინათ, ისე ცუდად თამაშობდა "მარსელში", რომ ცნობილმა ჟურნალისტმა, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ერიკ დი მეკომ თქვა, თუ მენდი ოდესმე საფრანგეთის ნაკრებში მოხვდება, მზად ვარ, ვირთხა შევჭამოო.
მენდი დიდებულია "მონაკოში" და მას ეროვნულ გუნდშიც იწვევენ. მისი გადაბირება ისეთ კლუბებს სურთ, როგორებიც არიან
ჯიბრილ სიდიბე (საფრანგეთი)
მარჯვენა მცველი, 24 წლის. ფასი: 14 მილიონი ევრო.
ზაფხულში "ლილის" მცველი კინაღამ ლონდონში აღმოჩნდა. არსენ ვენგერმა მას "არსენალში" გადასვლა შესთავაზა. სიდიბემ იუარა, რადგან მას უნდოდა, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ყოფილიყო. "არსენალის" ბოსმა კი მას ამის გარანტია ვერ მისცა. ფეერული სეზონის შემდეგ სიდიბეს გადაბირება თვით "ბარსელონას" სურს. მარჯვენა მცველის პოზიციაზე კატალონიურ კლუბში პრობლემები აშკარაა. იქ ამ ადგილას სერხი რობერტო და ალეიშ ვიდალი თამაშობენ, ეს კი მათთვის ოპტიმალური ამპლუა სულაც არაა.
ტემუა ბაკაიოკო (საფრანგეთი)
საყრდენი ნახევარმცველი, 22 წლის. ფასი: 7,5 მილიონი ევრო.
უკვე სამი წელია, კოტდივუარული ფესვების მქონე საყრდენი "მონაკოში" თამაშობს. მას კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს. მას მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე აქვს, მაგრამ უკვე გამოთქვა სამთავროს დატოვების სურვილი. "მონაკოში" აცხადებენ, რომ ფეხბურთელს 60 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან. მთავარი მსურველია "ჩელსი". ნგოლო კანტესათვის კარგი იქნება, თუ თანამემამულე მეწყვილე ეყოლება. იმ შემთხვევაში, თუ მატუიდი დაკარგა, ბაკაიოკოსათვის ბრძოლაში "პარი სენ-ჟერმენიც" ჩაერთვება.
ფაბინიო (ბრაზილია)
საყრდენი ნახევარმცველი, მარჯვენა მცველი, 23 წლის. ფასი: 20 მილიონი ევრო.
ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოექცა გრანდების თვალთახედვის არეში. მაშინ ის არცთუ ძლიერ "მონაკოში" მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა. ცალი ფეხით გადასული იყო "მანჩესტერ იუნაიტედში", მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ ბოლო წამს შეძლო მისი შენარჩუნება. მონეგასკებმა კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს კარვალიოს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ხელფასი მოუმატეს. ლეონარდო ჟარდიმი მას ახლა საყრდენად აყენებს. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა თქვა, რომ სიამოვნებით მოსინჯავდა ძალას პრემიერლიგაში.
თომა ლემარი (საფრანგეთი)
მარცხენა ნახევარმცველი, 21 წლის. ფასი: 20 მილიონი ევრო.
"იუვენტუსთან" შეხვედრაში 21 წლის წარმოშობით გვადელუპელი ვინგერი განსაკუთრებით ცდილობდა. საქმე ისაა, რომ ტურინულ კლუბს ყველაზე მეტად უნდა მისი გადაბირება, თუმცა ლემარისათვის პრაქტიკულად ყველა გრანდი იბრძვის. "იუვეს" ის ძალიან სჭირდება. ახლა იქ ლემარის პოზიციაზე ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი თამაშობს. მისი სამსახურით "სიტიცაა" დაინტერესებული.
ბერნარდო სილვა (პორტუგალია)
მარჯვენა ნახევარმცველი, 22 წლის. ფასი: 25 მილიონი ევრო.
საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობაზე აცხადებს პრეტენზიას ვერატისთან, კავანისთან და ლაკაზეტთან ერთად. უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი, რომელსაც ყველანაირი პირობა აქვს იმისათვის, რომ ვარსკვლავი გახდეს. მასთან დაკავშირებით ხშირად ახსენებენ "რეალს" და "ბაიერნს". ასევე იწერება ინგლისური გრანდების ინტერესის თაობაზეც.
კილიან მბაპე (საფრანგეთი)
თავდამსხმელი, 18 წლის. ფასი: 10 მილიონი ევრო.
ეჭვი არაა, "ტრანსფერმარკეტის" მიერ მითითებული ფასი მხოლოდ პირობითია. დღეს ისაა ევროპული ფეხბურთის ყველაზე მიმზიდველი თინეიჯერი. ფეხბურთელის აგენტმა, ფედერიკო პოსტარელომ განაცხადა, რომ 80 მილიონი ევრო მხოლოდ მისი კლიენტის ერთი ფეხი ღირს.
"მონაკომ" ჩემპიონთა ლიგაზე "სიტი" და "დორტმუნდი" რომ დაამარცხა, ამაში მბაპეს უდიდესი წვლილია. ადრე უარი უთხრა "რეალს". ამბობენ, რომ უფრო ესიმპატიურება "იუვენტუსი", მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ მბაპეს "სამეფო კლუბი" ზღაპრულ შეთავაზებას უმზადებსო...
ლეონარდო ჟარდიმი (პორტუგალია)
მთავარი მწვრთნელი, 42 წლის
გუნდის დამრიგებლის წვლილი "მონაკოს" წარმატებაში ძალიან დიდია. ყველა თანხმდება იმაზე, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მოკლე ხანში შექმნა ევროპის ერთ-ერთი თვალსასეირო გუნდი, რომელიც გოლების ნამდვილ მანქანად ჩამოყალიბდა. რეალურად მას ხომ ერთი ვარსკვლასვი ჰყავდა, რადამელ ფალკაო. ჟარდიმი აქამდე სამშობლოს მიღმა მხოლოდ "ოლიმპიაკოსს" წვრთნიდა. ახლა კი მის სახელს "ბარსელონასა" და "არსენალს" უკავშირებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"