იულიან დრაქსლერი: იოზილისთვის პსჟ იდეალურია

AutoSharing Option
იულიან დრაქსლერი მესუთ იოზილს "პარი სენ-ჟერმენში" ეპატიჟება. 28 წლის იოზილს "არსენალთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ამ ზაფხულს უნდა გადაწყვიტოს, ახალ შეთანხმებას მოაწეროს ხელი თუ გუნდი გამოიცვალოს, მთხოვნელები კი გერმანელ ნახევარმცველს ნამდვილად არ აკლია.

"ყოველდღე მასთან ერთად ბურთის გორება შესანიშნავი იქნებოდა. ჩემთვის იგი სამაგალითო და დიდი ფეხბურთელია. ყოველთვის სიამოვნებით ვვარჯიშობ და ვთამაშობ ხოლმე მასთან ერთად გერმანიის ნაკრებში.

საფრანგეთში ცხოვრებისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებ და მიმაჩნია, რომ იოზილისთვისაც კარგი იქნება პსჟ-ში გადმოსვლა. იგი გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და მიზნების მიღწევაში დაეხმარება. როგორც იცით,
ინგლისიდან შემოთავაზებები მეც მქონდა, მაგრამ პარიზში წამოსვლა ვარჩიე, რადგან ამჟამად ეს გზა მიმაჩნდა სწორად ჩემი კარიერისთვის. ფეხბურთში მსგავს გადაწყვეტილებებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და მიმაჩნია, რომ მესუთისთვისაც კარგი იქნებოდა საფრანგეთში გადმობარგება" - თქვა 23 წლის დრაქსლერმა.

შეკითხვას, მართლა ეპატიჟებოდა თუ არა მას იურგენ კლოპი "ლივერპულში", დრაქსლერმა ირიბი პასუხი გასცა - "შალკეს" აღზრდილმა და "ვოლფსბურგის" ყოფილმა ფეხბურთელმა ისიც დაამატა, რომ "ბარსელონასთან" მარცხი ახლაც კოშმარივით ახსოვს.

"აქ არ იყო საუბარი კონკრეტულად კლოპზე, "ლივერპულზე" ან რომელიმე სხვა ინგლისურ გუნდზე. უბრალოდ, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ინგლისში წასვლას ამჟამად საფრანგეთი ჯობდა და "პარი სენ-ჟერმენს" ჩემთვის იდეალურ კლუბად ვთვლი.

პსჟ-ს შორს მიმავალი გეგმები და მიზნები აქვს, კლუბში ყველა პირობაა შექმნილი. "ბარსელონასთან" დაპირისპირებას რაც შეეხება, პირველი შეხვედრა საუცხოოდ ჩავატარეთ, მერე კი რაღაც აუხსნელი მოხდა. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. იგივე შეცდომა მომავალში არ უნდა დაგვემართოს" - აღნიშნა დრაქსლერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული