რა მოხდება პარიზში? უნაი ემერიმ პსჟ-ს თამაშის სტილი შეცვალა

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენს" ძალიან ცუდი სეზონი გამოუვიდა. ფრანგულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა "ბარსელონასთან" ზედრამატული ორმატჩიანი დუელით დაასრულა, საფრანგეთის ჩემპიონატში კი ყველასათვის მოულოდნელად, დაუთმო პირველი ადგილი "მონაკოს".

რა თქმა უნდა, პარიზულ კლუბში ძალიან საინტერესო მოვლენები განვითარდება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა "ბარსელონასთან" კლუბის რენომეზე უდიდესი დარტყმა იყო. არადა, რომ არა ის საბედისწერო წამი ფრანგული გუნდისათვის, მას თავისუფლად შეეძლო, ჩამდგარიყო ისეთი კლუბების რიგებში, როგორებიც არიან "რეალი", "იუვენტუსი", "ბაიერნი" და თავად "ბარსელონა". ამას დაემატა წარუმატებლობა საშინაო არენაზე - "სენ-ჟერმენმა"
ვერ შეაჩერა ახალგაზრდული "მონაკოს" ძალიან მიზანსწრაფული სვლა ფრანგული ტიტულისაკენ.

ამის მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობა დიდ მხარდაჭერას უცხადებს გუნდის მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერის. ისინი ღიად ამბობენ, რომ მომავალ სეზონშიც სწორედ ესპანელი უთავკაცებს ფრანგულ კლუბს. ემერიმ რაღაც მართლაც გააკეთა გუნდისათვის.

სათამაშო სტილის ცვლილება
უნაი ემერი ფრანგულ კლუბში კონკრეტული ამოცანით მივიდა - მას გუნდის თამაშის სტილი უნდა შეეცვალა. ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, გუნდიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩი წავიდა. მეორეც, გუნდს თავი უნდა გამოეჩინა ჩემპიონთა ლიგაზე, ეს კი ყოფილი მწვრთნელის, ლორან ბლანის მოდელით არანაირად არ იყო შესაძლებელი.

რა შეცვალა ემერიმ გუნდში? უპირველეს ყოვლისა, ალბათ ის, რომ მის ხელში "სენ-ჟერმენი" აღარ თამაშობს ისეთ მოსაწყენ ფეხბურთს, როგორსაც თამაშობდა ბლანის დროს. მართალია, მთელ რიგ შემთხვევებში გუნდი გაცილებით ნაკლები დროის განმავლობაში ფლობს ბურთს, მაგრამ ის უფრო მწვავეა მოწინააღმდეგის კარზე განხორციელებული იერიშებისას. გარდა ამისა, "სენ-ჟერმენი" აღარ არის ადრინდელივით დამოკიდებული ერთ კაცზე, როგორც ეს ხდებოდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემთხვევაში.

ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩებიდანვე გამოჩნდა, რომ ემერი თავის ხელს თანდათან ატყობდა გუნდს. ამის ნათელი დასტურია ედინსონ კავანის მიერ ლონდონის "არსენალის" კარში გატანილი გოლი. ეს უკვე "ემერის გოლი" იყო. მის გაწვრთნილ გუნდებს სწორედაც რომ ასეთი ბურთები გააქვთ.

ემერის "სენ-ჟერმენი" ცდილობს, იდეალურად დაიცვას ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის. ეგაა, გუნდი ძალიან ბევრ საგოლე მომენტს ვერ იყენებს და ამ პრობლემას გადაჭრა აუცილებლად სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში რაიმე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი უბრალოდ წარმოუდგენელია.

ახალი სისხლის აუცილებლობა
ამ ზაფხულმა უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე: არის თუ არა ისევ პსჟ სუპერკლუბი? რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო ალიყური "ბარსელონასაგან", მაგრამ ეს ყველას შეიძლება მოუვიდეს. ცხოვრება გრძელდება და მას ნებისმერ შემთხვევაში ფეხის აწყობა სჭირდება.

ვის იყიდის ზაფხულში "სენ-ჟერმენი"? ამაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. არის ვარაუდი, რომ შესაძლოა, პარიზში მესუთ იოზილი გადავიდეს. კაცმა რომ თქვას, პარიზული კლუბი და გერმანელი მოუხდებიან კიდეც ერთმანეთს. თანაც, მესუთს საფრანგეთის დედაქალაქში გადასვლას მისი მეგობარი და ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელი, იულიან დრაქსლერიც ურჩევს.

რა თქმა უნდა, იოზილის ტრანსფერი შესანიშნავი იქნება, მაგრამ წესით, ამან არ უნდა იკმაროს. საჭიროა კიდევ რამდენიმე კარგი ფეხბურთელის დამატება. კლუბის ხელმძღვანელობის გეგმებზე უახლოეს მომავალში შევიტყობთ და ამის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, იქნება "პარი სენ-ჟერმენი" სუპერკლუბი, თუ ის კარგი, ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდება ევროპულ ფეხბურთში.

კონკურენტი
შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს საშინაო არენაზე "სენ-ჟერმენს" კონკურენტი არ ჰყავდა. ახლა კი სხვა მოცემულობაა. "მონაკომ" საფრანგეთის ჩემპიონობა მოიპოვა და, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, მომავალ სეზონშიც მაღალი მიზნებისათვის იბრძოლებს.

ეს ერთი მხრივ კარგია ფრანგული კლუბისათვის. პარიზელები ვეღარ მოდუნდებიან. იყო შემთხვევები, პსჟ ერთი ამოსუნთქვით იგებდა საფრანგეთის პირველობას. ბევრი გულშემატკივარი მაშინ მიიჩნევდა, რომ გუნდი ამ მიზეზით ვერ ახერხებდა ბოლომდე მოტივირებას ევროპულ არენაზე.

ახლა ასე აღარ არის. მომავალ სეზონში პარიზელები ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ. მათ მშვენიერი შანსი ექნებათ დაამტკიცონ, რომ ბარსელონური კოშმარი შემთხვევითობა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს სტატია აშკარად ნათარგმნია საიდანღაც და წყარო მაინც მიუთითეთ ხოლმე რომ ორიგინალში წავიკითხოთ :დ :დ :დ
usaxelo
23:40 28-05-2017
0

სიახლეები პოპულარული