ლიგა 1. III ტურის წინ: მოუგებელი პსჟ წაუგებელ "ბორდოს" წინააღმდეგ

AutoSharing Option
კარლო ანჩელოტის "პარი სენ-ჟერმენმა" შარშანდელი სეზონი მიჯრით 4-მატჩიანი მოგებათა სერიით დაასრულა, მაგრამ ჩემპიონობისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. წელს კი "ლურჯ-წითლებმა" უკვე ორი თამაში ჩაატარეს და ორჯერვე ფრედ ითამაშეს.

შარშან პსჟ-ზე შთამბეჭდავი ფინიში ჰქონდა "ბორდოს". ფრანსის ჟიიოს ბიჭებმა ზედიზედ ექვს შეხვედრაში იმარჯვეს და ამ სერიას წლევანდელი ლიგა 1-ის პირველ ორ ტურში ამდენივე მოგება მიაყოლეს. ცხრა წაუგებელი, აქედან ზედიზედ რვა მოგება ფანტასტიკური შედეგია.

ჟირონდელები "პარკ დე პრენსს" მინიმუმ წაუგებელი სერიის გაგრძელების მიზნით სტუმრობენ. მათ იმედიან განწყობას ისიც აძლიერებს, რომ მასპინძლებს წინა ტურში
გაძევებული ესეკილ ლავესი არ ეყოლებათ.

"ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე ვიცოდით, რომ ჩვენი გზა იოლი არ იქნებოდა. ვისაც კი ვხვდებით, ყველას ერთადერთი მიზანი აქვს - რადაც უნდა დაუჯდეს, მაინც მოგვიგოს.

სწორედ ამიტომ, ვალდებულნი ვართ, რომ ფსიქოლოგიურად მაქსიმალურად ძლიერები ვიყოთ. "პატარა" კლუბების ძალა ჩვენს ტყავზე უკვე ვიწვნიეთ - ვეცადეთ გამარჯვებას და არაფერი გამოგვივიდა.

გამარჯვებები ამ უქმეებიდანვე უნდა დავიწყოთ მიუხედავად იმისა, რომ "ბორდო" საკუთარ ძალებში დარწმუნებული გუნდია.

როცა გუნდს შუა კვირაში თამაშები აქვს, უქმეებისთვის მომზადება ყოველთვის რთულია. ასეთ პირობებში შედეგების მისაღწევად ბევრი კარგი ფეხბურთელია საჭირო.

მესმის "ბორდოს" მდგომარეობა, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეძლებენ და დაივიწყებენ დაღლილობას. ასე რომ, ყველაფერი უნდა გავიღოთ, რომ მათი წარმატებული რბოლა შევაჩეროთ",
- განაცხადა პსჟ-ის ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ.

თავის მხრივ კარლო ანჩელოტისაც აქვს იმედიან განწყობაზე ყოფნის საფუძველი. შემადგენლობაში ბრუნდება ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

ამას გარდა, დებიუტს ელის "მილანიდან" 42 მილიონ ევროდ ნაყიდი ტიაგო სილვაც. უკანასკნელმა კლუბისგან ლონდონის ოლიმპიადაზე ბრაზილიის ნაკრებში ასპარეზობის მერე კლუბისგან დამატებით მიიღო დასვენების უფლება. სილვა გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

დედაქალაქელებს დამატებით უპირატესობას ისიც მისცემს, რომ მათმა მეტოქემ შუა კვირაში ევროპა ლიგის შეხვედრა ჩაატარა ბელგრადში "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ (0:0), განმეორებითს კი ის მომდევნო ხუთშაბათს გამართავს.

"პარიზელთა წინააღმდეგ დიდი თავგადასავალი გველის. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტას ვნერვიულობ კიდეც, რადგან სერბებთან დაპირისპირებამ ჩემს ფეხბურთელებს დიდი ენერგია წაართვა.

რთული მატჩი გვქონდა იქამდე ოთხი დღით ადრე "რენთანაც". სხვა თუ არაფერი, იმ დღეს ძალიან ცხელოდა. შევამჩნიე, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ასეთმა რიტმმა ძალიან დაღალა.

პარიზიდან შინ უნდა დავბრუნდეთ, სადაც კიდევ ერთი თამაში გველის. თუკი ძალების აღდგენას ვერ მოვასწრებთ, შემდეგ ეტაპზე გასვლას ვერ მოვახერხებთ",
- თქვა ფრანსის ჟიიომ.

ზემოთ მატუიდიმ გრძელი სათადარიგოთა სკამი ახსენა. ამ მხრივ, მეტოქისგან განსხვავებით, ჟიიო დიდად განებივრებული არ არის, მაგრამ ამჯერად მას ნამდვილად გაუმართლა.

"პარკ დე პრენსზე" "ბორდოს" იაროსლავ პლაშილი, კარლოს ენრიკე, ლანდრი ნგუემო და მატიო შალმე უბრუნდებიან. ლაზარეთში რჩებიან აბდუ ტრაორე და დავიდ ბელიონი.

ლიგა 1. III ტური
25 აგვისტო
19:00 ნიცა-ლილი
22:00 ნანსი-ტულუზი
22:00 რეიმსი-სოშო
22:00 რენი-ბასტია
22:00 ტრუა-ლორიანი
22:00 ვალანსიენი-აიაჩო

26 აგვისტო
19:00 მონპელიე-მარსელი
19:00 სტ. ეტიენი-ბრესტი
23:00 პსჟ-ბორდო

სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 2 2 0 0 5-1 6
2. მარსელი 2 2 0 0 3-0 6
3. ბასტია 2 2 0 0 5-3 6
4. ბორდო 2 2 0 0 4-2 6
5. ლორიანი 2 1 1 0 4-3 4
6. ლილი 2 1 1 0 3-2 4
7. ტულუზი 2 1 1 0 3-2 4
8. ნანსი 2 1 1 0 2-1 4
9. ვალანსიენი 2 1 1 0 1-0 4
10. ბრესტი 2 1 0 1 1-1 3
11. აიაჩო 2 1 1 0 1-0 2
12. პსჟ 2 0 2 0 2-2 2
13. მონპელიე 2 0 1 1 2-3 1
14. ნიცა 2 0 1 1 0-1 1
15. სტ. ეტიენი 2 0 0 2 2-4 0
16. ევიანი 2 0 0 2 2-4 0
17. რეიმსი 2 0 0 2 1-3 0
18. რენი 2 0 0 2 0-2 0
19. სოშო 2 0 0 2 2-5 0
20. ტრუა 2 0 0 2 1-5 0

ბომბარდირები
2-2 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ-ჟერმენი), ლუდოვიკ ობრანიაკი (ბორდო), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), ჟერემი ალიადიე (ლორიანი), ტოიფულო მაულიდა, ანტონი მოდესტე (ორივე ბასტია), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული