საფრანგეთი. ლიგა 1. VIII ტურის წინ: კვირას კლასიკო საფრანგეთშიცაა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მერვე ტურის ცენტრალური მატჩი "სტად ველოდრომზე" გაიმართება, სადაც ფრანგული კლასიკოს ეგიდით "მარსელი" "პარი სენ-ჟერმენს" უმასპინძლებს.

"ოლიმპიკი" პირველი გუნდი გახდა 1960/61 წლების "მონაკოს" შემდეგ, რომელმაც საწყის 6 ტურში მოახერხა გამარჯვების მოპოვება, თუმცა წინა სათამაშო დღე ელი ბოპის შეგირდებისთვის კოშმარული გამოდგა: "ვალანსიენმა" ლიდერი გაანადგურა.

სეზონის სტარტი პარიზელებისთვისაც გამორჩეული გამოვიდა, რადგან 7 ტურში 15 ქულა "პსჟ"-ს 1997 წლის შემდეგ არ მოუგროვებია.

ეს გუნდები ლიგა 1-ში "ველოდრომზე" 34-ე თამაშს გამართავენ. აქამდე ჩატარებულ 33 შეხვედრაში 22-ჯერ გამარჯვება "მარსელმა" მოიპოვა, ხოლო "პარი სენ-ჟერმენმა" საპორტო
ქალაქიდან 3 ქულის წაღება მხოლოდ 5-ჯერ შეძლო.

ბოლოს მარსელში სტუმრებმა 2008 წელს მოიგეს, როდესაც გიომ ოაროს შესანიშნავი თამაშის წყალობით "მარსელი" 4:2 დაამარცხეს.

ევროტურნირებზე გუნდებმა განსხვავებულად იასპარეზეს. პარიზელებმა პორტუში ძირითადი შემადგენლობა ჩაიყვანეს, მაგრამ წააგეს, "მარსელმა" კი "აელთან" შერეული გუნდით იასპარეზა, მაგრამ 5:1 მოიგო, ასე რომ "ვალანსიენთან" განადგურების შემდეგ პროვანსელებმა ხასიათი ოდნავ გამოისწორეს.

"პარი სენ-ჟერმენს" არ ეყოლება ესეკილ ლავეცი და მამადუ სახო. ლავეციმ "პორტუსთან" შეხვედრაში, ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ, ტრავმა მიიღო, ხოლო სახო დისკვალიფიცირებულია.

ასევე საეჭვოა ტიაგო მოტას და მატიო ბოდმეს თამაში, სამაგიეროდ ძირითადში პასტორე და ჟალე უნდა დაბრუნდნენ.

"მარსელს" სერიოზული დანაკლისი არ აქვს, თუ არ ჩავთლით ახალგაზრდა რაფიდინ აბდულას, რომელმაც "აელთან" შეხვედრაში საზარდულის ტრავმა მიიღო.

სავარაუდო შემადგენლობები
"მარსელი": მანდანდა - კაბორე, ფანი, ნკულუ, მორელი - ამალფიტანო, შეირუ, ვალბუენა - ა. აიუ, რემი, ჟინიაკი.
"პარი სენ-ჟერმენი": სირიგუ - ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - მატუიდი, ვერატი, პასტორე - ნენე, მენეზი, იბრაჰიმოვიჩი.

მამა შვილის წინააღმდეგ
მესამე ადგილზე მყოფი "ლიონი" სტუმრად "ლორიანს" ეთამაშება. ამ შეხვედრის მთავარი ინტრგია მამა-შვილის დაპირისპირებაა: მასპინძელთა დამრიგებელი კრისტიან გურკუფია, ხოლო "ლიონის" ერთ-ერთი ლიდერი იოან გურკუფი გახლავთ, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა, მაგრამ მისი ამ თამაშში მონაწილეობა საეჭვოა.

"ლორიანი", ბევრისთვის მოულოდნელად, ჯერ კიდევ წაუგებელია, "ლიონმა" კი პირველი მარცხი წინა ტურში "ბორდოსგან" იწვნია.

"ოლიმპიკმა" ხუთშაბათს ისრაელში ითამაშა და უხვგოლიან მატჩში კირიათ შმონას "ჰაპოელი" 4:3 დაამარცხა. რემი გარდმა რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, ორი გოლი კი იმ მატჩში გეიდა ფოფანამ გაიტანა და ძირითადში მოხვედრაზე სერიოზული პრეტენზიაც განაცხადა.

"ლიონს" ანტონი რევეიე ვერ დაეხმარება, რომელიც წინა ტურში გააძევეს და დისკვალიფიცირებულია.

"ლორიანის" და "პსჟ"-ს მსგავსად "ბორდოც" დაუმარცხებელია. ფრანსის ჟიოს შეგირდები ასევე კვირას, გასვლაზე "ბრესტთან" თამაშობენ.

მასპინძლებს საკუთარ მოედანზე 3 თამაშიდან 3 მოგება აქვთ, თუნდაც ამ სტატისტიკური მაჩვენებლით ჩანს, რომ "ჟირონდელებს" ურთულესი მატჩი ელით, თუმცა აქვე იმის თქმაც შეიძლება, რომ "ბრესტს" "ბორდო" შინ 1991 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია. მაშინ მასპინძლებმა 4:0 მოიგეს, იქიდან მოყოლებული ბრესტში გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი "ბორდომ" მოიგო - შარშანწინ 3:1, შარშან კი 2:0.

"ჟირონდელები" ხუთშაბათს "ნიუკასლთან" განადგურდნენ და ახლა ქომაგთა თვალში რეაბილიტაციას ეცდებიან.

მოქმედი ჩემპიონი "მონპელიე" "ევიანს" მასპინძლობს და ვალდებულია სამი ქულა აიღოს. რენე ჟირარის გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ნორმალურად გამოიყურება, რასაც საფრანგეთის ჩემპიონატზე ვერ ვიტყვით, სადაც "მონპელიემ" უკვე 3 თამაში წააგო და მხოლოდ მე-13 ადგილზეა.

კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც ჩემპიონატის სტარტი ჩააგდო, "ლილი" გახლავთ, თუმცა ექს-ჩემპიონები, "მონპელიესგან" განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგაში ძალიან ცუდად გამოდიან და ორი ტურის შემდეგ, მერვედფინალში გასვლის პრაქტიკულად ყველანაირი შანსი დაკარგეს.

"ძაღლები" ამ ტურში "აიაჩოს" ეთამაშებიან და "მონპელიეს მსგავსად", "ლილიც" ვალდებულია, რომ სამი ქულა აიღოს, მითუმეტეს რომ მასპინძლებს უკვე 6 მატჩია არ მოუგიათ.

საფრანგეთი. ლიგა 1. VIII ტური
6 ოქტომბერი
მონპელიე-ევიანი 19:00
სოშო-რენი 22:00
ლილი-აიაჩო 22:00
ბასტია-ტრუა 22:00
რეიმსი-ნიცა 22:00
ტულუზი-ვალანსიენი 22:00

7 ოქტომბერი
ბრესტი-ბორდო 16:00
ლორიანი-ლიონი 19:00
მარსელი-პსჟ 23:00

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მარსელი 7 6 0 1 10-5 18
2. პსჟ 7 4 3 0 12-3 15
3. ლიონი 7 4 2 1 12-7 14
4. ლორიანი 7 3 4 0 13-8 13
5. ბორდო 7 3 4 0 9-5 13
6. ტულუზი 7 3 3 1 9-7 12
7. ვალანსიენი 7 3 2 2 11-6 11
8. რეიმსი 7 3 2 2 8-5 11
9. აიაჩო 7 3 2 2 6-7 9
10. ბრესტი 7 3 0 4 7-12 9
11. სტ. ეტიენი 7 2 2 3 10-6 8
12. ნიცა 7 1 5 1 10-9 8
13. მონპელიე 7 2 2 3 9-9 8
14. რენი 7 2 1 4 9-11 7
15. ლილი 7 1 4 2 8-10 7
16. ბასტია 7 2 1 4 9-18 7
17. სოშო 7 2 0 5 7-12 6
18. ევიანი 7 1 2 4 7-9 5
19. ნანსი 7 1 1 5 2-10 4
20. ტრუა 7 0 2 5 6-15 2
* აიაჩო -2 ქულა

ბომბარდირები:
7 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 5 - ბენ იედერი (ტულუზი); 4 - ობამეიანი (სტ. ეტიენი), ა. ტრაორე (ლორიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული