ლიგა 1. IX ტური: "მარსელი" ლიდერი აღარ არის

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენმა" 20 ოქტომბერს ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტიმ მოედანზე თითქმის უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა, "რეიმსს" მხოლოდ 1:0 მოუგო.

ერთადერთი გოლი მატჩის 65-ე წუთზე კევინ გამეირომ გაიტანა. ამ მოგების წყალობით, პსჟ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა და ლიდერობა მინიმუმ ერთი დღით გაინაღდა.

"ბორდოს" და პსჟ-ს მსგავსად, "ლორიანიც" დაუმარცხებლად ასპარეზობდა, მაგრამ კრისტიან გურკუფის გუნდის შესანიშნავი სვლა ვალანსიენში დასრულდა, თანაც დასრულდა სრული კრახით - მასპინძლებმა 9-კაციან "ლორიანს" 6 გოლი გაუტანეს.

პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს, მაგრამ დანიელ სანჩესის გუნდმა წონასწორობა მალე აღადგინა,
მე-14 წუთზე კი ანტონი ლე ტალეკის გოლით დაწინაურდა კიდევაც. ლე ტალეკი მატჩის გმირი გახდა, რადგან დუბლის გარდა, ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

შეხვედრის ანტიგმირად კი არნო ლე ლანი მოგვევლინა - "ლორიანის" მარცხენა მცველმა მე-17 წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, მე-18 წუთზე კი მეორე და საკუთარი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა.

3:1-ზე სტუმრებს ცვლილებაზე შემოსული ინოსენტ ემეგარა გაუძევეს და ამის შემდეგ "ვალანსიენმა" გაილაღა: მასპინძლებმა მეტოქეს დარჩენილ დროში კიდევ 3 გოლი გაუტანეს.

ცხრა ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზე "ტულუზი" გადავიდა, ვინც ემანუელ რივიერის დუბლის და ტაბანუ-ბრაატენის თითო-თითო გოლების წყალობით სტუმრად "ევიანი" გაანადგურა.

მესამე ადგილს კი კვლავ "ლიონი" იკავებს, რომელმაც მართალია, გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაამარცხა "ბრესტი".

ქარიმ აიტ-ფანას გარეშე დარჩენილი "მონპელიე" შაბათს "რენს" ეწვია და სახლში უქულოდ დაბრუნდა. ჩემპიონი ახლა მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონამდე მხოლოდ ქულა აშორებს, "რენმა" კი ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ფრედერიკ ანტონეტის გუნდი უკვე მე-9 ადგილამდე აღზევდა.

მასპინძელთა მხრიდან გოლები ჟან მაკუნმა და მევლუთ ერდინჩმა გაიტანეს, ჩემპიონის რიგებში კი გოლი იუნეს ბელჰანდამ გაიტანა.

ტური ლიდერის მატჩით დასრულდა - "მარსელი" ტრუაში უპირობო ფავორიტის სტატუსით ჩავიდა.

სატურნირო მდგომარეობასაც რომ თავი დავანებოთ, "ტრუას" 6 (!) წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავდა.

ელი ბოპმა "ოლიმპიკი" მოედანზე უძლიერესი შემადგენლობით გამოიყვანა. სტუმრები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ, მაგრამ მომენტების რეალიზაციაში აშკარად მოიკოჭლებდნენ. შეხვედრის 23-ე წუთზე ანდრე-პიერ ჟინიაკმა მიიღო ტრავმა და მოედანზე მის ნაცვლად, ლოიკ რემი გამოვიდა.

საუკეთესო ბომბარდირის გამოკლების მიუხედავად, სტუმრები მაინც სახიფათოდ უტევდნენ, თუმცა შესანიშნავად თამაშობდა მასპინძელთა მეკარე იოან ტურამი.

საბოლოოდ, ფეხბურთის დაუწერელი კანონი ამოქმედდა და შეხვედრის 89-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ, "მარსელის" საჯარიმოში შექმნილი არეულობით ყველაზე უკეთ ცვლილებაზე გამოსულმა ბენჟამენ ნივემ ისარგებლა - 1:0. დარჩენილ დროში სტუმრებმა ვერაფერი მოახერხეს და ბოლო სამ ტურში მეორე მარცხი განიცადეს.

ლიგა 1. IX ტური

ბორდო-ლილი 1:1
გოლები: 1:0 ობრანიაკი (18), 1:1 ბაშა (90).

პსჟ-რეიმსი 1:0
გოლი: 1:0 გამეირო (65).

ნანსი-სოშო 1:1
გოლები: 1:0 პუიგრენიე (15), 1:1 რუდე (56).

ევიანი-ტულუზი 0:4
გოლები: 0:1 ტაბანუ (24), 0:2 რივიერი (44), 0:3 რივიერი (50), 0:4 ბრაატენი (87).

ნიცა-სტ. ეტიენი 1:1
გოლები: 1:0 ბოტეაკი (29), 1:1 ბრანდაო (75).

რენი-მონპელიე 2:1
გოლები: 1:0 მაკუნი (13), 2:0 ერდინჩი (52), 2:1 ბელჰანდა (69).

ვალანსიენი-ლორიანი 6:1
გოლები: 0:1 კორნე (7), 1:1 კ. სანჩესი (11), 2:1 ა. ლე ტალეკი (14), 3:1 დანიკი (53-პენ), 4:1 აბუბაქარი (81),
5:1 ა. ლე ტალეკი (87), 6:1 აბუბაქარი (90).

ლიონი-ბრესტი 1:0
გოლი: 1:0 გომისი (57).

ტრუა-მარსელი 1:0
გოლი: 1:0 ნივე (89).

აიაჩო-ბასტია 0:0

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 9 5 4 0 15-5 19
2. მარსელი 9 6 1 2 12-8 19
3. ლიონი 9 5 3 1 14-8 18
4. ტულუზი 9 4 4 1 15-9 16
5. ვალანსიენი 9 4 3 2 19-9 15
6. ბორდო 9 3 6 0 11-7 15
7. რეიმსი 9 4 2 3 11-7 14
8. ლორიანი 9 3 5 1 15-15 14
9. რენი 9 4 1 4 12-12 13
10. სენტ ეტიენი 9 3 3 3 15-7 12
11. ლილი 9 2 5 2 11-11 11
12. ბასტია 9 3 2 4 12-20 11
13. აიაჩო 9 3 3 3 6-9 10
14. ბრესტი 9 3 1 5 8-14 10
15. ნიცა 9 1 6 2 12-13 9
16. მონპელიე 9 2 2 5 12-14 8
17. ევიანი 9 2 2 5 10-15 8
18. სოშო 9 2 1 6 8-14 7
19. ტრუა 9 1 2 6 9-18 5
20. ნანსი 9 1 2 6 3-15 5

* აიაჩოს -2

ბომბარდირები
9 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 6 - ბენ იედერი (ტულუზი); 5 - ობამეიანი (სენტ ეტიენი), ჟინიაკი (მარსელი), გომისი (ლიონი), ხელიფა (ევიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული