საფრანგეთი. ლიგა 1. XII ტურის წინ: ჩემპიონი რევანშისთვის ემზადება

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი 11 ნოემბერს, გვიან ღამით, მონპელიეში გაიმართება, სადაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, "მონპელიე", ვიცე-ჩემპიონ "პარი სენ ჟერმენს" ხვდება.

ჩემპიონთა ლიგაში გუნდებმა განსხვავებულად ითამაშეს - რენე ჟირარის შეგირდებმა საბერძნეთში წააგეს და ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგეს, პარიზელებმა კი საკუთარ მოედანზე ზაგრების "დინამო" გაანადგურეს და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებლად გამოსვლის შემდეგ, რენე ჟირარს მთლიანად ეროვნულ პირველობაზე გადმორთვა შეუძლია, სადაც გუნდს საქმეები არც თუ ისე კარგად მისდის - "მონპელიე" 12 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს და 10
ქულით ჩამორჩება პსჟ-ს, რომელსაც შინ აგერ უკვე 9 წელია ვერ უგებს.

ბოლოს "მონპელიემ" პარიზელი სტუმარი 2003 წელს დაამარცხა და იმის შემდეგ ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2-ჯერ ქულას გამორჩა, ერთხელ კი, შარშანდელ სეზონში, დამარცხდა.

მთელი წინა სეზონის განმავლობაში, ჩემპიონმა შინ სულ ერთი მატჩი წააგო, ისიც კონკურენტ "პარი სენ ჟერმენთან", თანაც დიდი ანგარიშით 0:3. გოლები პარიზელების მხრიდან კევინ გამეირომ და ხავიერ პასტორემ გაიტანეს, ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა.

ორივე გუნდს საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. მასპინძლებს, დიდი ხნით ტრავმირებული ქარიმ აიტ-ფანას გარდა, დისკვალიფიცირებული მაპუ იანგა-მბივა და ტრავმირებული ვიტორინო ილტონი არ ეყოლებათ. სტუმრებს კი ტრავმის გამო კევინ გამეირო დააკლდებათ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვერ ითამაშებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ვინც წინა ტურში გააძევეს და დისკვალიფიცირებულია.

საინტერესო უნდა გამოდგეს "სოშოს" და ერთ-ერთი პოტენციური ლიდერის, "ლიონის" დაპირისპირება.

შარშან ამ გუნდების მატჩი "სოშომ" მოიგო და ეს მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა, რადგან იქამდე მასპინძლები "ოლიმპიკს" საკუთარ მოედანზე 9 წლის განმავლობაში ვერ ამარცხებდნენ, თანაც ამ 9 წლის განმავლობაში "სოშო" და "ლიონი" "სტად აუგუსტ ბონალზე" ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ და ყველა მატჩი "ლიონმა" მოიგო.

საერთოდ ამ გუნდების ბოლო 19 მატჩიდან "ლიონმა" 14 მოიგო, 3 ფრედ დასრულდა და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. ამ სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ ფავორიტი რემი გარდის გუნდია, თუმცა მონბელიარელები ბოლო პერიოდში კარგად ათამაშდნენ და სტუმებს იოლად არაფერს დაუთმობენ.

ჩემპიონატის კიდევ ერთი პოტენციური ლიდერი "მარსელი" "ნიცას" მასპინძლობს. "ოლიმპიკის" ფეხბურთელები ცუდ ხასიათზე არიან, რადგან მოინხენგლადბახის "ბორუსიასგან" გოლი ბოლო წამებზე გაუშვეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულის ნაცვლად, მხოლოდ 1 აიღეს.

ელი ბოპს ისევ ვერ ექნება ჯოი ბარტონის იმედი, რომელმაც "ბორუსიასთან" გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა - ინგლისელი ლიგა 1-ში დისკვალიფიცირებულია. ასევე არ იქნება ანდრე-პიერ ჟინიაკიც, რომელიც დიდი ხანია ტრავმირებულია. მიუხედავად ამ დანაკლისისა, "მარსელი" ვალდებულია მოიგოს, მითუმეტეს, მეტოქეს ტრავმების გამო ერთბაშად 4 წამყვანი ფეხბუთელი აკლია.

მიუნხენში შერცხვენილი "ლილი" კი "ბრესტს" მასპინძლობს და ეცდება, რომ გერმანიაში შელახული რეპუტაცია ოდნავ მაინც აღიდგინოს.

რუდი გარსიას სრული შემადგენლობა ჰყავს იმისთვის, რომ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგოს და კონკურენტების წარუმატებლობის შემთხვევაში, ხუთეულში შევიდეს.

საფრანგეთი. ლიგა 1. XII ტური
9 ნოემბერი
ნანსი-რენი 1:3

10 ნოემბერი

ლილი-ბრესტი 20:00
სტ. ეტიანი-ტრუა 23:00
ბასტია-ვალანსიენი 23:00
რეიმსი-ევიანი 23:00
ტულუზი-აიაჩო 23:00

11 ნოემბერი
მარსელი-ნიცა 17:00
ლორიანი-ბორდო 20:00
სოშო-ლიონი 20:00
მონპელიე-პსჟ 00:00

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 11 6 4 1 17-7 22
2. მარსელი 10 7 1 2 14-8 22
3. ლიონი 10 6 3 1 18-10 21
4. ტულუზი 10 5 4 1 18-10 19
5. რენი 12 6 1 5 14-17 19
6. ვალანსიენი 11 5 3 3 23-12 18
7. სენტ ეტიენი 11 5 3 3 19-8 18
8. ლილი 11 4 5 2 15-12 17
9. რეიმსი 11 4 3 4 12-9 15
10. ბორდო 10 3 6 1 12-10 15
11. ლორიანი 11 3 6 2 19-21 15
12. ბასტია 11 4 2 5 17-25 14
13. ბრესტი 11 4 1 6 11-17 13
14. მონპელიე 11 3 3 5 16-16 12
15. ნიცა 11 2 6 3 15-17 12
16. აიაჩო 11 3 4 4 10-15 11
17. ევიანი 10 2 2 6 10-17 8
18. სოშო 10 2 1 7 9-17 7
19. ტრუა 11 1 4 6 11-20 7
20. ნანსი 12 1 2 9 5-21 5
* აიაჩოს - 2 ქულა

ბომბარდირები:
10 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 7 - ობამეიანი (სენტ ეტიენი), ბენ იედერი (ტულუზი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული