შეხვედრა "პარი სენ ჟერმენის" უპირატესობით წარიმართა და გოლის გატანა სტუმრებს პირველ ტაიმშიც შეეძლოთ, მაგრამ კარლო ანჩელოტის შეგირდებს ხან არ უმართლებდათ, ხან კი შესანიშნავად თამაშობდა მასპინძელთა მეკარე ალექსის ტებო, რომელმაც რამდენიმე კარგი "სეივი" შეასრულა.
მატჩის 34-ე წუთზე "ბრესტს" აბდულვაჰიდ სისოკო გაუძევეს, რის შემდეგაც სტუმართა უპირატესობა უფრო მეტად გამოიკვეთა.
ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა - თავისი მორიგი, უკვე მე-18 გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა
სხვაობა ორამდე კევინ გამეირომ გაზარდა, რომელიც მოედანზე რამდენიმე წუთის შესული იყო; საბოლოო შედეგი კი ბერნარ მენდიმ დააფიქსირა - პსჟ-ის ყოფილმა ფეხბურთელმა საკუთარი კარი დალაშქრა. საბოლოოდ 0:3 და პარიზელები საშობაო არდადეგებზე კარგი განწყობით გაემგზავრნენ.
"სატურნირო ცხრილის სათავეში ვართ, ამიტომ შობას კარგ ხასიათზე ვხვდებით. დღეს საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში და კმაყოფილი ვარ, რომ საბოლოოდ დიდი ანგარიშით მოვიგეთ, თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩვენთვის მთავარი სამი ქულის აღება და ლიდერობის შენარჩუნება იყო.
ცოტა ხნის წინ გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ მოთამაშეებმა სწორი დასკვნები გააკეთეს და დღეს ძალიან კარგად ითამაშეს.
თუ მომავალშიც ასევე გავირჯებით, მაშინ თამამად ვიტყვი, რომ წინ შესანიშნავი 2013 წელი გველის" - განაცხადა კმაყოფილმა კარლო ანჩელოტიმ.
ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ლიონში გაიმართა, სადაც 10-მატჩიანი წაუგებელი სერიის მქონე "ნიცა" ჩავიდა და საამაყო სერია დაასრულა.
მასპინძლებმა, რომლებსაც ბოლო ორი ტური ჩაგდებული ჰქონდათ (ფრე "ნანსისთან" და წაგება "პარი სენ ჟერმენთან"), შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.
ანგარიში მე-40 წუთზე ლისანდრო ლოპესმა გახსნა, რომელმაც მეორე ტაიმის დებიუტში ანტონი რევეის საგოლე გადაცემა გაუკეთა. სტუმართა განადგურებას წერტილი ბაფეტიმბი გომისმა თერთმეტმეტრიანით დაუსვა.
აღსანიშნავია, რომ გომისმა, ვინც ჩემპიონატში უკვე 11 გოლი გაიტანა, პირველი გოლის დროს ლისანდროს საგოლე გადაცემა გაუკეთა. "ნიცას" მხრიდან თამაში არ წაუვიდა დარიო ცვიტანიჩს, რომელსაც ბოლო 7 შეხვედრაში 7 გოლი ჰქონდა გატანილი.
რემი გარდის გუნდმა, "პარი სენ ჟერმენის" მსგავსად, 38 ქულა მოაგროვა და ჩემპიონობის მთავარ ფავორიტს ქულებით ისევ გაუთანაბრდა. ლიდერებს კი 6 ქულით ჩამორჩება "რენი", რომელიც კორსიკაზე "აიაჩოსთან" ორჯერ აგებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა. საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი ჟულიენ ფერემ შეიტანა, ვისაც უკვე 8 გოლი აქვს გატანილი.
სენსაცია დაფიქსირდა ბორდოში. "ტრუამ", რომელიც ბოლოსწინა ადგილზე იყო და სტუმრად ჩატარებულ რვა შეხვედრაში მხოლოდ ქულა ჰქონდა მოპოვებული, მასპინძლების არცთუ ისე სახიფათო შეტევებს გაუძლო და შინ ქულით დაბრუნდა. "ბორდოს" მოუგებელი სერია კი გრძელდება - გიომ ჟიოს გუნდს უკვე ექვსი თამაშია, არ მოუგია. აქედან ბოლო 5 მატჩი "ჟირონდელებმა" ფრედ დაასრულეს.
საფრანგეთის 2011 წლის ჩემპიონმა ლიგა 1-ის მოქმედ გამარჯვებულს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით მოუგო. მასპინძელთა მხრიდან თითო გოლი დმიტირ პაიემ, ნოლან რუმ და ცვლილებაზე გამოსულმა რაიან მენდესმა გაიტანეს. ანგარიში კი "ტულუზის" ყოფილმა ლიდერმა და კაპიტანმა დანიელ კონგრემ გახსნა, რომელმაც საკუთარი კარი დალაშქრა.
"ძაღლები" ბოლო დროს კარგ ფორმაში არიან - რუდი გარსიას გუნდს უკვე ხუთი ტურია, არ წაუგია და მერვე ადგილზე მყოფი გუნდის კვალობაზე, ჩემპიონატის ლიდერს არცთუ ისე ბევრით, მხოლოდ 8 ქულით ჩამორჩება.
"ჩვენ დღეს ჩავისვარეთ. მათ ორი თავით გვაჯობეს და სათქმელიც ბევრი არაფერი მაქვს. ახლა მხოლოდ სირილ ჟონშამზე ვფიქრობ" - მატჩის შემდეგ განაცხადა "მონპელიეს" ექსცენტრიულმა მწვრთნელმა რენე ჟირარმა.
სირილ ჟონშამს რაც შეეხება: დეკემბრის დასაწყისში 37 წლის მცველს ერთ-ერთი ჟურნალისტის სტატია არ მოეწონა, რის გამოც მას ხელი გაარტყა. ამის შედეგად, ვეტერანი ფეხბურთელი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომისიამ ფეხბურთიდან ერთი წლით მოკვეთა.
საფრანგეთი. ლიგა 1. XIX ტური.
ბრესტი-პსჟ 0:3
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (55), 0:2 გამეირო (74), 0:3 ბ. მენდი (90-საკ. კარში).
Video
ბრესტი - პსჟ 0:3
ბრესტი - პსჟ 0:3
ლილი-მონპელიე 4:1
გოლები: 1:0 კონგრე (24-საკ. კარში), 2:0 პაიე (43), 3:0 რუ (63), 4:0 რ. მენდესი (75), 4:1 ს. კამარა (83).
აიაჩო-რენი 2:4
გოლები: 1:0 მუტუ (2), 1:1 ფერე (17-პენ), 2:1 ფ. დიავარა (42), 2:2 ალესანდრინი (44), 2:3 შ. დიარა (60), 2:4 ფერე (72).
ლორიანი-რეიმსი 2:2
გოლები: 0:1 ფორტესი (6), 1:1 ბარტელმი (48), 1:2 კურტე (70), 2:2 პედრინიო (90).
ლიონი-ნიცა 3:0
გოლები: 1:0 ლისანდრო ლოპესი (40), 2:0 რევეიე (56), 3:0 გომისი (77-პენ).
ბასტია-ნანსი 4:2
გოლები: 1:0 როტენი (9), 2:0 მოდესტი (13), 3:0 იატაბარე (26), 3:1 მუკანჯო (51), 4:1 მოდესტი (63), 4:2 ანდრელუისი (77).
ვალანსიენი-ევიანი 2:1
გოლები: 1:0 პუჟოლი (14), 1:1 ხელიფა (32), 2:1 საესი (74).
ტულუზი-სოშო 2:0
გოლები: 1:0 რეგატენი (26), 2:0 რივიერი (85).
ბორდო-ტრუა 0:0
მარსელი-სტ. ეტიენი 1:0
გოლი: ა. აიუ 1:0 (45)
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა
ბომბარდირები: 18 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 11 - გომისი (ლიონი); 10 - ცვიტანიჩი (ნიცა); 9 - ბენ იედერი (ტულუზი), მოდესტი (ბასტია); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი), ფერე (რენი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"