ლიგა 1. XXXV ტური: "პარი სენ ჟერმენის" გადადებული ზეიმი

AutoSharing Option
პარიზში ზეიმი არ შედგა. "პარი სენ ჟერმენმა" საკუთარ მოედანზე "ვალანსიენს" ვერ მოუგო და ახლა ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მომავალ ტურში მოუწევს.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მე-17 წუთზე "ვალანსიენი" გაელ დანიკმა დააწინაურა. ამის შემდეგ დედაქალაქელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან არბიტრმა მოედნიდან ტიაგო სილვა გააძევა და მასპინძლები მინდორზე 10 კაცით დარჩნენ.

მიუხედავად ამისა, პსჟ-მ ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა. შეხვედრის 83-ე წუთზე თავი ალექსმა გამოიჩინა და წონასწორობა აღადგინა.

საბოლოოდ, 1:1 და ჩემპიონის ტიტული "პარი სენ ჟერმენმა" 36-ე ტურში, ლიონში უნდა მოიპოვოს.

"ძალიან ცუდად
ვითამაშეთ. ტიტულთან ახლოს ვართ და ამის გამო ფეხბურთელები ნერვიულობდნენ. მართალია, დღეს ვერ მოვიგეთ, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის. ახლა ჩემპიონობის მოპოვება მომდევნო შეხვედრაში შეგვიძლია, ჩვენ ამასთან კიდევ უფრო ახლოს ვართ,"
- განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "მარსელმა", რომელსაც მხსნელად ამჯერადაც ანდრე-პიერ ჟინიაკი მოევლინა. 27 წლის ფორვარდმა "ბასტიას" ორი გოლი გაუტანა და გარდა იმისა, რომ პროვანსელთა მოსისხლე მტრის ზეიმი დროებით გადადო, საკუთარ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადაადგმევინა.

კორსიკელთა მხრიდან მორიგი გოლი გაიტანა ფლორიან ტოვენმა - 20 წლის უნიჭიერესმა ნახევარმცველმა, რომელიც მომავალ სეზონში "ლილში" ითამაშებს, სეზონში უკვე მე-10 გოლი შეაგდო.

ბრძოლა მესამე ადგილისთვის
პარასკევს "სენტ ეტიენმა" "ბორდოს" წინააღმდეგობა ვერ დაძლია და მხოლოდ ქულას დასჯერდა. უფრო სწორად, "მწვანეებმა" ერთ ადამიანს, სტუმართა მეკარე სედრიკ კარასოს ვერ აჯობეს, რომელმაც რამდენიმე საოცარი ბურთი მოიგერია და კრისტოფ გალტიეს შეგირდებს ძალიან მნიშვნელოვანი ორი ქულა დააკარგვინა.

მართალია, საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონს 2013 წელს თამაში არ წაუგია, მაგრამ ბოლო 8 შეხვედრაში ნათამაშები 6 ფრის გამო "სენტ ეტიენი" ყველაზე საძულველ მეტოქე "ლიონს" უკვე 4 ქულით ჩამორჩა.

რემი გარდის გუნდმა სტუმრად "ნანსი" გაანადგურა და ამ უკანასკნელის 6-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. შეხვედრის გმირი ბაფეტიმბი გომისი გახდა, ვინც თავი დუბლით გამოიჩინა. გოლით და საგოლე პასით გამოირჩა იოან გურკუფი, ხოლო გეიდა ფოფანამ აქტივში ორი საგოლე პასი მიითვალა.

ასევე დიდი ანგარიშით მოიგო "ნიცამ". კლოდ პუელის სამწყსომ "რენი" გაანადგურა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადავიდა. მატჩის გმირი დარიო ცვიტანიჩი გახდა - არგენტინელმა ორი გოლი გაიტანა და ახლა მის ანგარიშზე უკვე 17 ბურთია.

"ნიცამ" ბოლო 5 შეხვედრაში მე-4 გამარჯვება მოიპოვა.

საკმაოდ მოულოდნელი მარცხი განიცადა "ლილმა", ვინც უმოტივაციო "ტულუზთან" დამარცხდა. რუდი გარსიას გუნდი ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში იყო - "ძაღლებს" უკანასკნელი 11 მატჩიდან 8 ჰქონდათ მოგებული და მხოლოდ ერთი წაგებული. 35-ე ტურში საფრანგეთის ექს-ჩემპიონი დამარცხდა გუნდთან, ვისაც 4-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ "ლილის" მხრიდან გოლები ისევ სალომონ კალუმ და მარკო ბაშამ გაიტანეს. ჩერნოგორიელმა მცველმა ზედიზედ მესამე ტურში გამოიჩინა თავი, სულ კი მის ანგარიშზე 5 გოლია, ხოლო კალუმ ბოლო 9 შეხვედრაში 8 გოლი (ასევე ერთი ავტოგოლი) გაიტანა.

ამ მარცხის შემდეგ რუდი გარსიას გუნდის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსები, პრაქტიკულად, ნულის ტოლი გახდა.

ლიგა 1. XXXV ტური
სტ. ეტიენი-ბორდო 0:0

მარსელი-ბასტია 2:1
გოლები: 1:0 ჟინიაკი (12), 1:1 ტოვენი (46), 2:1 ჟინიაკი (81).

ტრუა-ევიანი 1:0
გოლი: 1:0 ბაებეკი (78).

სოშო-ლორიანი 1:0
გოლი: 1:0 პრივატი (31).

მონპელიე-ბრესტი 2:1
გოლები: 1:0 მ. ესტრადა (11), 1:1 რასპენტინო (20), 2:1 ს. კამარა (74-პენ).

რეიმსი-აიაჩო 1:1
გოლები: 0:1 მუტუ (24), 1:1 მანდი (36).

ტულუზი-ლილი 4:2
გოლები: 1:0 ბენ იედერი (20), 2:0 დიდო (32), 2:1 ბაშა (39), 2:2 კალუ (48), 3:2 ბრაატენი (56), 4:2 ბენ ბასატი (89).

რენი-ნიცა 0:3
გოლები: 0:1 ცვიტანიჩი (52), 0:2 ცვიტანიჩი (71-პენ), 0:3 ბოტეაკი (84).
გაძევება: მავინგა (56. რენი), პეიჩინოვიჩი (90. ნიცა).

ნანსი-ლიონი 0:3
გოლები: 0:1 გომისი (48), 0:2 გურკუფი (80), 0:3 გომისი (89).

პსჟ-ვალანსიენი 1:1
გოლები: 0:1 დანიკი (17), 1:1 ალექსი (83).
გაძევება: ტიაგო სილვა (43. პსჟ).

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 27 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 19 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 17 - ცვიტანიჩი (ნიცა); 16 - გომისი (ლიონი); 15 - ალიადიერი (ლორიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პსჟ-ს შეიძლება ქულები დააკლონ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული