დომინანტი პსჟ და შედეგიანი სალომონ კალუ

AutoSharing Option
სტატისტიკა ამტკიცებს, რომ პსჟ დამსახურებული ჩემპიონია. ამასობაში გრძელდება "მარსელის" დაუმარცხებელი სერია, სალომონ კალუს კი გააქვს და გააქვს...

მთავარი:
19 - "პარი სენ ჟერმენი" საფრანგეთის ჩემპიონი მესამედ, ბოლო 19 წელიწადში კი პირველად გახდა. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ პსჟ მართლაც დამსახურებული ჩემპიონია. პარიზელებმა ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს (63), ყველაზე ნაკლები გაუშვეს (21), ბურთების ასეთი სხვაობა (+42) 2005/06 წლების "ლიონის" შემდეგ არავის ჰქონია. თავდასხმის ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელიც 27 გოლით ბომბარდირთა დავის ლიდერია, სალვატორე სირიგუმ კი კარის მშრალად შენახვა 22
შეხვედრაში მოახერხა.

გუნდური მიღწევები:
10 - "მარსელმა" შაბათს "ტულუზს" 2:1 მოუგო და დაუმარცხებელი სერია ათამდე გაზარდა. ამ პერიოდში ელი ბოპის გუნდმა 7 მატჩი მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. ასეთი კარგი ასპარეზობის წყალობით, პროვანსელებმა მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდეს.

17 - "ევიანმა" 2013 წელს შინ უკვე 17 გოლი გაიტანა. საკუთარ მოედანზე ამაზე მეტი ბურთი წელს მხოლოდ "სენტ ეტიენის" (20) და "ლორიანის" (19) ანგარიშზეა. კვირას "ევიანმა" "ნიცას" 4:0 მოუგო. საკუთარ მოედანზე 4 გოლის გატანა "ალპელებმა" ბოლო 5 მატჩიდან სამში მოახერხეს.

24 - "ბორდოს" გოლების გატანა მთელი სეზონია, უჭირს, მაგრამ 36-ე ტურში "ჟირონდელებმა" შინ "ნანსის" 3:2 მოუგეს და კარისკენ 22 დარტყმა განახორციელეს, რომელთაგანაც 12 ზუსტი იყო. ასეთი კარგი შედეგი "ბორდოს" ბოლოს 2011 წლის თებერვალში ჰქონდა, როდესაც გუნდმა საკუთარ მინდორზე "კაენთან" წააგო (1:2).

ინდივიდუალური მიღწევები:
1 - "სოშოს" ფორვარდმა სლოან პრივატმა "ბრესტთან" დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს 2:0 მოაგებინა. პრივატმა ამ სეზონში პირველი გოლები გაიტანა და ერთ საუმაღლესლიგო შეხვედრაში ორი გოლის გატანა კარიერაში პირველად შეძლო.

5 - ბოლო 5 წლის განმავლობაში საბერ ხელიფა გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ლიგა 1-ის შეხვედრაში გოლი საკუთარი ნახევრიდან გაიტანა. ბოლოს ასეთი რამ 2008 წელს დავიდ ელებუიკმა გააკეთა, როდესაც "ნიცას" მაისურით "კაენის" კარი აიღო. აღსანიშნავია, რომ ხელიფამ საჯარიმოს გარედან სულ მეორე გოლი გაიტანა ლიგა 1-ში.

1 - ზამთრის შესვენების შემდეგ სალომონ კალუს გოლი ყოველ 100 წუთში ერთხელ გააქვს. კოტ დივუარის ნაკრების ფეხბურთელმა ბოლო 13 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია. "ლილის" ფორვარდმა "რეიმსთან" დუბლი შეასრულა და ბოლო 6 ტურში, ერთ შეხვედრაში ორი გოლი უკვე მესამედ გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. სტატისტიკური შეჯამება: "რენის" 2000
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული