ლიგა 1. XXXVII ტური: დევიდ ბექჰემის გაცილება [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მთავარი შეხვედრა 19 მაისს, ნიცაში გაიმართა, სადაც სტუმრად მესამე ადგილზე მყოფი "ლიონი" ჩავიდა.

იქამდე, შაბათს, "ლიონის" და "ნიცას" კონკურენტებმა ითამაშეს და ერთ-ერთმა მათგანმა უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა...

"ლილის" დაკარგული შანსი
მოგების შემთხვევაში, "ლილი" დროებით მესამე ადგილზე გადავიდოდა და თუ "ნიცა" "ლიონს" მოუგებდა, ბოლო ტურის წინ მესამეზე იქნებოდა, რაც მათ უდიდეს უპირატესობას მისცემდა. "ძაღლები" ამ ტურში ექს-ჩემპიონ "მონპელიეს" ესტუმრნენ, რომელიც რენე ჟირარს ემშვიდობება - ადამიანი, რომელმაც სტუდენტური ქალაქის გუნდი გააჩემპიონა, ბოლო საშინაო შეხვედრას მართავდა.

გამარჯვება სტუმრებს უფრო სჭირდებოდათ,
მაგრამ უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში "მონპელიე" ფლობდა. იუნეს ბელჰანდამ ორჯერ ბურთი ძელს გაარტყა, რემი კაბელიას დარტყმული კი "ლილის" მეკარე ბარემ მუკომ მოიგერია. სტუმრები მხოლოდ შეხვედრის ბოლო წუთებზე გააქტიურდნენ და რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს. გოლის გატანა დიმიტრი პაიეს და ლუკას დინიეს შეეძლოთ, თუმცა მათი მცდელობები უშედეგო იყო.

ბოლო წამებზე წითელი ბარათი მიიღო ბენუა პედრეტიმ და რუდი გარსიას გუნდმა მატჩი კაცნაკლულმა ჩაამთავრა.

საბოლოოდ, 0:0 და ამ ფრის გამო "ლილმა" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი მკვეთრად შეიმცირა.

"სენტ ეტიენის" იოლი გამარჯვება
"ლილი" ბოლო ტურში "სენტ ეტიენს" ხვდება, რომელმაც "ძაღლებს" სატურნირო ცხრილში გადაასწრო. "მწვანეებმა" "მარსელს" უმასპინძლეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს. სტუმრებს მეორე ადგილი განაღდებული ჰქონდათ და ამ შეხვედრის წინ განსაკუთრებული მოტივაცია არ გააჩნდათ, რაც მათ ასპარეზობაზეც აისახა. კრისტოფ გალტიეს გუნდის მხრიდან გოლები ლოიკ პერენმა (ბრანდაოს პასით) და ბრანდაომ გაიტანეს.

"სენტ ეტიენმა" 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და "ლილს" გადაასწრო. "მწვანეებს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი აქვთ, ოღონდ ყველაფერი მათზე დამოკიდებული არ არის.

"ნანსი" გავარდა, "ტრუა" იბრძვის
მოულოდნელი მარცხი განიცადა "ნანსიმ" და ლიგა 2-ში დაქვეითდა. მასპინძლებმა უმოტივაციო კორსიკელებთან 1:2 წააგეს და ქვედა დივიზიონის საგზური გაიფორმეს. ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო "ტრუამ", რომელმაც შინ "ბორდოს" სძლია.

ეს გუნდები ერთმანეთს რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის თასის 1/2-ფინალში შეხვდნენ. იმ მატჩში "ტრუამ" რამდენიმე ლიდერი დაასვენა და 1:2 წააგო. ამჯერად ძირითადი შემადგენლობით მოთამაშე მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და 37 ქულა დააგროვეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ფაბიენ კამიუმ გაიტანა. 28 წლის ტუნისელი ფეხბურთელი იმდენად კარგად თამაშობს, რომ თუ "ტრუა" გავარდა, ის გუნდში ნამდვილად არ უნდა დარჩეს.

მოიგეს "რეიმსმა" ("ლორიანთან") და "ევიანმა" ("ვალანსიენთან") და ორივე გუნდმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. მართალია, "ტრუას" "ევიანის" დაწევის შანსი აქვს, მაგრამ ბურთების სხვაობა "ევიანს" გაცილებით უკეთესი აქვს და საოცრება უნდა მოხდეს, ეს გუნდი რომ გავარდეს.

სტუმრად "რენთან" ქულა აიღო "აიაჩომ", რომელიც ასევე არ გავარდება და მიზეზი აქაც იგივეა - კორსიკელებს ბურთების სხვაობა -10 აქვთ, "ტრუას" კი -16.

ერთადერთი გუნდი, რომელსაც "ტრუამ" შესაძლოა გადაასწროს, არის "სოშო", რომელმაც ამ ტურში უმოტივაციო და 10-კაციან "ტულუზთან" 1:2 წააგო. ლიგა 1-ში ყველაზე მეტი წლის გამტარებელმა "სოშომ" 4-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და მდგომარეობა გაირთულა. უკანასკნელ ტურში "სოშო" სტუმრად "ბასტიას" ხვდება და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად მინიმუმ ქულის აღება სჭირდება.

ბექჰემი გააცილეს
ფეხბურთიდან გააცილეს დევიდ ბექჰემი, რომლის პსჟ-მაც ბოლო საშინაო მატჩი გამართა და "ბრესტს" 3:1 მოუგო. დუბლი შეასრულა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ერთი ბურთი კი ბლეზ მატუიდიმ გაიტანა. "ბრესტმა" ზედიზედ მე-10 თამაში წააგო და ბოლო ადგილი გაინაღდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნიცა-ლიონი
ტურის მთავარი მატჩი კი 19 მაისს გაიმართა და ის ფრედ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ დარიო ცვიტანიჩის გოლის წყალობით იგებდა, ხოლო მეტოქე მაქსიმ გონალონის გაძევების შემდეგ 10 კაცით იყო, "ნიცამ" ერთბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. კლოდ პუელის გუნდი მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების ყველანაირი შანსი დაკარგა.

"ლიონს", მას შემდეგ, რაც "ლილმა" ვერ მოიგო, ამ შეხვედრის წაგებაც შეეძლო, რადგან სიტუაცია მაინც ანალოგიური იქნებოდა. ფრეს და წაგებას რემი გარდის გუნდისთვის ერთი ფასი ჰქონდა. ახლა "ლიონი" ბოლო ტურში "რენს" მასპინძლობს და თუ მოიგებს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს დაუბრუნდება.

ლიგა 1. XXXVII ტური

ნანსი-ბასტია 1:2
გოლები: 0:1 ილანი (48), 1:1 პუიგრენიე (60), 1:2 მოდესტი (72).

სტ. ეტიენი-მარსელი 2:0
გოლები: 1:0 პერენი (25), 2:0 ბრანდაო (43).

ტრუა-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 კამიუ (56).
გაძევება: ფობერი (65. ბორდო).

ევიანი-ვალანსიენი 2:0
გოლები: 1:0 ხელიფა (2), 2:0 ერე (12).

სოშო-ტულუზი 1:2
გოლები: 0:1 სილა (12), 0:2 აკპა აკპრო (21), 1:2 სიო (42).
გაძევება: კაპუ (77. ტულუზი).

მონპელიე-ლილი 0:0
გაძევება: პედრეტი (90. ლილი).

პსჟ-ბრესტი 3:1
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (5), 2:0 მატუიდი (31), 3:0 იბრაჰიმოვიჩი (36), 3:1 ბენშოპი (81).

რეიმსი-ლორიანი 1:0
გოლი: 1:0 კრიხოვიაკი (33-პენ).

რენი-აიაჩო 1:1
გოლები: 0:1 ფ. დიავარა (5), 1:1 ერდინჩი (45).

ნიცა-ლიონი 1:1
გოლები: 1:0 ცვიტანიჩი (47-პენ), 1:1 გრენიე (76).
გაძევება: გონალონი (73. ლიონი).

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 29 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 19 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 17 - ცვიტანიჩი (ნიცა); 16 - გომისი (ლიონი); 15 - ალიადიერი (ლორიანი), მოდესტი (ბასტია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევიდ ბექჰემი: ემოციებს ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს ეს ძალიან ძნელი გახდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული