"ლიონის" და "სენტ ეტიენის" ურთიერთობა, ყველაზე მეტად, "სანდერლენდის" და "ნიუკასლის", ან "შალკეს" და დორტმუნდის "ბორუსიას" დამოკიდებულებას შეგვიძლია შევადაროთ. ორ ქალაქს შორის ძალიან მცირე მანძილია, გულშემატკივრები კი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ, ერთი ბანაკიდან მეორეში გადასული ფეხბურთელი კი სამუდამოდ ხდება ერთი ბანაკის მოღალატე და მეორე ბანაკის გმირი...
ამ ტურში სეზონის მესამე დერბის ვიხილავთ, ოღონდ ეს დერბი დაუსწრებელია, რადგან "ლიონი" შინ "რენს" უმასპინძლებს, "სენტ ეტიენი" კი ლილში ითამაშებს. "სტად ჟერლანის" ბინადრები და "მწვანეები"
"ეს ჩვენი ბოლო შანსია. გამოთვლები საჭირო არაა, თუ მოვიგებთ - ევროპა ლიგაზე გავალთ, შესაძლოა მეტსაც მივაღწიოთ. ჩვენთვის ეს კიდევ ერთი ფინალია. გამარჯვება ან სიკდვილი," - განაცხადა "ლილის" ერთ-ერთმა ლიდერმა რიო მავუბამ.
გუნდებს ახალი დანაკლისი არ აქვთ. "ლილიც" და "სენტ ეტიენიც" ბოლო ტურს სრული შემადგენლობებით ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში მათ შორის უკვე სამი მატჩი გაიმართა. ჩემპიონატის პირველ წრეში "ლილმა" სტუმრად იმარჯვა (2:1), ლიგის თასის მატჩი ფრედ დასრულდა (პენალტებში "სენტ ეტიენმა" მოიგო), თასზე კი გამარჯვება "სენტ ეტიენმა" იზეიმა.
რაც შეეხება "სტად ჟერლანზე" გასამართ შეხვედრას: "ლიონს" სამუელ უმტიტი არ ეყოლება, რომელიც ტრავმის გამო სეზონის ბოლო შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ ეს არაფერია "რენის" დანაკლისთან შედარებით. ფრედერიკ ანტონეტის, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბოლო ტურში არ ეყოლება: ჯონ ბოიე (დისკვალიფიკაცია), ჯონ მენსა, კევინ ტეოფილ-კატერინი, ერია ილუნგა, ვიქტორ მონტანიო და დიდი ხნის წინ ტრავმირებული რომენ ალესანდრინი (ყველა ტრავმა). როგორც ხედავთ, სტუმრებს სერიოზული დანაკლისი აქვთ და "ლიონი" ამ დაპირისპირებაში აშკარად გამოკვეთილი ფავორიტია, თუმცა აქვე ერთი საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ: "ლიონს" შინ "რენი" 2005 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია (5 ფრე და 2 წაგება).
ევროპალიგის საგზურის მოპოვება შეუძლია "ნიცასაც". ზღვისპირელებმა "აიაჩოს" უნდა მოუგონ და იმის იმედი ჰქონდეთ, რომ "ლილს" ფეხი დაუცდება.
ბრძოლა გადარჩენისთვის
ლიგა 1-ის ბოლო ტურმა კიდევ ერთი საკითხი, მესამე გავარდნილი გუნდის ვინაობა უნდა გაარკვიოს. "ევიანის" და "აიაჩოს" გავარდნა წარმოუდგენელია (მათ დიდი ანგარიშით უნდა წააგონ, "სოშომ" მინიმუმ ქულა აიღოს, ხოლო "ტრუამ" ასევე დიდი ანგარიშით იმარჯვოს). რეალურად, გადარჩენისთვის ორი გუნდი იბრძვის: "სოშო" და "ტრუა".
"სოშო" ამ ტურში კორსიკაზე თამაშობს და იმისთვის, რომ ლიგა 1-ში მორიგი სეზონი ჩაატაროს (შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი ამ მხრივ რეკორდსმენია), ფრეც ეყოფა. მასპინძლები მოტივაციის გარეშე არიან, თანაც "ბასტიას" რამდენიმე ლიდერი (იატაბარე, ხაზრი, როტენი, ტოვენი) ტრავმის გამო აკლია. "ტრუამ" ბოლო დროს ძალიან მოუმატა - ჟან-მარკ ფურლანის გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო და თუ 32-ე ტურის შემდეგ "სოშოს" 7 ქულით ჩამორჩებოდა, ამჯერად სხვაობა უკვე სამი ქულაა, თუმცა ყველაფერი მაინც მეტოქის ხელშია.
ლიგა 1. ბოლო ტური
25 მაისი
აიაჩო-ნიცა 23:00
ლორიანი-პსჟ 23:00
ბორდო-ევიანი 23:00
ლილი-სტ. ეტიენი 23:00
მარსელი-რეიმსი 23:00
ლიონი-რენი 23:00
ბასტია-სოშო 23:00
ბრესტი-ნანსი 23:00
ტულუზი-მონპელიე 23:00
ვალანსიენი-ტრუა 23:00
სატურნირო მდგომარეობა
შენიშვნა: "აიაჩოს" - 2 ქულა
ბომბარდირები: 29 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 19 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 18 - ცვიტანიჩი (ნიცა); 16 - გომისი (ლიონი); 15 - ალიადიერი (ლორიანი), მოდესტი (ბასტია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"