"პარი სენ-ჟერმენის" მიზანი: ჩემპიონთა ლიგა

AutoSharing Option
ზედიზედ მესამე ზაფხულია "პარი სენ ჟერმენი" მთელი ევროპის ყურადღებას აქტიური სატრანსფერო კამპანიით იპყრობს. პარიზელებმა ედინსონ კავანის, ლუკა დინის და მარკინიოსის შეძენით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ წელს გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება იქნება.

ფრანგები შარშანდელ ევროთასებზე
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი ევროპაში მეხუთე პირველობად ითვლება, ფრანგული კლუბები ევროთასებზე და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, არც ისე კარგად გამოდიან.

დასრულებულ სეზონში, პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გააღწია, სადაც ორი მატჩის ჯამში "ბარსელონასთან" დამარცხდა; "მონპელიე" და "ლილი" კი ჯგუფში ჩარჩნენ, თანაც ისე,
რომ ბოლო ადგილი დაიკავეს და ჯამში სულ 5 ქულა მოაგროვეს. არანაკლებ ცუდად ითამაშეს ფრანგულმა კლუბებმა ევროპალიგაზე:

"მარსელი" ჯგუფში ჩარჩა, "ლიონი" 1/16 ფინალში "ტოტენჰემთან" დამარცხდა, "ბორდომ" კი 1/8 ფინალში "ბენფიკასთან" წააგო. ამ ყველაფრის გამო, უეფას რეიტინგში საფრანგეთის ჩემპიონატი უკვე მე-6 ადგილზეა - შარშან მას პორტუგალიის პირველობამ გადაასწრო.

ისტორიული მიმოხილვა
ფრანგებს ევროტურნირებზე დიდი წარმატებისთვის არც ადრე მიუღწევიათ. ერთადერთი გუნდი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში წარმატებას მიაღწია "მარსელი" გახლავთ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 1993 წელს მოიგო და მაშინაც, ცნობილი სკანდალის გამო, ეს ტიტული კინაღამ დაკარგა.
2004 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მონაკო" გავიდა, მაგრამ დიდიე დეშამის გუნდი ჟოზე მოურინიოს "პორტუსთან" დამარცხდა.

1956 და 1959 წლებში, ჩემპიონთა თასის ფინალში "რეიმსი" გავიდა, თუმცა ორივეჯერ მადრიდის "რეალთან" წააგო (3:4 და 0:2).
1976 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში "სენტ ეტიენმა" ითამაშა და ფინალში "ბაიერნთან" დამარცხდა.

"მარსელის" გარდა, ევროთასი მხოლოდ "პარი სენ ჟერმენს" აქვს მოგებული - 1996 წელს, პარიზელებმა ფინალში ვენის "რაპიდს" მოუგეს, მომდევნო წელს კი გადამწყვეტ შეხვედრაში "ბარსელონასთან" წააგეს. ამ ტურნირის ფინალამდე სხვა არცერთ ფრანგულ კლუბს არ მიუღწევია.

რანგით მეორე ევროტურნირი, რომელსაც თავიდან ბაზრობათა თასი, შემდეგ უეფას თასი, ახლა კი ევროპა ლიგა ჰქვია, ფრანგებს არასდროს მოუგიათ. "ბასტია" (1978), "ბორდო" (1996) და "მარსელი" (1999 და 2004) ფინალში კი გავიდნენ, მაგრამ სამივემ წააგო.

2 გამარჯვება 3 ევროტურნირზე - ნამდვილად არაა ის შედეგი, რომლითაც შეიძლება იამაყო. შედარებისთვის: ესპანურმა კლუბებმა 33 ტურნირი მოიგეს (13 ჩემპიონთა თასი, 7 თასების თასი, 7 უეფას თასი და 6 ბაზრობათა თასი), იტალიური კლუბების ანგარიშზე 29 ტიტულია (12 ჩემპიონთა თასი, 7 თასების თასი, 9 უეფას თასი და 1 ბაზრობათა თასი), ინგლისელებმა 31 ტურნირზე იმარჯვეს (12 ჩემპიონთა თასი, 8 თასების თასი, 7 უეფას თასი და 4 ბაზრობათა თასი), გერმანელებმა კი 18 ტიტული მოიპოვეს (7 ჩემპიონთა თასი, 4 თასების თასი და 6 უეფას თასი) - სხვაობა მართლაც კატასტროფულია. ფრანგებზე მეტი გამარჯვება მოპოვებული აქვთ ჰოლანდიელებს (11), პორტუგალიელებს (7), შოტლანდიელებს (3) და ბელგიელებს (4).

ერთადერთი ტურნირი, რომელიც ფრანგულ კლუბებს ბევრჯერ აქვთ მოგებული და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე არიან, ინტერტოტოს თასი გახლავთ, რომელიც ფრანგებმა 12-ჯერ მოიგეს, მაგრამ ეს მაჩვენებელი, ევროტურნირებზე მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, უფრო დამამცირებელია, ვიდრე საამაყო.

"პარი სენ-ჟერმენი"
დავანებოთ ისტორიას თავი და აწმყოს დავუბრუნდეთ. როგორც აღვნიშნეთ, პსჟ-ს მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ამ ტიტულისკენ პარიზელები ნელ-ნელა, მეთოდურად მიიწევენ. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი უკვე მესამე ზაფხულია ხმაურიან ტრანსფერებს ახორციელებს და გუნდიც თანდათან ძლიერდება.

2011 წელს პსჟ-მ ნიკოლა დუშეზი, კევინ გამეირო, ბლეზ მატუიდი, ჟერემი მენეზი, მილან ბიშევაცი, მოჰამედ სისოკო, სალვატორე სირიგუ, ხავიერ პასტორე და დიეგო ლუგანო შეიძინა. ეს იყო სუპერ-კლუბის შენების პირველი ეტაპი, რამაც სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და პსჟ საჩემპიონო ბრძოლაში "მონპელიესთან" დამარცხდა.
მეორე ეტაპი 2012 წელს დადგა, როდესაც დედაქალაქელებმა მაქსველი, ალექსი, ტიაგო მოტა, ესეკილ ლავეცი, მარკო ვერატი, გრეგორი ვან დერ ვილი და რაც მთავარია ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა შეიძინეს, სეზონის შუაში კი გუნდში უნიჭიერესი ლუკას მოურაც მივიდა.

კარლო ანჩელოტიმ მართლაც ვარსკვლავური გუნდი მიიღო, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა და ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოვიდა.

ტრანსფერები
2013 წლის ზაფხული პარიზელებმა მშვიდად, დიდი ხმაურის გარეშე დაიწყეს. კლუბიდან კარლო ანჩელოტი წავიდა და მის ნაცვლად ლორან ბლანი დაინიშნა. დიდი ხნის განმავლობაში, ყველაზე ხმაურიანი ცვლილება სწორედ ეს იყო, მაგრამ სიტუაცია 16 ივლისის შემდეგ შეიცვალა: 64 მილიონი ევრო ედინსონ კავანის სანაცვლოდ, 15 მილიონი ევრო ლუკა დინის ნაცვლად და 35 მილიონი ევრო მარკინიოსში - დედაქალაქელებმა 3 ფეხბურთელში 114 მილიონი ევრო გადაიხადეს!

დღესდღეობით, გუნდიდან მხოლოდ სილვენ არმანი და სიაკა ტიენე წავიდნენ - ორივემ გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ძირითადის
ფეხბურთელად არცერთი არ ითვლებოდა. საუბრობენ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო წასვლაზე, მაგრამ იბრა ჯერჯერობით გუნდშია და გუშინ საერთოდ ჯგუფთან ერთად, ახალი სეზონისთვის მზადებაც დაიწყო.

2013/14 წლების სეზონი
მართალია, ჯერ არ ვიცით, თუ რა ტაქტიკით ითამაშებს ბლანი, არც ის ვიცით ვინ წავა და კიდევ ვინ მოვა, მაგრამ მაინც ვცადოთ და წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება პსჟ-ს ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობა მომავალ სეზონში.

აქვე დავამატებთ, რომ ეს დაყოფა პირობითია და იმის გამო, რომ პსჟ-ს სეზონში უამრავი მატჩი ექნება, როტაციის გამო, ძირითადი შემადგენლობის ზუსტად განსაზღვრა საკმაოდ რთული იქნება; უბრალოდ ამ გზით თვალნათლივ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა ძლიერი გუნდი ჰყავთ პარიზელებს.

მეკარეები: სალვატორე სირიგუ და ნიკოლა დუშეზი
ორივე მეკარე საკმაოდ მაღალი დონისაა. თავიდან, პსჟ-ს ძირითად მეკარედ დუშეზი განიხილებოდა, რომელიც კლუბმა "რენისგან" შეიძინა, მაგრამ ნიკოლამ სეზონის დაწყებამდე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც, პარიზელებმა სალვატორე სირიგუ იყიდეს. იტალიელი პირველივე დღიდან გუნდის პირველი მეკარეა და მომდევნო სეზონშიც ასე იქნება.

ძირითადი: სირიგუ, სათადარიგო: დუშეზი

მარჯვენა მცველები: გრეგორი ვან დერ ვილი და კრისტოფ ჟალე
შარშანდელ სეზონში ორივემ დაახლოებით თანაბარი რაოდენობის თამაში ჩაატარა, თუმცა სეზონის ბოლოსკენ ანჩელოტი უფრო ხშირად გამოცდილ ჟალეს ენდობოდა, ვინც ხშირად გუნდს კაპიტნობდა კიდეც. მწვრთნელი ისევ ანჩელოტი რომ იყოს, არჩევანს ამ უკანასკნელზე გავაკეთებდით, მაგრამ ახლა გუნდის მწვრთნელი ბლანია... ჩვენი პროგნოზით, სიტუაცია დიდად არ შეიცვლება და თამაშის საშუალება ორივეს საკმაოდ ხშირად მიეცემა, უბრალოდ ასაკის და პერსპექტივის გამო, უპირატესობას ჰოლანდიელს მივანიჭებთ.

ძირითადი: ვან დერ ვილი, სათადარიგო: ჟალე

ცენტრალური მცველები: ტიაგო სილვა, მამადუ სახო, ზუმანა კამარა, ალექსი, დიეგო ლუგანო, მარკინიოსი, ანტუან კონტე.
მარკინიოსის მოსვლის შემდეგ, ამ პოზიციაზე კონკურენცია უაღრესად გაიზარდა. ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: ტიაგო სილვა ძირითად შემადგენლობაში იქნება. აი, მისი პარტნიორობისთვის კი სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება. იმის გამო, რომ "რომას" 35 მილიონი გადაუხადეს, ახალგაზრდა მარკინიოსის სათადარიგო სკამზე წარმოდგენა ძალიან რთულია. ამის გამო, უპირატესობას სწორედ მას მივანიჭებთ. სათადარიგო შემადგენლობის ცენტრალური მცველების დუეტი კი ალექსმა და მამადუ სახომ უნდა შექმნან.

დიდი ალბათობით, გუნდიდან წავლენ დიეგო ლუგანო და ზუმანა კამარა. ურუგვაელმა შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარი "მალაგაში" გაატარა, 34 წლის. კამარას კი სათამაშო დრო არ უნდა მიეცეს, მითუმეტეს, რომ გუნდში ირიცხება ნიჭიერი, 19 წლის ანტუან კონტე, ვინც ბლანმა შესაძლოა სუსტ მეტოქეებთან და სათასო მატჩებში ათამაშოს.

ძირითადი: ტიაგო სილვა-მარკინიოსი, სათადარიგო: ალექსი-სახო

მარცხენა მცველები: მაქსველი და ლუკა დინი
ლუკა დინი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მარცხენა მცველია, რომელმაც განსაკუთრებით კარგად შარშანდელი სეზონი ჩაატარა. 20-წლამდელთა მუნდიალის შემდეგ, პარიზელებმა "ლილს" 15 მილიონი ევრო გადაუხადეს და მაქსველს ძალიან ძლიერი კონკურენტი მოუყვანეს. შარშანდელ სეზონში, ბრაზილიელმა მატჩების 90 პროცენტი ჩაატარა. წელს, სიტუაცია განსხვავებული იქნება და ისევე როგორც მარჯვენა მცველების შემთხვევაში, აქაც სათამაშო დრო თანაბრად გადანაწილდება. გამოცდილების და მოქალაქეობის გამო (ძირითადში ხომ ორი ბრაზილიელი ცენტრალური მცველია) უპირატესობას მაინც ვეტერანს მივანიჭებთ.

ძირითადი: მაქსველი, სათადარიგო: დინი

საყრდენი ნახევარმცველები: მოჰამედ სისოკო, ტიაგო მოტა, მატიო ბოდმე, ბლეზ მატუიდი, კლემან შანტომი, მარკო ვერატი, ადრეინ რაბიო
ლორან ბლანის განკარგულებაში ძალიან ბევრი და რაც მთავარია, მაღალი დონის საყრდენი ნახევარმცველია. შვიდეულიდან, აუტსაიდერებად მოჰამედ სისოკო და ადრიენ რაბიო უნდა მივიჩნიოთ. შარშან ორივე განათხორებული იყო - სისოკო "ფიორენტინაში" გახლდათ, რაბიო "ტულუზში". გამორიცხული არაა, გუნდი ორივემ დატოვოს, ოღონდ თუ სისოკო შეიძლება გაყიდონ, რაბიოს ისევ გაანათხოვრებენ, რადგან 18 წლის ფეხბურთელი ძალიან ნიჭიერია და მასზე უდიდეს იმედებს ამყარებენ, უბრალოდ დღევანდელი გადმოსახედიდან, მას ძირითადში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება და სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ექნება. სხვათა შორის, რაბიო საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია და წესით, დღეს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უნდა ითამაშოს.

დარჩენილი 5 ნახევარმცველიდან, ძირითად შემადგენლობაში ბლეზ მატუიდის და მარკო ვერატის მოვახვედრებთ. მატუიდი შარშან პსჟ-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ვერატი კი ძალიან პერსპექტიულია. იტალიელმა შარშანაც მაღალ დონეზე ითამაშა და დროა, კიდევ უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცეს.
ძირითადი: მატუიდი და ვერატი, სათადარიგო: ტიაგო მოტა, მატიო ბოდმე, კლემან შანტომი

შემტევი ნახევარმცველები: ჟერემი მენეზი, ესეკილ ლავეცი, ხავიერ პასტორე, ლუკას მოურა
იმის გამო, რომ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გუნდში მხოლოდ ჟერემი მენეზია, გადავწყიტეთ ესეკილ ლავეციც ამ პოზიციაზე "მოვსინჯოთ". მართალია, არგენტინელი ფორვარდი გახლავთ, მაგრამ მას "ნაპოლიშიც" და არგენტინის ნაკრებშიც ფლანგზე არაერთხელ უთამაშია. ლავეცის მარცხნივ გადაწევის ორი მიზეზი არსებობს: 1. ჟერემი მენეზს კონკურენტი გამოუჩნდა და 2. შეტევაში იბრა-კავანის დუეტის შესაქმენლად ადგილი გათავისუფლდა...

ამ პოზიციის ფეხბურთელებისთვის ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ მიხვდე: ბლანს თავის ტკივილი გარანტიებული აქვს. არჩევანის გაკეთება გვიჭირს ჩვენც, ამიტომ დამხმარედ შარშანდელ სეზონს გავიხსენებთ: ხავიერ პასტორე ძირითადის განუყოფელი წევრი იყო, ლუკას მოურა კი უმეტესად ცვლილებაზე გამოდიოდა, ამიტომ მარჯვენა შემტევად არგენტინელს დავაყენებთ.

მარცხნივ უფრო რთული სიტუაციაა, თუმცა შარშან, მთელი სეზონის ჯამში, გუნდისთვის ლავეცი უფრო სასარგებლო იყო, ვიდრე მენეზი, რომელიც რიგ შეხვედრებში საერთოდ არ ჩანდა.

ძირითადი: პასტორე და ლავეცი, სათადარიგო: ლუკას მოურა და მენეზი

თავდამსხმელები: ედინსონ კავანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კევინ გამეირო
გამეირო ცუდ დღეშია... ამ პოზიციაზე დიდი ფიქრი საჭირო ნამდვილად არაა - ძირითადში კავანი-იბრაჰიმოვიჩის დუეტი იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიაა. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ იბრა შესაძლოა გუნდიდან წავიდეს, თანაც, გულზე ხელი დავიდოთ და კავანის და ზლატანის ერთად თამაში ძალიან ძნელი წარმოსადგენია...

მიუხედავად ამისა, ოცნებას ვერავინ დაგვიშლის, ამიტომ ძირითადში სწორედ ურუგვაელი და შვედი გავამწესოთ, გამეირო კი სათადარიგოთა გუნდში გავუშვათ.

ძირითადი: კავანი-იბრაჰიმოვიჩი, სათადარიგო: გამეირო

ძირითადი გუნდი:

მეკარე: სირიგუ
მცველები: ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მაქსველი
ნახევარმცველები: პასტორე, მატუიდი, ვერატი, ლავეცი
თავდამსხმელები: კავანი, იბრაჰიმოვიჩი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როგორც იქნა: პსჟ-მ ედინსონ კავანი წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული