საფრანგეთის ჩემპიონატი იწყებს

AutoSharing Option
9 აგვისტოს საღამოს თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ ევროპაში დიდი საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდა. მონპელიესა და მიუნხენში ევროპის ხუთი საუკეთესო ჩემპიონატიდან ორი ერთდროულად განახლდა.

თანაც ორივეგან საინტერესო თამაშები გაიმართა. საფრანგეთში ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ 2012 და 2013 წლების ოქროს მედალოსნები "მონპელიე" და "პარი სენ-ჟერმენი".

მიუხედავად იმისა, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, ის მაინც ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად განიხილება. ამაზე არც არავინ დავობს, თუმცა დედაქალაქელთა უპირატესობა იმდენად დიდი არ არის, რომ სხვა გუნდები ასე ერთი ხელის მოსმით ჩამოვწეროთ.

მეორე რანგის ფავორიტთა შორის ულაპარაკოდ შედიან
"მონაკო" და "მარსელი". "მონეგასკებს", შესაძლოა, ვიღაც ამრეზითაც უყურებდეს, თუმცა კლაუდიო რანიერის გუნდმა საკუთარი პოტენციალი ამხანაგურ მატჩებში დაამტკიცა. მაგალითად, "ტოტენჰემთან" 5:2-ზე მოგებულ შეხვედრაში (3 აგვისტოს).

ლიგა 1-ში "მონაკოს" დაბრუნების შემდეგ იტალიელი თავკაცი სიფრთხილეს იჩენს და აცხადებს, რომ მისი გუნდისთვის ოქროზე ფიქრი ნაადრევია და მთავარი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაა. მსგავსი განცხადებების შემდეგ ის კინაღამ დროზე ადრე დაითხოვეს პოსტიდან, ყოველ შემთხვევაში ფრანგული მასმედია ამას ამტკიცებს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ კლუბის მესაკუთრე მოუთმენელი რუსი ოლიგარქი დმიტრი რიბოლოვლევია, ეს არც გაგვიკვირდებოდა.

"ჩვენი მიზანია სამეულში მოხვედრა და ამისთვის თავაუღებელი შრომა დაგვჭირდება, რადგან მთლიანად ახალ გუნდს ვქმნით. სეზონისთვის კარგად მოვემზადეთ. ჩემპიონატში პირველივე ტურში ძლიერი მეტოქე გველოდება, გუნდი, რომელიც საშინაო შეხვედრებში განსაკუთრებით სახიფათოა. ეს თამაში შესანიშნავი ტესტი იქნება "მონაკოს" ძალების გამოსაცდელად," - აცხადებს რანიერი.

იტალიელს შეიძლება ჰქონდეს კიდეც კმაყოფილების საფუძველი, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით "მარსელზე", ვინც მოსამზადებელ ეტაპზე ექვსიდან მხოლოდ ერთი თამაში მოიგო და სულ რაღაც ხუთი გოლი გაიტანა. პროვანსელებმა გარკვეული ფინანსური პრობლემების მიუხედავად სატრანსფერო ბაზარზეც იაქტიურეს.

მთავარი მწვრთნელი ელი ბოპი კლუბის ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: "ჩვენ უკანასკნელ მომენტამდე გავაგრძელებთ სეზონისთვის მზადებას. აშკარაა, რომ გუნდმა უნდა მოუმატოს. გვესმის ისიც, რა კომპონენტები გვაქვს დასახვეწი. მაგალითად, ბურთის ფლობას შარშანაც არა უშავდა, თუმცა რეალიზაციის მხრივ მოვიკოჭლებდით.

ახალი ფეხბურთელები მოვიყვანეთ, თუმცა აგვისტოში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გუნდი დასაბალანსებელია და ამიტომ სატრანსფერო ფანჯარას ჯერ კიდევ ღიად ვტოვებთ. ჩემპიონატში მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა ჩვენი ტრადიციაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემპიონთა ლიგაში თამაში ჩვენგან დამატებით ზღვა ენერგიას მოითხოვს, თუმცა "მარსელს" თავისი პლუსები აქვს, ჩვენ შეკრული გუნდი ვართ"
.

9 აგვისტო
მონპელიე-პსჟ 1:1
გოლები: 1:0 კაბელა (10), 1:1 მაქსველი (60)
გაძევება: ელ ქაუთარი (71)

10 აგვისტო
ბორდო-მონაკო 23:00
ევიანი-სოშო 23:00
ლილი-ლორიანი 23:00
ლიონი-ნიცა 23:00
ნანტი-ბასტია 23:00
რენი-რეიმსი 23:00
ვალანსიენი-ტულუზი 23:00

11 აგვისტო
აიაჩო-სტ. ეტიენი 19:00
გენგამი-მარსელი 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული