ლორან ბლანს დიდი თევზები არ უნდოდა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენი" თავისი დიდებული შემადგენლობით არ კმაყოფილდება და იანვარში კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. როგორც ირკვევა, დედაქალაქელებს პოლ პოგბას სამშობლოში დაბრუნება უნდათ და მზად არიან, "იუვენტუსს" 40-50 მილიონი ევრო გადაუხადონ. გარდა ამისა, პარიზელებს "ლილის" ყოფილი ვარსკვლავი ედენ აზარიც ამოუღიათ მიზანში.

ერთი სიტყვით, ლორან ბლანი ახალი და მასშტაბური ტრანსფერებისთვის ფულს ითხოვს, ხოლო ფული ახლა პსჟ-ის ხელმძღვანელობას ნამდვილად არ უჭირს. პირიქით, დასახარჯი იმდენია, რომ გუნდში მეკარეების კონსულტანტად ფაბიენ ბარტეზის მოწვევა და მისთვის მსუყე ჰონორარის დაწესება გადაწყდა, თორემ აბა, ისე სალვატორე სირიგუს ჰკითხეთ,
სჭირდება მრჩეველი?

პოგბა ტურინული გუნდის რიგებში დიდებულად გამოიყურება. იგი უკვე იქცა საფრანგეთის ნაკრების მნიშვნელოვან წევრად და ცოტა ხნის წინ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედაც დასახელდა "ტუტოსპორტის" ტრადიციული გამოკითხვის შედეგად. მართალია, იგი "ბებერ ქალბატონში" თავს კარგად გრძნობს, მაგრამ იოან კაბაის თქმისა არ იყოს - ვინ არ მოიხიბლებოდა ახლა პარიზელების წინადადებით? პსჟ-ს შემადგენლობაც კარგი ჰყავს, ტიტულებისთვისაც იბრძვის და სოლიდურ ჯამაგირსაც არ დააკლებდა ფეხბურთელს.

თუმცა ამბობენ, "იუვე" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადმოსული ტალანტის გაშვებას არ აპირებს და პირიქით, ახლო მომავალში მასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებსო.

რაც შეეხება აზარს, შესაძლოა იგი "ჩელსიში" ცუდად არ გამოიყურება, მაგრამ მისი ლონდონური კარიერა ია-ვარდებით სულაც არ არის მოფენილი და ცოტა უფრო მეტს ნამდვილად ველოდით. ფული არც ნასერ ალ-ხელაიფის აკლია და არც რომან აბრამოვიჩს. ასე რომ, აქ პირველ რიგში თავად ფეხბურთელის და "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სიტყვას ექნება გადამწყვეტი ფასი. რაღა დარჩა, იანვარი სულ მალე მოვა და ჩვენც ნუ ვიმარჩიელებთ, დაველოდოთ.

პარიზელები ალბათ მცველზეც იფიქრებენ. ბლანი მიიჩნევს, რომ უკანა ხაზიც გასაძლიერებელია. თან გუნდს მინიმუმ ერთი მცველი თითქმის სულ დაშავებული ჰყავს. აგერ, ახლაც, მაქსველმა ნეკნი გაიტეხა და რაღაც პერიოდი კლუბს ვერ დაეხმარება. ბლანმა მის ტრავმას შოკისმომგვრელი უწოდა. ცხადია, პსჟ-ის მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის მომავალ მეტოქეზეც ისაუბრა.

"ჩვენ "ლევერკუზენისთვის" მზად ვიყავით და ახლა კიდევ უფრო ყურადღებით შევისწავლით მეტოქეს და დავაკვირდებით გერმანიის ჩემპიონატს. მე ვიცნობ სამი ჰიიპიას და მისი გუნდი ბუნდესლიგაში "ბაიერნის" შემდეგ მეორეა... ვერ ვიტყვით, რომ წილისყრა კარგი ან ცუდი იყო, უარესიც შეიძლებოდა, მაგრამ მეტოქეს პატივს ვცემთ და კარგად უნდა მოვემზადოთ.

"სიტის" და "ბარსელონას" დაწყვილება გაგვიხარდა, რადგან ერთი პოტენციური ძლიერი მეტოქე აგვცდა. "სიტი" და "არსენალი" ის ორი დიდი თევზი გახლდათ, რომლებთანაც შეხვედრა არ გვსურდა. არ გვეშინოდა, მაგრამ სასურველი არ იყო"
- თქვა ბლანმა.

შეგახსენებთ, რომ პარიზული გუნდის ბანაკში წინა სეზონის შედეგის გაუმჯობესებას და მინიმუმ ნახევარფინალში გასვლას გეგმავენ. "ლევერკუზენი" კი ბრძოლას გვპირდება. გერმანული კლუბის პრეზიდენტმა მიხაელ შადემ ბრძანა, აუტსაიდერები ვართ და შემდეგ ეტაპზე გასვლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ორ მიმზიდველ მატჩს რომ ვნახავთ, ამის გარანტიას გაძლევთო. სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა კი აღნიშნა, მცირე შანსი გვაქვს და ვაპირებთ, მას ჩავეჭიდოთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პოლ პოგბა 2013 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული