ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო "მარსელმა", რომელმაც ჯორდან აიუ სეზონის ბოლომდე ათხოვა "სოშოს". არადა, ბოლო დროს ჯორდანს უფრო ხშირად ვხედავდით მარსელელთა ძირითადში. მოკლედ, მონბელიარელთა გადარჩენა ახლა აბედი პელეს უმცროს ვაჟს ევალება.
საინტერესო სიახლე შემოგვთავაზა "ბორდომაც".
ბოლო-ბოლო აიხდინა საწადელი "მონაკომ" და მახაჩყალის "ანჟის" ლასინა ტრაორე წაჰგვარა. მონტეკარლოელებმა 23 წლის კოტდივუარელ ფორვარდთან ოთხწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმეს. პარალელურად, "მონაკომ" კარლ მეჯანი ზაფხულამდე დაუთმო "ვალანსიენს", რომელიც ალჟირელი მცველის ჯანის იმედად იქნება. გარდა ამისა, "ვალანსიენმა" მოსკოვის "სპარტაკიდან" ასევე არენდით აიყვანა განელი შემტევი აბდულ მაჯიდ ვარისი.
რუსეთიდან სამშობლოს დაუბრუნდა მისი უძღები შვილი ჯიბრილ სისეც. იგი "ბასტიაში" ჩაირიცხა და კორსიკელთა მეტოქეებს ამიერიდან კიდევ უფრო უნდა ეშინოდეთ.
"ნიცას" 19 წლის მარჯვენა მცველთან, დიაკო ფოფანასთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მის გახანგრძლივებას არ აპირებს. ფეხბურთელი კი, ცხადია, ახალი კლუბის ძიებაშია.
ამასობაში, "აიაჩომ" წარუმატებლობის მიზეზს მიაგნო და ბრენდონ დევილი "ვესტერლოოში" გაანათხოვრა. თუ კორსიკელებს ესეც არ უშველით და ლიგა ორში დაქვეითდებიან, იქ უკვე დევილი გამოადგებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"