საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტური: გარდის ჩქაროსნული მატარებელი

AutoSharing Option
ბრძოლა ლიგის საგზურისთვის
რამდენიმე ლიდერის გარეშე მოთამაშე "ლილს" მშვენივრად ესმოდა, რომ "რენთან" ვერმოგება გუნდს საბოლოოდ ჩამოაშორებდა "მონაკოსა" და პსჟ-ს, მაგრამ მარტო ამას ვინ ჩივის - ძალიან მოიახლოვებდა მდევრებს.

ამიტომაც რენე ჟირარის შეგირდები თავიდანვე აქტიურობდნენ და სალომონ კალუს თავურით დაწინაურდნენ კიდეც. თუმცა "ლილი" ზედმეტად მოდუნდა და უმალვე დაისაჯა - მასპინძელთა უკანახაზელებს "რენის" ახალწვეული ოლა ტოივონენი კი ჰყავდათ ამოკეტილი და დებიუტს უმწარებდნენ შვედ თავდამსხმელს, მაგრამ აბდულაი დუკურე გამორჩათ, რომელმაც მარცხენა ფლანგზე განავარდებული რომენ ალესანდრინის პასით იხეირა.

"ლილს" მიმდინარე სეზონში ყველა ის საშინაო
მატჩი მოგებული ჰქონდა, რომელშიც ანგარიშს ხსნიდა, მაგრამ ამჯერად ეს ტრადიციაც დაირღვა - ბრეტონელთა მეკარე ბენუა კოსტელი ბრწყინავდა და ამ შეხვედრაში გოლის გაშვებას აღარ აპირებდა.

ლილელთა წაფორხილებით ვერ ისარგებლა "სენტ ეტიენმა". მართალია, "მწვანეებს" ადვილი მატჩი არ ჰქონდათ, მაგრამ, აბა, ვინ იტყვის, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა იოლია? თუ კრისტოფ გალტიეს ბიჭებს მესამე ადგილთან კიდევ უფრო მიახლოება უნდოდათ, ბორდოში ადგილობრივები უნდა წაექციათ, მაგრამ პირიქით მოხდა. ზედიზედ 4 დაპირისპირების წამგებმა ჟირონდელებმა შთამბეჭდავად იბურთავეს, დამსახურებულად გაიმარჯვეს და აქეთ შეამცირეს მეტოქესთან და შესაბამისად, მეოთხე ადგილთან სხვაობა.

სამაგიეროდ, ჩქაროსნული მატარებელივით შეუჩერებლად წინ მოიწევს "ლიონი", რომელიც ამჯერად სერიოზულ გასაჭირში მყოფ "ევიანს" გაუსწორდა. სტუმრებმა მატჩი 10 კაცით დაასრულეს და გასავარდნ ზონამდე ნახევარი ნაბიჯიღა დარჩათ.

ხოლო ლიონელთა რიგებში ბაფეტიმბი გომისი და ალექსანდრ ლაკასეტი გამოირჩნენ. ამ უკანასკნელმა დუბლი შემოგვთავაზა და შეიძლება მეტიც გაეტანა, რემი გარდს გომისისა და იოან გურკუფის დარად, დასვენების მიზნით დროზე ადრე რომ არ გაეყვანა მინდვრიდან. ბომბარდირთა დავაში ლაკასეტი უკვე მესამე ადგილზეა. გარდის გუნდისთვის კი ეს უკვე მიჯრით მე-6 მოგებაა, ყველა ტურნირს თუ გავითვალისწინებთ. ლიონელები 12 მატჩია არ დამარცხებულან, ხოლო ბოლო 21 თამაშში მარტო ორჯერ წააგეს - ერთხელ "მონაკოსთან" გასვლაზე და მეორედ პსჟ-სთან, ისიც გასვლაზე.

პსჟ, რენესანსი და მოწყვეტილი კუნძული
"სტად დუ რუდურუზე" "პარი სენ-ჟერმენმა" ნამდვილად ვერ იღიღინა. ქარმა, წვიმამ და რამ აღარ შეუშალა ხელი პსჟ-ს "გენგამთან" მძიმე შეხვედრაში, მაგრამ ის, რომ ჟოსელინ გურვენეკის გუნდი ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე გამოდგა პარიზელთათვის ამ სეზონში, უდავო ფაქტია. პირველ წრეში ბოლო წუთზე გატანილმა ორმა ბურთმა დედაქალაქელებს გენგამელებთან შინ მოაგებინა.

ამჯერად ალექსის მიერ განხორციელებული ზუსტი თავური მხოლოდ ქულისთვის გამოდგა საკმარისი, რადგან იქამდე მასპინძლები მუსტაფა იატაბარეს გოლით იგებდნენ. "მონპელიესთან" თასზე სენსაციურ მარცხს ახლა ესეც დაემატა და ლორან ბლანს ალბათ ძალიან მკაცრი გასაუბრება ექნებოდა შეგირდებთან.

ისე, კარგია, რომ ბოლოსკენ გოლები მაინც გავიდა - პსჟ-ს უკვე 40 მატჩია, ლიგა 1-ში 0:0 არ უთამაშია.

მართალია, მასპინძლების ავტოგოლით, მაგრამ "ლორიანმა" მაინც მოახერხა "ვალანსიენთან" დაწინაურება და ეს ლოგიკური გახლდათ, რადგან სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ. სამაგიეროდ, მეორე ტაიმი არიელ იაკობსის ბიჭებისა იყო და მათმა ძველმა ლიდერმა გრეგორი პუჟოლმა თავისი 34-ე იუბილე გოლით აღნიშნა. "ვალანსიენს" მოგება ძალიან მიაახლოებდა უსაფრთხო ზონასთან, მაგრამ საბოლოოდ ქულას დასჯერდა. ხოლო "ლორიანის" რიგებიდან თავის ყოფილ გუნდს ვერ გაუტანა ვენსან აბუბაქარმა, იგი უკვე 4 მატჩია უგოლოდაა.

"მონპელიეს" რენესანსი "ნიცასთან" საშინაო შეხვედრაში გაგრძელდა და 2012 წლის ჩემპიონები უკვე გვარიანად მოწყდნენ გასავარდნ ზონას. ისევ გაიტანა მბაიაე ნიანგმა. "ნანტისა" და "რეიმსის" შეხვედრაში მასპინძელთა შემტევ სტილს აშკარად სტუმართა დაცვითმა მანერამ აჯობა - შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. "აიაჩოსა" და "სოშოს" დაპირისპირებაში მონბელიარელებმა ბოლო წამს გადაარჩინეს ქულა.

"ლომები" "ავი ძაღლებივით" გამოვიდნენ, ვერც თავად მოიგეს და არც კორსიკელებს მოაგებინეს. ამ ფრემ ეს გუნდები ისევ სხვებისგან მოწყვეტილ და ჩაძირვისთვის განწირულ კუნძულზე დატოვა. "ტულუზისა" და "ბრესტის" შეხვედრას რაც შეეხება, ის უამინდობის გამო გადაიდო.

ლიგა 1. XXII ტური

ლილი-რენი 1:1
გოლები: 1:0 ს. კალუ (34), 1:1 დუკურე (41)

გენგამი-პსჟ 1:1
გოლები: 1:0 იატაბარე (84), 1:1 ალექსი (87)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, მარკინიოსი, მაქსველი - ტიაგო მოტა, მატუიდი, ვერატი - პასტორე (70. ლუკასი), კავანი, იბრაჰიმოვიჩი

აიაჩო-სოშო 1:1
გოლები: 1:0 ანდრე (9), 1:1 ნოგეირა (90)

მონპელიე-ნიცა 3:1
გოლები: 1:0 ნიანგი (31), 2:0 ილტონი (54), 2:1 ბოსეტი (69), 3:1 ს. კამარა (81)

ტულუზი-ბასტია გადაიდო
ნანტი-რეიმსი 0:0

ვალანსიენი-ლორიანი 1:1
გოლები: 0:1 სისი (39-ს.კ.), 1:1 პუჟოლი (52)

ლიონი-ევიანი 3:0
გოლები: 1:0 გომისი (19), 2:0 ლაკასეტი (43), 3:0 ლაკასეტი (76)
ლიონი (4-3-3): ენტონი ლოპეში - ზეფანი, ბიშევაცი, უმტიტი, ბედიმო - გონალონი, ფოფანა, გრენიე - გურკუფი (54. მვუემბა), ლაკასეტი (79. ფეკირი), გომისი (69. ბრიანი)
გაძევება: მენსა (40. ევიანი)

ბორდო-სტ. ეტიენი 2:0
გოლები: 1:0 აბდუ ტრაორე (41), 2:0 ენრიკე (51)

მონაკო-მარსელი 2:0
გოლები: 1:0 ჟერმენი (41), 2:0 რივიერი (57)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - რაჯი, რ. კარვალიო, აბიდალი, კურზავა (70. ფაბინიო) - ტულალანი, მოუტინიო, კონდოგბია (69. ობადი) - ჯ. როდრიგესი, ჟერმენი (75. ოკამპოსი), რივიერი
მარსელი (4-3-3): მანდანდა - აბდალა, დიავარა, ლუკაშ მენდეში, მენდი - რომაო, ბენუა შეირუ (46. იმბულა), ლემინა (74. ხელიფა) - ვალბუენა, ტოვენი (61. პაიე), ჟინიაკი

ბომბარდირები: 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - ედინსონ კავანი (პსჟ); 12 - ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი); 11 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი)

29 იანვარი.
მარსელი-ვალანსიენი - გადადებული მატჩი

მომდევნო ტური
31 იანვარი:
პსჟ-ბორდო
1 თებერვალი:
ლორიანი-მონაკო, ევიანი-აიაჩო, ბასტია-გენგამი, რეიმსი-მონპელიე, სოშო-ნანტი, სტ. ეტიენი-ვალანსიენი
2 თებერვალი:
ნიცა-ლილი, რენი-ლიონი, მარსელი-ტულუზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული