ბლანი მატჩის მერე იმაზე საუბრობდა, რომ მისმა გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მოგება მაინც ეკუთვნოდა და საკუთარ შანსებს მომავალში უფრო ყურადღებით უნდა მოვეკიდოთო. საინტერესოა, რომ მეცელებმა 5-დან სამი გოლი გაიტანეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ, რადგან აქედან ერთი ავტოგოლი გახლდათ, ხოლო მოდიბო მაიგას ორი პენალტი საკმარისი არ გამოდგა.
არადა, მომენტები ორივე გუნდს საკმარისად ჰქონდა და ბოლო წუთებზე ორივეს შეეძლო გამარჯვების გამოდნობა, მაგრამ ფრე მაინც მეტ-ნაკლებად სამართლიანი შედეგი გახლდათ. "იადონების" წაუგებელი სერია გაგრძელდა, ხოლო "მწვანეები" ისევ სამეულის მოშორებით რჩებიან. თუმცა კრისტოფ გალტიეს თქმით, ქულა სულ არაფერს ჯობდა, სამი კიდევ უკეთესი იქნებოდა და შეგვეძლო მოგება, მაგრამ რაც არის, ეს არისო.
უგოლო გამოდგა კორსიკული მატჩიც "ბასტიასა" და "ლიონს" შორის. სტუმრების წაუგებელი სერია 10-მატჩიანი კი გახდა, მაგრამ მათ გამარჯვების იმედი ჰქონდათ და უბერ ფურნიე გულდაწყვეტილი დარჩა. "ბასტია" კი ახალი და დროებითი მწვრთნელების ხელში ბევრად უკეთ გამოიყურება და ასე თუ გაგრძელდა, სიტყვა დროებითს მალე გავაქრობთ.
პოლ-ჟორჟ ნტეპის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი ბრეტანულ დერბიში. ახალგაზრდა თავდამსხმელმა "რენს" მოაგებინა, ფილიპ მონტანიეს გუნდმა მთელი ბოლო წლების წარუმატებლობებზე ერთბაშად იძია შური და "გენგამი" გასავარდნ ზონაში დატოვა. ჟოსელინ გურვენეკი კი მოხსნის პირასაა.
კიდევ ერთმა ბრეტანულმა გუნდმა "ლორიანმა" პირველივე ტაიმში მოუმთავრა ყველაფერი "ლანსს". რაფაელ გერეირომ პორტუგალიისა და არგენტინის ამხანაგურ მატჩში ერთადერთი გოლი რომ გაიტანა ბოლო წუთზე, ალბათ, გემახსოვრებათ და კარგი ხასიათი 21 წლის თავდამსხმელს ლიგა 1-შიც გადმოჰყვა და ამ თამაშშიც ერთადერთი ბურთი შეაგდო. იმ დროისთვის "ლანსი" უკვე ათი კაცით იყო, სტუმრები დებიუტშივე გაიწირნენ.
კვლავაც სიურპრიზებს გვთავაზობს "მონაკო", რომელმაც ისევ ვერ მოიგო, თანაც საკუთარ "ლუი მეორეზე". ეს კი არა, მონეგასკები წაგებას ძლივს გადაურჩნენ, სტუმართა ავტოგოლი და შეცვლაზე სულ ცოტა ხნის შემოსული ჟოაო მოუტინიოს გოლი რომ არა... ლეონარდო ჟარდიმი უფრო და უფრო შორდება ევროზონას.
ტურის დასკვნით შეხვედრაში კი "მარსელმა" "ბორდოსთან" დაძაბულ ომში იმარჯვა და პირველ ადგილს დაუბრუნდა. არადა, მარსელო ბიელსას ბიჭები მარცხდებოდნენ, მაგრამ თამაში მოაბრუნეს. მატჩის მიწურულს "ველოდრომი" სიხარულისგან გუნდის მთავარმეგოლემ, ანდრე-პიერ ჟინიაკმა ააფეთქა და მერე მასპინძლებმა ვილი სანიოლის წინგაქცეული კლუბის კარში გატანა კიდევ მოასწრეს. დიმიტრი პაიემ ორი საგოლე პასი მიითვალა.
ლიგა I. XIV ტური
მეცი-პსჟ 2:3
გოლები: 0:1 პასტორე (9), 0:2 ბუსმანი (16-ს.კ-ში), 1:2 მაიგა (49-პენ.), 2:2 მაიგა (53-პენ.), 2:3 ლავეცი (83)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - კაბაი (21. შანტომი), ტიაგო მოტა (46. მატუიდი), რაბიო (74. კავანი) - ლავეცი, პასტორე, იბრაჰიმოვიჩი
ბასტია-ლიონი 0:0
გენგამი-რენი 0:1
გოლი: 0:1 ნტეპი (36)
ლორიანი-ლანსი 1:0
გოლი: 1:0 გერეირო (21)
გაძევება: ლანდრე (15)
მონაკო-კაენი 2:2
გოლები: 1:0 იმურუ (5-ს.კ-ში), 1:1 კოიტა (50), 1:2 კონდოგბია (59-ს.კ-ში), 2:2 მოუტინიო (75)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ფაბინიო, რ, კარვალიო, აბდენური, ეჩიეჯილე - კონდოგბია (71. მოუტინიო), ტულალანი, ბერნანდო სილვა (89. მარტიალი) - ფერეირა კარასკო, ჟერმენი (62. ი. ტრაორე), ბერბატოვი
ნიცა-რენი 0:0
ნანტი-სტ. ეტიენი 0:0
მონპელიე-ტულუზი 2:0
გოლები: 1:0 მუნიე (37), 2:0 კამარა (87)
მარსელი-ბორდო 3:1
გოლები: 1:0 ტ. ტურე (55), 1:1 ლემინა (60), 2:1 ჟინიაკი (85), 3:1 ბატშუაი (90)
ბომბარდირები: 11 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 7 - ვისამ ბენ იედირი (ტულუზი)
მომდევნო ტური
28 ნოემბერი:
მარსელი-ნანტი
29 ნოემბერი:
პსჟ-ნიცა, კაენი-მონპელიე, ლანსი-მეცი, რეიმსი-ბასტია, რენი-მონაკო, ტულუზი-ლორიანი
30 ნოემბერი:
ბორდო-ლილი, ევიანი-გენგამი, სტ, ეტიენი-ლიონი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"