საფრანგეთი. ლიგა 1. XVI ტურის წინ: ლიდერები უსაჩუქროდ

AutoSharing Option
"ლიონის" წაგების მერე ორი ლიდერი გამოიკვეთა - "მარსელი" და "პარი სენ-ჟერმენი". მარსელო ბიელსას გუნდს ამჯერადაც საკმაოდ რთული თამაში ელის: "ლორიანი" ცოტა ხნის წინ უიმედოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ამ გუნდისგან აღმასვლებსა და ჩავარდნებს მიჩვეულნი ვართ და როცა ბრეტანელებს თამაში მისდით...

ახლა მათ ზედიზედ ორი მოგება აქვთ და თან საკუთარ კედლებში მარსელელებს დიდ ბრძოლას გაუმართავენ.

საჩუქარი არც პარიზელებს ელოდებათ. მართალია, "ლილი" ცუდ ფორმაშია, მაგრამ შესაძლოა, სწორედ ეს იყოს უარესი, რადგან რენე ჟირარის გუნდი ახლა ორმაგად შემართული იქნება, რადგან 10 მატჩია, არ უმარჯვია და
ლიდერთან შეხვედრაც დამატებითი გამაღიზიანებელია.

დედაქალაქელთა მხრიდან, პირველ რიგში, ისევ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოვარჩიოთ, რადგან ზლატანს, რომელსაც ტრავმის გამო საკმაო პერიოდი გაუცდა, გოლები სწყურია. იგი ბომბარდირთა დავაში გვარიანად ჩამორჩა და ამას ვერ შეეგუება.

"ბასტიასთან" 0:0-ისა და "სენტ ეტიენთან" 0:3-ის მერე, "ლიონს" ისევ მოგება მართებს, თორემ სამეულში ადგილს დაკარგავს. "ჟერლანზე" უბერ ფურნიე თავის ექსგუნდს, "რეიმსს" უმასპინძლებს. რეიმსელებს 7 ტურია, წაგება არ აქვთ და მარცხის გემო გადაავიწყდათ. გაახსენებს თუ არა ამ არასასიამოვნო არომატს ფურნიე თავის ყოფილ კლუბს, ამას ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთად ვნახავთ, დაძაბული მატჩი კი უნდა გამოვიდეს.

ლიონელებთან გამარჯვებით გასხივოსნებული "სენტ ეტიენი" მონპელიეს სტუმრობს. კრისტოფ გალტიემ განაცხადა, "დერბი დუ რონის" მოგების შემდეგ დავრწმუნდი, რომ კლასი ავიმაღლეთ და ახალ საფეხურზე ავედითო, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ წინა შეხვედრებში "მწვანეები" ძალიან მძიმედ გამოიყურებოდნენ და ვნახოთ, ეყოფათ თუ არა ეს დადებითი მუხტი როლან კურბისის ბიჭების წასაქცევად.

"მეცი" "ბორდოს" დაუხვდება და შეეცდება, ჟირონდელების ამბიციები დააცხროს, მაგრამ ვილი სანიოლს სულ სხვა გეგმები აქვს. ცოტაც და ლეონარდო ჟარდიმის "მონაკო" ათეულს დატოვებს, მონეგასკებს ჩემპიონთა ლიგის საგზურთან 7 ქულა და 7 ადგილი აშორებთ. ეს სახუმარო აღარ არის.

გემრიელი მატჩი გველოდება "ალიანც რივიერაზე", სადაც კლოდ პუელი აპირებს, საუცხოო ფორმაში შესული "რენი" შეაჩეროს. ფილიპ მონტანიეს შეგირდებმა წინა ტურში სწორედ "მონაკოს" მოუგეს, თანაც ძალიან დამაჯერებლად და წაუგებელი სერია 8 მატჩამდე გაზარდეს - 6 მოგება, 2 ფრე.

წინა ტურამდე კიდევ უფრო ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიით იწონებდა თავს "ნანტი", მაგრამ "იადონები" ლიდერ "მარსელთან" დაეცნენ "ველოდრომზე" და ახლა "ტულუზთან" მოუწევთ ჭიდილი. ალენ კაზანოვა საკუთარ კედლებში შერცხვა "ლორიანთან" და ფანების თვალში რეაბილიტაცია მართებს.

არც აუტსაიდერების უპრინციპულესი დუელები გამოგვრჩეს - "ბასტია"-"ევიანი" და "გენგამი"-"კაენი". გამორიცხული არ არის, ეს გენგამელთა სკამს ჩაჭიდებული თავკაცის, ჟოსელინ გურვენეკის ბოლო შანსი იყოს.

საფრანგეთი. ლიგა 1. XVI ტურის წინ
2 დეკემბერი
ლორიანი-მარსელი 22:00
ნანტი-ტულუზი 22:00
მონაკო-ლანსი 00:00

3 დეკემბერი
ბასტია-ევიანი 22:00
გენგამი-კაენი 22:00
მეცი-ბორდო 22:00
მონპელიე-სტ. ეტიენი 22:00
ნიცა-რენი 22:00
ლილი-პსჟ 00:00

4 დეკემბერი
ლიონი-რეიმსი 00:00

ბომბარდირები:
11 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 7 - ვისამ ბენ იედერი (ტულუზი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული