საფრანგეთი. ლიგა 1. XVII ტურის წინ: ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე?

AutoSharing Option
"მარსელმა" ქულები დაკარგა და თითქოს "პარი სენ-ჟერმენი" უნდა გალიდერებულიყო, მაგრამ ლორან ბლანის გუნდმა კრიზისში მყოფ "ლილს" ვერ მოუგო და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა.

მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაირკვა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისევ დაშავდა და ლილელებთან თავის გუნდს ვერ დაეხმარებოდა. პარიზელი მედიკოსების თქმით, განსაკუთრებით სერიოზული არაფერია, მაგრამ შვედი შესაძლოა, არც "ნანტთან" მატჩში იყოს.

"იადონებს" ხანგრძლივი წაუგებელი სერია მეორე ლიდერმა "მარსელმა" უკვე კი შეუწყვიტა, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მიშელ დერ ზაქარიანს ძალიან რთულად დასამარცხებელი კლუბი ჰყავს.
პსჟ-ს ადვილი თამაში არ ექნება, მაგრამ ცხადია, "პარკ დე პრენსზე" მხოლოდ ერთი ფავორიტია და ეს სწორედ "პარი სენ-ჟერმენი" გახლავთ.

"მარსელი" ვახსენეთ და აქვე ვთქვათ, რომ მარსელო ბიელსას გუნდი ტურს საკუთარ "ველოდრომზე" "მეცთან" დაპირისპირებით დაასრულებს და აუცილებლად უნდა მოიგოს, რასაც აპირებს კიდეც არგენტინელი სპეციალისტი, რომელსაც ბოლო პერიოდში პატარა პრობლემები გამოუჩნდა და მათ მოგვარებას ცდილობს, ხოლო ანდრე-პიერ ჟინიაკს უკვე გოლი უგვიანდება და ალბათ, "მეცს ეცემა".

აბა, ვნახოთ, ამჯერად მაინც თუ გაახარებს თავის "ლუი მეორეზე" ფანებს "მონაკო". მონეგასკებთან სათამაშოდ ალენ კაზანოვას საკუთარი "ტულუზი" ჩაჰყავს.

ლეონარდო ჟარდიმის შეგირდები სანახევროდ ფიქრებით ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩზე იქნებიან, რომელიც "ზენიტთან" უწევთ და იმ თამაშში ჯგუფიდან გამსვლელის ბედი წყდება, მაგრამ მოდუნების უფლება ლიგა 1-შიც არ გააჩნიათ.

მართლაც საოცარ ფორმაში შევიდა "რენი". როგორც ჩანს, ფილიპ მონტანიემ მაინც გაიტანა თავისი და ბრეტანელები კრიზისიდან საბოლოოდ გამოიყვანა. ახლა რენელთა მსხვერპლი "მონპელიე" უნდა გახდეს, მაგრამ როლან კურბისს რადიკალურად განსხვავებული გეგმები გააჩნია და კრიზისიდან გამოსავლის პოვნას სწორედ ამ მატჩით დაიწყებს. აი, რამდენად გამოუვა, ამას უკვე "სტად დე ლა რუტ დე ლორიანზე" ვნახავთ.

მოყოჩაღებული "სენტ ეტიენი", რომელსაც "ლიონთან" "დერბი დუ რონის" მოგებით ისეთი თავდაჯერება შეემატა, რომ გოლების გატანა განაახლა, "ჟოფრუა გიშარზე" "ბასტიას" დაუხვდება და ისედაც "საგარეო მატჩების კომპლექსის" მქონე კორსიკელებს იმ ჯოჯოხეთურ ატმოსფეროში ძალიან უნდა გაუჭირდეთ.

ევროთავგადასავლების მორიგი მაძიებელი "ბორდო" "ლორიანს" მასპინძლობს. ბრეტანელებს რას გაუგებ, ხან საუცხოოდ თამაშობენ, ხანაც ძალიან უსუსურად. სამაგიეროდ, ჟირონდელებს აუცილებლად მოგება მართებთ, მით უმეტეს, მორიგი წაბორძიკების შემდეგ.

"ლიონი", რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იყო, რჩება თუ არა იმავე კონდიციაში და დროებითი იყო თუ არა მისი წარუმატებელი კვირა, "ევიანთან" სტუმრად ჩასატარებელ თამაშში გვიჩვენებს. მასპინძლები კი გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებენ და ეს რეფლექსი ბოლო წლებში ისე კარგად გამოუმუშავდათ, რომ ამჯერადაც შეძლეს სერიოზული ჩავარდნის დაძლევა, მაგრამ რომ არა დანიელი ლეგიონერი დანიელ ვასი, ევიანელთა საქმე ძალიან ცუდად იქნებოდა. ნორმალურად თამაში და გოლების გატანა სხვებმაც უნდა დაიწყონ.

"ლილი" უიღბლო სერიის დაძლევას "ლანსთან" დუელში შეეცდება. რენე ჟირარი "პარი სენ-ჟერმენთან" მოპოვებული ქულით ისევ გაყოყოჩდა და ახლა ლანსელების დაჩაგვრა ჩაუფიქრებია.

თქვენ წარმოიდგინეთ და, ჟოსელინ გურვენეკი ჯერ კიდევ "გენგამის" მთავარი მწვრთნელია და ახლა ფორმაში შესულ "რეიმსთან" შეეცდება ნავსის გატეხვას. რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.

საფრანგეთი. ლიგა 1. XVII ტური
5 დეკემბერი
ტულუზი-მონაკო 23:30

6 დეკემბერი
პსჟ-ნანტი 20:00
ბორდო-ლორიანი 23:00
კაენი-ნიცა 23:00
რენი-მონპელიე 23:00
სტ. ეტიენი-ბასტია 23:00

7 დეკემბერი
ევიანი-ლიონი 17:00
ლანსი-ლილი 20:00
რეიმსი-გენგამი 20:00
მარსელი-მეცი 00:00

ბომბარდირები:
11 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 7 - ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), ედინსონ კავანი (პსჟ), დანიელ ვასი (ევიანი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული