საფრანგეთი. ლიგა 1. XVIII ტური: დაკარგავს გვირგვინს "ლუი მეორეზე" მარსელი?

AutoSharing Option
"ლიონმა" "ევიანთან" დიდი ომი გადაიტანა და მაინც მოიგო, რისი წყალობითაც მესამე ადგილი შეინარჩუნა. ახლა კი უბერ ფურნიეს ბიჭებს "კაენთან" საშინაო მატჩი ელოდებათ, გუნდთან, რომელიც საკუთარ კედლებში ძალიან უსუსურად თამაშობს, მაგრამ გასვლაზე გვაოცებს და სიურპრიზებს გვთავაზობს.

"ჟერლანზე" ფავორიტი, რასაკვირველია, "ლიონია", მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ "კაენს" ლიგა ერთში გამართული ბოლო 4 მატჩიდან ლიონელებისთვის 3 აქვს მოგებული და დარჩენილი ერთი შეხვედრა ფრედ დამთავრდა.

ტურის მთავარი მატჩი კი ასრულებს კიდეც მას - "ლუი მეორეზე" "მონაკოსთან" საპაექროდ ლიდერი "მარსელი" ჩადის. მონეგასკებმა ჩემპიონთა ლიგაზე მისია იდეალურად
შეასრულეს და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ.

ახლა კი ლეონარდო ჟარდიმი, სულ მინიმუმ, თებერვლამდე ბოლომდე ლიგა ერთზე უნდა გადმოერთოს, რადგან მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონას 7 ქულით ჩამორჩება და უკვე რთული ამოცანის წინაშეა. ასე რომ, მარსელო ბიელსას მძიმე მატჩი ელოდება და არგენტინელმა თავისი შეგირდები ამისთვის მაქსიმალურად უნდა შეამზადოს.

"გენგამმა" ზედიზედ 2 მატჩი მოიგო და ამოისუნთქა. ასე რომ, ახლა ბრეტანელთა ბანაკში შეუძლიათ ფსიქოლოგიურად განეწყონ იმისთვის, რომ "პარი სენ-ჟერმენთან" შესაძლოა, დამარცხდნენ. პარიზელებს კარგი შანსი აქვთ, ამ ტურში პირველ ადგილზე გადავიდნენ, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარსელელებს ძალიან მძიმე თამაში აქვთ.

გარდა ამ ყველაფრისა, პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" წააგეს და პირველი ადგილი დაკარგეს. ეს ლორან ბლანის პირველი მარცხია ამ სეზონში, ხოლო პსჟ-ის ფანები დამარცხებებს გადაეჩვივნენ.

"სენტ ეტიენს" მიყოლებით სამი მოგება აქვს და "მწვანეებმა" გოლების გატანა დაიწყეს. კრისტოფ გალტიე სამეულთან ერთ ნაბიჯშია და ახლა კიდევ ერთი სერიოზული ტესტი აქვს. შესაძლოა, "ნიცა" ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური გუნდია, მაგრამ "ალიანს რივიერაზე" ჩასვლა და 3 ქულის წამოღება ასე ადვილი არ არის.

ლიგა 1. XVIII ტური
12 დეკემბერი
ლიონი-კაენი 23:30

13 დეკემბერი
ნანტი-ბორდო 20:00
ბასტია-რენი 23:00
ლორიანი-მეცი 23:00
მონპელიე-ლანსი 23:00
რეიმსი-ევიანი 23:00

14 დეკემბერი
ნიცა-სტ. ეტიენი 17:00
გენგამი-პსჟ 20:00
ლილი-ტულუზი 20:00
მონაკო-მარსელი 00:00

ბომბარდირები: 13 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 12 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 8 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), შეიკ დიაბატე (ბორდო); 7 - ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), ედინსონ კავანი (პსჟ), დანიელ ვასი (ევიანი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული