საფრანგეთი. ლიგა 1. XIX ტურის წინ: ჟირონდა მოვლენათა ცენტრში

AutoSharing Option
ფოტოზე: ჩემპიონატის ბომბარდირი ალექსანდრ ლაკაზეტი "ბორდოს" კარს შეუტევს

ლიგა 1-ის წინა ტური სენსაციებით დახუნძლული გამოდგა და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. "პარი სენ-ჟერმენმა" და "მარსელმა" წააგეს. სამაგიეროდ, მოიგო "ლიონმა" და პირველ ადგილთან ორ ქულაშია, ხოლო მეორესთან - ერთში.

პარიზელებმა, რომლებიც აქამდე დაუმარცხებლად მოდიოდნენ, ახლა ზედიზედ ორი თამაში დათმეს, ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, შემდეგ კი - ჩემპიონატში.

ლიგის თასზე "აიაჩოს" დამარცხება დიდი ვერაფერი კომპენსაციაა. ლორან ბლანი, ერთი მხრივ, ცდილობს ბოლომდე არ შეიმჩნიოს, ხოლო მეორე მხრივ, არ მალავს, რომ უკმაყოფილოა. მისი ბიჭები ახლა "მონპელიეზე" ილესავენ
კბილებს.

"მარსელი" "ველოდრომზე" "ლილს" დაუხვდება. რენე ჟირარის კლუბმა 13-მატჩიანი მოუგებელი სერია "ტულუზთან" შეწყვიტა და ახლა ლილელები თავიანთი ჩაკეტილი სტილით მარსელელების დამძიმებას შეეცდებიან. ისე, ანდრე-პიერ ჟინიაკს გოლები უგვიანდება და ვნახოთ, ამჯერად გაიტანს თუ ვერა, თორემ ალექსანდრ ლაკაზეტი უკვე წინ გაექცა.

ლაკაზეტის ხსენებაზე "ლიონის" თამაშზე გადავერთოთ: უბერ ფურნიეს თავისი არმია ჟირონდაში "ბორდოსთან" საპაექროდ ჩაჰყავს.

ეს შეხვედრა, ყველანაირი გაგებით, ტურის ცენტრალური მატჩია, სახელებითაც არაფერი დაეწუნება და სატურნირო დატვირთვაც დიდი აქვს. ახლა კლუბებს შორის სხვაობა 5 ქულაა. ვილი სანიოლის "ბორდოში" მისვლის მერე, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრასთან დაკავშირებული ამბიციები დაუბრუნდა და მესამეზე მყოფ ლიონელებს თუ მოუგებს, ამ ზონასთან სხვაობას შეამცირებს.

თანაც, წინა ტურში წაგების და და ლიგის თასზე "ლილთან" გამოვარდნის მერე ბორდოელებს რეაბილიტაცია სჭირდებათ. "ჟაკ შაბან დელმაზე" ძალიან საინტერესო დუელი გველოდება.

"ლიონსა" და "ბორდოს" შორის მყოფი "სენტ ეტიენი" "ჟოფრუა გიშარზე" "ევიანს" მიიღებს და წესით, 3 ქულაც უნდა აიღოს, მაგრამ "მწვანეები" ძალიან არასტაბილურები არიან, ხოლო ევიანელები არაპროგნოზირებადნი. ამიტომაც რამის გადაჭრით თქმა მაინც ძნელია.

ერთი რამ კი შეგვიძლია ვთქვათ - თუ კრისტოფ გალტიეს გუნდი ასეთ შეხვედრებში ქულების კარგვას გააგრძელებს, ჩემპიონთა ლიგის საგზურს საბოლოო ჯამში ვერც ამჯერად მოიპოვებს.

მიჯრით სამი მოგებით მოამაყე "მონაკო" მორიგ 3 ქულას "მეცთან" დაპირისპირებაში დაუმიზნებს. ლეონარდო ჟარდიმის გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ, წინ მიიწევს და ჩემპიონატის დასაწყისში დაკარგული ახლა უნდა აინაზღაუროს.

ლიგა 1-ში მიყოლებით სამ მოგებას მონეგასკებმა ლიგის თასზე "ლიონთან" პენალტების სერიაში დრამატული გამარჯვებაც დაურთეს.

ევროზონის სიახლოვეს მოტრიალე ფილიპ მონტანიეს "რენს" "რეიმსი" ეწვევა. ბრეტანელებმა დიდებული სერიის შემდგომ ორი მარცხი მიაყოლეს და თუ შორსმიმავალი გეგმები შემორჩათ, ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგონ.

"ნანტმა" მინი-ჩავარდნა წინა ტურში დაასრულა, როდესაც "ბორდოს" მოუგო. ამით ორმაგად ფრთაშესხმული "იადონები" ბრეტანში ჩაფრინდებიან და "ლორიანს" გაეჯიბრებიან.

უპრინციპულესი მატჩია "კაენსა" და "ბასტიას" შორის. კაენელები შინ არნახულად ცუდად თამაშობენ და მათი ქომაგები ამჯერად კატეგორიულად გამარჯვებას ითხოვენ. ვისღა უნდა მოუგოს მათმა საყვარელმა გუნდმა, თუ არა "ბასტიას"?

ეს კლუბები 14-14 ქულით ცხრილის ფსკერზე იყვნენ, მაგრამ "ბასტიამ" წინა ტურში "რენის" ძლევა შეძლო და 3 ქულით წინ ამოყვინთა, მაგრამ ისევ გასავარდნ ზონაში რჩება.

საფრანგეთი. ლიგა 1. XIX ტური
19 დეკემბერი
ლანსი-ნიცა 2:0
გოლები: 1:0 ვილან სიპრიენი (38), 2:0 ადამო კულიბალი (86)

20 დეკემბერი
პსჟ-მონპელიე 20:00
კაენი-ბასტია 23:00
ლორიანი-ნანტი 23:00
მეცი-მონაკო 23:00
რენი-რეიმსი 23:00
ტულუზი-გენგამი 23:00

21 დეკემბერი
მარსელი-ლილი 17:00
სტ. ეტიენი-ევიანი 20:00
ბორდო-ლიონი 00:00

ბომბარდირები:
13 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 12 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 8 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), შეიკ დიაბატე (ბორდო), დანიელ ვასი (ევიანი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული