საფრანგეთი. ლიგა 1. XIX ტური: პსჟ მესამეზე დაქვეითდა

AutoSharing Option
"პარკ დე პრენსზე" დედაქალაქელებმა კვლავაც გააწბილეს გულშემატკივრები და წელი მაჟორულ ნოტზე ვერ ჩაამთავრეს. ლორან ბლანის ბიჭებმა ამჯერად "მონპელიესთან" წაიბორძიკეს, რომელიც პსჟ-ისთვის ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა.

ამით მშვენივრად ისარგებლა "მარსელმა" და სხვაობა 3 ქულამდე გაზარდა. მარსელო ბიელსამ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის მატჩში პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში მიში ბატშუაი და 21 წლის ბელგიელმაც გაამართლა, სწორედ მან მოუტანა 3 ქულა მარსელელებს "ლილთან" დუელში. ეს "სტანდარდის" ყოფილი ფეხბურთელის მეორე გოლია ამ სეზონში.

ძალიან ადვილად იმარჯვა "სენტ ეტიენმა", რომელიც სამეულთან ერთ ნაბიჯში რჩება.
"მწვანეებმა" "ევიანი" იშვიათი სიმსუბუქით ჩაყლაპეს - 3:0.

რომენ ამუმამ სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა და "ჟოფრუა გიშარზე" ბენეფისი მოიწყო.

ასევე შთამბეჭდავად ვერა და პირიქით, მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც მოახერხა 3 ქულის მოპოვება "მონაკომ", რომლისთვისაც ეს ზედიზედ მე-4 გამარჯვებაა და მონეგასკები უკვე მე-5 ადგილზე დამკვიდრდნენ. მათ იანიკ ფერეირა კარასკომ მოაგებინა.

ლეონარდო ჟარდიმის გუნდი მე-5 ადგილზე იმიტომ გადავიდა, რომ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ბორდო" უშანსოდ დამარცხდა "ლიონთან", თანაც საკუთარ "შაბან დელმაზე". ჟირონდელებმა 10 კაცით ჩაამთავრეს მატჩი.

ლიონელთა მხრიდან კი თავისი მორიგი გოლები შეაგდო ალექსანდრ ლაკაზეტმა და ბომბარდირთა დავის პირველ ადგილზე გვარიანად გაიმყარა პოზიცია. აი, ლიონელები კი ამ მოგებით მეორე ადგილზე გადავიდნენ და პსჟ მესამეზე ჩამოაქვეითეს... ყოჩაღ უბერ ფურნიეს, მეტი რა გვეთქმის.

"რენმა" დაგვიდასტურა, რომ ისევ კრიზისშია და შესაბამისად, არც ამ სეზონში უნდა ველოდოთ ბრეტანელებისაგან რაიმე განსაკუთრებულს. ფილიპ მონტანიეს შეგირდებმა პირველი ტაიმი კი მოიგეს, მაგრამ შემდეგ სამი უპასუხო ბურთი მიიღეს "რეიმსისგან".

ამასობაში, "ნანტმა" ისევ იმარჯვა და "იადონები" ნელ-ნელა ისევ მაღლა და მაღლა მიიწევენ. "ლანსმა" ძალიან ადვილად აჯობა "ნიცას" და გასავარდნი ზონა დატოვა. "კაენი" საშინაო შეხვედრაში ისევ აგებდა, მაგრამ როგორღაც ქულა მაინც გადაარჩინა, ხოლო "ტულუზის" ლიდერმა ვისამ ბენ იედერმა "გენგამთან" შეხვედრაში პენალტი ვერ გაიტანა და შედეგად - 1:1 - ორივე გუნდმა ხანგრძლივი უფრეო სერია შეწყვიტა.

ლიგა 1. XIX ტური
ლანსი-ნიცა 2:0
გოლები: 1:0 სიპრიენი (38), 2:0 კულიბალი (86)

პსჟ-მონპელიე 0:0
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი (80. დინი) - ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი (65. რაბიო) - ლუკასი, კავანი (65. ბაებეკი), იბრაჰიმოვიჩი

კაენი-ბასტია 1:1
გოლები: 0:1 კამანო (21), 1:1 ფერე (74)

ლორიანი-ნანტი 1:2
გოლები: 0:1 ბამუ (44), 1:1 ჯ. აიუ (72), 1:2 ოდელი (79)

მეცი-მონაკო 0:1
გოლი: 0:1 ფერეირა კარასკო (79)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, ტულალანი, აბდენური, რაჯი - ბაკაიოკო, მოუტინიო - ფერეირა კარასკო, დირარი (59. ჟერმენი), ბერნარდო სილვა (77. ლ. ტრაორე) - მარტიალი (87. დიალო)

რენი-რეიმსი 1:3
გოლები: 1:0 მეშერი (45), 1:1 შარბონიე (65), 1:2 ოდერ ფორტესი (76), 1:3 დე პრევილი (90)

ტულუზი-გენგამი 1:1
გოლები: 0:1 ტ. ჟირესი (8), 1:1 ტ. დუმბია (25)
ვისამ ბენ იედერმა ვერ გაიტანა პენალტი (56. მეკარე)

მარსელი-ლილი 2:1
გოლები: 1:0 რუ (32-ს.კ-ში), 1:1 გეიე (61), 2:1 ბატშუაი (69)

სტ. ეტიენი-ევიანი 3:0
გოლები: 1:0 გრადელი (1), 2:0 ვან ვოლფსვინკელი (20), 3:0 ამუმა (65)

ბორდო-ლიონი 0:5
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (39), 0:2 ტოლისო (56), 0:3 ფეკირი (81), 0:4 ფერი (85), 0:5 ლაკაზეტი (90)
გაძევება: პალუა (65. ბორდო)

ბომბარდირები: 17 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 12 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 8 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), შეიკ დიაბატე (ბორდო), დანიელ ვასი (ევიანი)

7 იანვარი:
ლილი-ევიანი (გადადებული მატჩი)

მომდევნო ტური
9 იანვარი:
მონპელიე-მარსელი

10 იანვარი:
ბასტია-პსჟ, ევიანი-რენი, გენგამი-ლანსი, ლილი-კაენი, ნიცა-ლორიანი, რეიმსი-სტ. ეტიენი

11 იანვარი:
ლიონი-ტულუზი, ნანტი-მეცი, მონაკო-ბორდო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული