საფრანგეთი. ლიგა 1. XX ტურის წინ: ძნელი ომები ლიდერთა კვარტეტისთვის

AutoSharing Option
ფოტოზე: ზლატან იბრაჰიმოვიჩის პსჟ-მ წელი სათასო მატჩში "მონპელიეს" განადგურებით დაიწყო
"ლილისა" და "ევიანის" გადადებულმა მატჩმა ლიგა 1-ში 2015 წლის პირველი აკორდი კი აიღო, მაგრამ სრულ ტურს და მეორე წრეს 2015 წელს ლიდერი "მარსელის" მატჩი გახსნის "მონპელიესთან".

2014 წელი ორივე გუნდმა სათასო ფიასკოთი ჩაამთავრა და ორივეს პოზიტიურ ტალღაზე სწადია დაბრუნება. მონპელიელები არასტაბილურ თამაშს კი აჩვენებენ, მაგრამ მათთან გასვლაზე თამაში თვით მარსელო ბიელსას ბიჭებისთვისაც რთული უნდა იყოს. "მარსელმა" იცის, რომ ქულების დაკარგვის შემთხვევაში ამ შეცდომას ორი მდევრიდან, სულ მცირე, ერთი მაინც არ
აპატიებს.

გარდა ამისა, მარსელელებს შურისძიება სწყურიათ, მათ ამ სეზონში პირველი მარცხი სწორედ "მონპელიესგან" იწვნიეს და ეს "ველოდრომზე" გუნდის ერთადერთ მარცხად რჩება.

საინტერესოა, რომ უკანასკნელი 14 მატჩიდან ეს გუნდები ერთმანეთს არცერთხელ არ დაზავებიან. აქედან 9 "მარსელმა" მოიგო, ხოლო 5 - "მონპელიემ".

შემდეგი სცენაზე "პარი სენ-ჟერმენი" გამოვა, რომელსაც კორსიკაზე "ბასტიასთან" სტუმრობა ელოდება. ამ გუნდების პირველი წრის მატჩმა იმ სკანდალით დაგვამახსოვრა თავი, რომელსაც ვეტერანი ბრაზილიელი ფორვარდის, ბრანდაოს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მოჰყვა.

უკანასკნელ წლებში "პარი სენ-ჟერმენს" ძალიან ადვილად გამოსდის "ბასტიას" დამარცხება და ზედიზედ 9-ჯერ ჰყავს კორსიკელები წაქცეული. ბოლოს "ბასტიამ" დედაქალაქელებს 2003 წელს მოუგო.

რასაკვირველია, ლორან ბლანის ბიჭები ამჯერადაც ფავორიტები არიან და მეტიც, ფანები კატეგორიულად მოითხოვენ მოგებას, რადგან პარიზელები უკვე მე-3 ადგილამდე დაქვეითდნენ, რაც უკანასკნელ წლებში წარმატებებით განებივრებული ქომაგებისთვის მიუღებელია.

"ლიონი" კვირა დღეს გახსნის და საკუთარ "ჟერლანზე" ცუდ ფორმაში მყოფ "ტულუზთან" შეეცდება ფავორიტის სტატუსის გამართლებას. უბერ ფურნიეს ბიჭები შესანიშნავად გამოიყურებიან, "პარი სენ-ჟერმენსაც" კი გადაასწრეს და პირველ ადგილს უმიზნებენ.

თუმცა ქულები ჰაერივით სჭირდებათ ტულუზელებსაც, რომლებიც სახიფათო ზონაში არიან, მაგრამ თავადაც არ ახსოვთ, ბოლოს როდის დაამარცხეს "ლიონი" სტუმრად. ზოგადად, ამ კლუბების ურთიერთშეხვედრებში წყვილში სტუმარს მოგება უჭირს ხოლმე, ასეთი რამ 18 მატჩია, არ მომხდარა - პირველ წრეში "ლიონმა" ტულუზში ვერ იმარჯვა.

ტური "ლუი მეორეზე" დასრულდება, სადაც სათამაშოდ "ბორდო" ჩადის, რომელიც მთლიანობაში, "მონაკოსთვის" ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა.

მართალია, ბოლო 7 მატჩს თუ გამოვარჩევთ, მონაკოელების უპირატესობას დავინახავთ, მაგრამ უშუალოდ საკუთარ კედლებში ამ გუნდს "ბორდო" 8 მატჩია, არ დაუმარცხებია. გაატეხინებს თუ ვერა ნავსს ლეონარდო ჟარდიმი "მონაკოს", ამას ერთად ვნახავთ. მატჩს სატურნირო კუთხითაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

ვილი სანიოლის "ბორდომ" გაცილებით უკეთ და სტაბილურად დაიწყო, მაგრამ ბოლო დროს მოუკლო, ხოლო მონეგასკებს პირიქით, აღმასვლა აქვთ, მიყოლებით 4-ჯერ მოიგეს და უკვე გადაასწრეს კიდეც ჟირონდელებს, მაგრამ ჯერ ოდენ 1 ქულით.

"მონაკოსა" და "ბორდოს" სტილიდან გამომდინარე, "ლუი მეორეზე" დაძაბულ და ფრთხილ შეხვედრას ველოდებით.

ასეთივე თამაშია მოსალოდნელი "რეიმსსა" და "სენტ ეტიენს" შორის. კრისტოფ გალტიეს ბიჭებს უკვე 10 ტურია, არ წაუგიათ. არაპროგნოზირებად "რეიმსს" მათი დამარცხება კი ენდომება, მაგრამ გამოვა კი?

საფრანგეთი. ლიგა 1. XX ტური
9 იანვარი
მონპელიე-მარსელი 23:30

10 იანვარი
ბასტია-პსჟ 20:00
ევიანი-რენი 23:00
გენგამი-ლანსი 23:00
ლილი-კაენი 23:00
ნიცა-ლორიანი 23:00
რეიმსი-სტ. ეტიენი 23:00

11 იანვარი
ლიონი-ტულუზი 17:00
ნანტი-მეცი 20:00
მონაკო-ბორდო 00:00

ბომბარდირები: 17 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 12 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 8 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), შეიკ დიაბატე (ბორდო), დანიელ ვასი (ევიანი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული