საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტურის წინ: პსჟ სამეულში დაბრუნებისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ტური ჟირონდაში დაიწყება, სადაც ვილი სანიოლის "ბორდო", რომელიც გასულ უქმეებზე "ლუი მეორეზე" "მონაკოსთან" არ დამარცხდა და ისევ ევროზონასთან ტრიალებს, "ნიცასთან" გამარჯვებას დაგეგმავს. ბორდოელებს 3 ტურია არ მოუგიათ და იმის გათვალისწინებით, რომ ამ სეზონში ლიგა ერთში ევროსაგზურებისთვის კიდევ უფრო დიდი კონკურენციაა, სასწრაფოდ გამარჯვება სჭირდებათ.

შაბათ დღეს ლიგა 1-ში ახალი ლიდერი, "ლიონი" გახსნის. უბერ ფურნიეს ბიჭები მართლაც საუცხოო ფორმაში არიან, მათ ჩემპიონატის უკანასკნელი 12 შეხვედრიდან 10 მოგებული აქვთ და გაჩერებას არ აპირებენ.

არ ჩერდება არც ალექსანდრ ლაკაზეტი, ვისაც უკვე 19 გოლი
დაუგროვდა და მონაგარის გაზრდისთვის ყველაფერს გააკეთებს. წესით, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს ანტუან კომბუარეს "ლანსიც", გუნდი გასავარდნ ზონაშია და უკან დასახევი გზა არც აქვს.

მიჯრით 5 მოგების შემდეგ "მონაკომ" გამარჯვება ვეღარ შეძლო და სამეულს უფრო მეტად ვერ მიუახლოვდა. ახლა კი ლეონარდო ჟარდიმმა მიშელ დერ ზაქარიანის "ნანტს" უნდა აჯობოს. "იადონებმა" კრიზისი დაძლიეს და მონეგასკებთანაც ბოლომდე იბრძოლებენ. დუელი ძალიან დაძაბული უნდა გამოვიდეს და ალბათ, გოლების წვიმას ვერ ვიხილავთ.

"სენტ ეტიენმა" "პარი სენ-ჟერმენს" გადაასწრო და მე-4 ადგილამდე ჩამოაქვეითა, რისთვისაც პარიზელებმა "მწვანეები" ლიგის თასზე დასაჯეს და ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ მკერდით გატანილი გოლით მოუგეს მათ. თუმცა გულშემატკივრებს დასამშვიდებლად მხოლოდ ეს არაფრით ეყოფათ და ლორან ბლანმა აუცილებლად უნდა დაიწყოს ლიგა 1-ში პოზიციების დაბრუნება.

"სენტ ეტიენს" რაც შეეხება, კრისტოფ გალტიეს შეგირდებს საკმაოდ რთული სტუმრობა აქვთ ბრეტანიის დედაქალაქ რენში. "მწვანეებს" უკვე 11 ტურია, არ წაუგიათ და ფილიპ მონტანიე შეეცდება, რომ მათ მარცხის გემო გაახსენოს, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, რადგან გალტიემ გასვლაზე ქულების დაგროვება დაიწყო და სტუმრად უკვე 7 შეხვედრაა არ წაუგია.

ბრეტანულ გუნდს ხვდება "მარსელიც", რომელიც "გენგამს" დაუხვდება და აუცილებლად უნდა მოიგოს. მარსელო ბიელსას ბიჭებმა ბოლო 3 ტურიდან 2-ში წააგეს და პლუს თასზე "გრენობლთან" დამარცხდნენ, რასაც რეაბილიტაცია სჭირდება.

მარსელელებმა პირველი ადგილი დაკარგეს და კიდევ ერთი-ორი ფეხის დაცდენა უკვე შესაძლოა, სამეულში ადგილის დაკარგვად დაუჯდეთ.

სულ ბრეტანის მხარეს ვახსენებთ და იქ უწევს სტუმრობა "ლილსაც", რომელმაც როგორც ჩანს, კრიზისი დაძლია, რაც "ლორიანთან" უნდა დაამტკიცოს და მოგების შემთხვევაში, ათეულშიც შევა. "მონპელიეს", რომელმაც კარგი მონაკვეთი შემოგვთავაზა, "მეცთან" უწევს ჭიდილი და თუ იმარჯვებს, სულაც ხუთეულს მიუახლოვდება.

ტულუზში ორი ყველაზე არასტაბილური გუნდის პაექრობაა: ადგილობრივი კლუბი, რომელსაც 4 შეხვედრაა არ უმარჯვია, "ბასტიას" მასპინძლობს. კორსიკელები ამ წუთისთვის 4-მატჩიანი დაუმარცხებელი მონაკვეთით იწონებენ თავს. დაბოლოს, ცხრილის ფსკერზე ჩაძირული "კაენი" საშინაო მატჩების კოშმარული სტატისტიკის გამოსწორებას "რეიმსთან" ეცდება.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტური
16 იანვარი
ბორდო-ნიცა 23:30

17 იანვარი
ლანსი-ლიონი 20:00
კაენი-რეიმსი 23:00
ლორიანი-ლილი 23:00
მეცი-მონპელიე 23:00
მონაკო-ნანტი 23:00
ტულუზი-ბასტია 23:00

18 იანვარი
პსჟ-ევიანი 17:00
რენი-სტ. ეტიენი 20:00
მარსელი-გენგამი 00:00

ბომბარდირები: 19 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 12 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 8 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), შეიკ დიაბატე (ბორდო), დანიელ ვასი (ევიანი), ნაბილ ფეკირი (ლიონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული