საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტურის წინ: "მონაკო"-"ლიონი": ვინ ვის გააჩერებს

AutoSharing Option
ყველაფერი "პარკ დე პრენსზე" დაიწყება, სადაც ლორან ბლანის პსჟ "რენის" დამარცხებას შეეცდება და "ლიონის" ფეხის დაცდენას დაელოდება, რაც სავსებით რეალურია, რადგან ლიონელები ტურს "ლუი მეორეზე" საუცხოოდ ათამაშებულ "მონაკოსთან" დუელით ასრულებენ.

"პარი სენ-ჟერმენს" "რენთან" შურისძიებაც სწყურია, პარიზელებმა ბრეტანელებს პირველ წრეში საგარეო მატჩი ვერ მოუგეს, ხოლო დედაქალაქში უკანასკნელი სტუმრობა "რენმა" ტრიუმფით დაასრულა (2:1). ავად თუ კარგად, ბლანის ბიჭებმა მიჯრით 4 მატჩი მოიგეს და სანამ ჩემპიონთა ლიგა განახლებულა, მაქსიმალურად კარგ ფორმაში შესვლას ცდილობენ.

სამაგიეროდ, უკვე დიდი ხანია, შესანიშნავად გამოიყურებიან "მონაკო" და "ლიონი". მონეგასკებს
ბოლო 12 მატჩია, არ წაუგიათ. აქედან 11 დაპირისპირებაში იმარჯვეს (ერთში პენალტებით) და ასევე 11 შეხვედრაში შეინახეს კარი მშრალად. "ჟერლანის" ბინადრებს კი უშუალოდ ლიგა 1-ში მიყოლებით 7 თამაში აქვთ მოგებული და 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.

უბერ ფურნიეს ახლა გენერალური გამოცდა აქვს - ჯერ "ლუი მეორეზე" სტუმრობა, ხოლო შემდეგ საშინაო შეხვედრა პსჟ-სთან. თუ "ლიონმა" ეს თამაშები ჩააგდო, დიდი შანსია, პირველი ადგილი დაკარგოს, ხოლო სულ მინიმუმ, მდევრებს მიიახლოებს მაქსიმალურად.

"მონაკო" კი სამეულისკენ მიიწევს, ლეონარდო ჟარდიმმა ისე აკრიფა, გაჩერებას არც აპირებს. საკითხავი ის არის, რამდენად გაუძლებს მონეგასკების მრავალნაქები დაცვის ხაზი ალექსანდრ ლაკაზეტს, რომელიც უგოლოდ მინდორს, ფაქტობრივად, არ ტოვებს. ამ კლუბების ბოლო 4 ურთიერთშეხვედრაში "ლიონმა" მხოლოდ ერთხელ იმარჯვა, "მონაკომ" კი ერთი მატჩი პენალტებში მოიგო, ხოლო ორი - ძირითად დროში.

"მარსელმა" წაგებებს მოუხშირა, პირველი ადგილიდან ჩამოაქვეითეს და თუ ასე გააგრძელებს, შესაძლოა, მალე სამეულს მიღმა ვიხილოთ. "ევიანი" ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვედა სამეულს არ დაუბრუნდეს და "ველოდრომზე" ბრძოლას გამართავს, მაგრამ მარსელო ბიელსას ბიჭებს აუტსაიდერებთან აუცილებლად მოგება ჰმართებთ.

ჩემპიონატში "ბორდოს" უკვე 5 ტურია, არ გაუმარჯვია და საკუთარი ქომაგებით გარშემორტყმული ჟირონდელები ნავსის გატეხვას "გენგამთან" გეგმავენ, მაგრამ ბრეტანელები ბოლო დროს უაღრესად დამაჯერებელნი არიან და ლიგა 1-ში უკანასკნელი 7 შეხვედრიდან მარტოოდენ ერთი აქვთ დათმობილი.

"კაენს" კი, რომელმაც ზედიზედ ორი 4:1 დააფიქსირა, ცოტაც უნდა და გასავარდნი ზონიდან ამოვა, მაგრამ მეტოქე სერიოზულია, ევროსაგზურის მაძიებელი "სენტ ეტიენის" სახით. "მწვანეების" პოზიციები ცოტა კი შეირყა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს არც ის, რომ კრისტოფ გალტიეს გუნდს უკანასკნელ 19 თამაშში სულ რაღაც 3 მარცხი აქვს - აქედან ორი პსჟ-ისგან იწვნია, ხოლო ერთხელ ევროპალიგაზე დამარცხდა "დნიპროსთან" (სამივე შემთხვევაში ანგარიშით 0:1) და ხსენებული 19 თამაშიდან 12-ში კარი მშრალად შეინახა.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტური
30 იანვარი
პსჟ-რენი 23:30

31 იანვარი
მარსელი-ევიანი 19:30
ლანსი-ბასტია 23:00
ლორიანი-მონპელიე 23:00
მეცი-ნიცა 23:00
ნანტი-ლილი 23:00
ტულუზი-რეიმსი 23:00

1-ლი თებერვალი
კაენი-სტ. ეტიენი 17:00
ბორდო-გენგამი 20:00
მონაკო-ლიონი 00:00

ბომბარდირები: 21 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 13 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 10 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი); 9 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 8 - შეიკ დიაბატე (ბორდო), ედინსონ კავანი (პსჟ), დანიელ ვასი (ევიანი), ნაბილ ფეკირი (ლიონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული