საფრანგეთი. ლიგა 1. XXV ტურის წინ: ლიგამდე "კაენია"

AutoSharing Option
ტურის ცენტრალურ მატჩად "შაბან დელმაზე" "ბორდოსა" და "სენტ ეტიენს" შორის გასამართი შეხვედრა უნდა მოვნათლოთ. ეს გუნდები ევროზონისთვის იღვწიან.

"მწვანეებს" უკვე 4 ტურია, არ მოუგიათ და ისინი არათუ ჩემპიონთა ლიგის ზონას ჩამორჩნენ საგრძნობლად, არამედ შესაძლოა, ევროპალიგის ზონაშიც დაკარგონ ადგილი. კრისტოფ გალტიეს ბიჭების ერთ-ერთი მთავარი მდევარი სწორედ "ბორდოა", რომელმაც მოუგებელი სერია წინა ტურში შეწყვიტა და ახლა ჟირონდელები ყველანაირად ეცდებიან, ამ შეხვედრაშიც იმარჯვონ და კონკურენტთან სხვაობა 1 ქულამდე შეამცირონ.

"მარსელმა" წინა ტურში "ლიონისა" და პსჟ-ის ურთიერთშეხვედრით ვერ ისარგებლა და "რენთან" დაკარგა ორი ქულა,
ახლა კი "რეიმსის" წასაქცევად ემზადება, რაც "ველოდრომის" ბინადრებს, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ. ყოველ შემთხვევაში, თუკი რამეზე პრეტენზია აქვთ, რადგან რეიმსელები ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფებიან.

არ გაუმართლა "კაენს", გუნდმა შესანიშნავი სერია გამოაცხო, მიჯრით ოთხჯერ მოიგო და გასავარდნ ზონას ასევე 4 ქულით მოწყდა, მაგრამ ამ ლამაზ თავგადასავალს ახლა ალბათ წერტილი დაესმება, რადგან კაენელები "პარკ დე პრენსზე" ჩადიან. "პარი სენ-ჟერმენი" მეტოქეს საბრძოლო შემადგენლობით ხვდება.

ერთადერთი, შესაძლოა, ხავიერ პასტორე არ იყოს ისევ. სტუმრების სასარგებლოდ კიდევ ერთი პატარა დეტალი გამოვარჩიოთ - 17-ში ლორან ბლანის კლუბი "ჩელსის" უნდა შეეჭიდოს და "კაენთან" ბოლომდე, ალბათ, არ დაიხარჯება. დედაქალაქელებმა შუა კვირაში თასზეც მოასწრეს თამაში და "ნანტს" ედინსონ კავანისა და იოან კაბაის გოლებით მოუგეს. არადა, ნანტელებს წინა ეტაპზე ლიდერი "ლიონი" ჰყავდათ დამარცხებული.

სხვათა შორის, მიშელ დერ ზაქარიანის ბიჭები ამ ტურში "ბასტიას" მასპინძლობენ. კორსიკელებს 7 ტურია, არ წაუგიათ და შუალედში ლიგის თასიდან "მონაკოს" გამოთიშვაც მოახერხეს. საინტერესოა, გააგრძელებენ თუ არა ამ სერიას "სტად დე ლა ბუჟუარ - ლუი ფონტენოზე". თავის მხრივ, "ნანტს" 5 ტურია, არ მოუგია და ნავსის გატეხვა სურს.

ახლა "ტულუზი" გასავარდნ ზონასთან ყველაზე ახლოს მყოფი გუნდია. ალენ კაზანოვას მორიგი რანდევუ ფილიპ მონტანიეს "რენთან" ელოდება. ბრეტანელებს თავიანთი ინტერესები აქვთ, გუნდს 5 ტურია, არ მოუგია.

რადგან გასავარდნ ზონაზე ავლაპარაკდით, ვთქვათ ისიც, რომ ბოლო ადგილზე დალექილ "მეცს" უცილობლად მოსაგები აქვს, თორემ ჩამორჩენა ნელ-ნელა ისე გაიზრდება, რომ დაწევა შეუძლებელი გახდება.

თუმცა, როგორ გინდა მოუგო მეტოქეს, რომელსაც უკანასკნელი 15 შეხვედრიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული, ისიც "მონაკოსთან" და "მარსელთან" საგარეო მატჩები. გენგამელებს თასზე დიდი დრამაც გადახდათ, ისინი ბოლო წუთამდე აგებდნენ ქვედალიგელ "იოზერთან", მაგრამ კრისტოფ მანდანმა გაათანაბრა და დამატებით დროში მანვე და ჟერემი პიემ გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა.

სულაც ექვსქულიანი დაპირისპირებაა ამიენში, სადაც მასპინძლის სტატუსით ბოლოდან მეორეზე მყოფი ბოლოდან მესამეადგილოსან "ევიანს" დაუხვდება. ამ კლუბებს შორის სხვაობა ერთადერთი ქულაა.

"მონაკო" კი, რომელმაც ორი ტური მოგების გარეშე ჩააგდო და ლიგის საგზურს 8 ქულით ჩამორჩა, თავის "ლუი მეორეზე" "მონპელიესთან" არცთუ იოლ შეხვედრაში შეეცდება საჭირო გამარჯვების მოპოვებას.

სტატისტიკა აშკარად მონეგასკების მხარესაა, "მონპელიე", ფაქტობრივად, ვერასდროს უგებს მეტოქეს. მაგალითად, ბოლო 20 წელიწადში გუნდებს შორის გამართული 25 დუელიდან 18 "მონაკომ" მოიგო, ხოლო 7 ფრედ დასრულდა. თანაც, თასზე "რენთან" 3:1-ის მერე, "მონაკო" კარგ ხასიათზეა და გვიჩვენა, რომ თურმე ბევრი გოლის გატანაც შეუძლია.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXV ტური
13 თებერვალი
მარსელი-რეიმსი 23:30

14 თებერვალი
პსჟ-კაენი 19:00
ლანსი-ევიანი 23:00
ლილი-ნიცა 23:00
მონაკო-მონპელიე 23:00
ნანტი-ბასტია 23:00
ტულუზი-რენი 23:00

15 თებერვალი
ბორდო-სტ. ეტიენი 17:00
მეცი-გენგამი 20:00
ლორიანი-ლიონი 00:00

ბომბარდირები: 21 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 14 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 11 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი); 10 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 8 - შეიკ დიაბატე (ბორდო), ედინსონ კავანი (პსჟ), დანიელ ვასი (ევიანი), ნაბილ ფეკირი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული