ლიგა 1. XXXI ტურის წინ: საფრანგეთი "კლასიკის" მოლოდინში

AutoSharing Option
როდესაც საფრანგეთში "მარსელისა" და "პარი სენ-ჟერმენის" დუელია, ყველა დანარჩენი შეხვედრა იჩრდილება. "კლასიკი" უპრესტიჟულესია და თან ამ დაპირისპირების სტატუსს ახლა სატურნირო მდგომარეობაც უწყობს ხელს.

პარიზელებმა, როგორც იქნა, საწადელს მიაღწიეს და პირველ ადგილზე გადავიდნენ, მაგრამ "ლიონს" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ, ხოლო მარსელელებს - ორით. ამიტომაც ზედმეტი განმარტება იმას აღარ სჭირდება, თუ რამდენად ფასობს ამ თამაშში გამარჯვება.

დედაქალაქელთა ფანები ბოლო წლებში "კლასიკში" მოპოვებული გამარჯვებებისგან განცდილი სიხარულით განებივრებულნი არიან, მათ საყვარელ კლუბს მიყოლებით 6-ჯერ ჰყავს დამარცხებული "მარსელი", თანაც ამ შეხვედრებში მხოლოდ 1 ბურთი გაუშვა
მეტოქისგან. მარსელო ბიელსას მიზანი "ველოდრომის" მკვიდრთათვის ამ უსიამოვნო ტენდენციის შეწყვეტა-შეცვლაა, ანდრე პიერ ჟინიაკი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი გოლეადორთა დავაში პირადი კონკურენტები არიან და ვინ უფრო მეტს შეძლებს, ესეც საინტერესოა.

ლიგა 1-ის მთავარმეგოლე ალექსანდრ ლაკაზეტი კი საფრანგეთის ნაკრების მაისურით თავისი პირველი გოლითაა გახარებული და ამ ტალღაზე "გენგამის" გამწარებას ეცდება. უბერ ფურნიემ უცილობლად უნდა მოიგოს, მაგრამ ბრეტანელებთან სტუმრობა და "სტად დუ რუდურუდან" 3 ქულის წამოღება ადვილი საქმე რომ არ არის, ყველას კარგად მოგვეხსენება.

ლიონელებს ზედიზედ სამი გამარჯვება კი აქვთ თავიანთ მეტოქესთან, მაგრამ იქამდე "გენგამს" ჰქონდა მიჯრით სამი ურთიერთშეხვედრა მოგებული. ზოგადად, თუნდაც ბოლო 20 წლის მანძილზე ამ კლუბებს ერთმანეთში დაზავება ნაკლებად გამოსდით - ან ერთი იგებს, ანდაც მეორე.

ტურს ასევე ძალიან საინტერესო მატჩი ხსნის, რომელიც "ლუი მეორეზე" "მონაკოსა" და "სენტ ეტიენს" შორის გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასული მონეგასკები სამეულის კარზე მოწიწებით კაკუნს არ აპირებენ, სადაცაა შეამტვრევენ ამ კარს და ამისთვის "მწვანეების" წაქცევა აუცილებელი პირობაა.

დანაკლისი, წესით, ორივე გუნდს სოლიდური ექნება, მაგრამ უფრო შავ დღეში ამ მხრივ "სენტ ეტიენია". თუმცა კრისტოფ გალტიეს იმედი აქვს, რომ რამდენიმე ფეხბურთელს ექიმები ბოლო მომენტში მაინც "აუნთებენ მწვანეს".

ლეონარდო ჟარდიმი იტალიელი მცველის, ანდრეა რაჯის მომჯობინებას ელოდება, რომლის სარეაბილიტაციო პერიოდიც გაიწელა. პორტუგალიელი ასევე ძირითადი მეკარის, დანიელ სუბაშიჩისა და ვეტერანი ბულგარელი თავდამსხმელის, დიმიტარ ბერბატოვის დაზიანებებზე ნერვიულობს.

ვთქვათ ისიც, რომ "მონაკოსთვის" "სენტ ეტიენი" არც ისე კომფორტული მეტოქეა და უკანასკნელი 12 ურთიერთშეხვედრიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული.

"მწვანეებს" მე-5 ადგილი აქვთ დასაცავი, რადგან ევროთავგადასავლების მაძიებელი "ბორდო" ძალიან ახლოს არის და ჟირონდელები კიდევ უფრო მიახლოებას "ლანსის" ძლევით ეცდებიან. ვილი სანიოლს, წესითა და რიგით, გასაჭირში მყოფ ლანსელებთან მოგება არ უნდა გაუჭირდეს.

გარკვეული ამბიციები გაუჩნდა "მონპელიესაც", რაც პარაგვაელი ლუკას ბარიოსის საუცხოოდ ათამაშებას უკავშირდება და როლან კურბისს ახლა საკუთარ კედლებში "ბასტია" ჰყავს წასაქცევი.

ორი სიტყვა ვთქვათ "მეცისა" და "ტულუზას" "ექვსქულიან თამაშზეც". ალბერ კარტიეს მეცელებს ჩემპიონატში ბოლოს 1-ელ ნოემბერს, 18 ტურის წინ აქვთ მოგებული და მათი მდგომარეობა უკვე კატასტროფულია, ხოლო თუ ეს თამაშიც დათმეს...

ალენ კაზანოვას შემცვლელის, დომინიკ არიბაჟის დებიუტი კი წარმატებული გამოდგა, "ბორდოსთან" მოგებით "ტულუზა" გასავარდნი ზონიდან ვერ ამოვიდა, მაგრამ ამოისუნთქა და ახლა ულაპარაკოდ მოსაგები მატჩი აქვს.

ლიგა 1. XXXI ტური
3 აპრილი
მონაკო-სტ.ეტიენი 22:30

4 აპრილი
გენგამი-ლიონი 19:00
ლილი-რეიმსი 22:00
ლორიანი-რენი 22:00
მეცი-ტულუზა 22:00
მონპელიე-ბასტია 22:00
ნიცა-ევიანი 22:00

5 აპრილი
ბორდო-ლანსი 16:00
ნანტი-კაენი 19:00
მარსელი-პსჟ 23:00

ბომბარდირები:
23 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 16 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 11 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), დიეგო როლანი (ბორდო); 10 - ლუკას ბარიოსი (მონპელიე), ვისამ ბენ იედერი (ტულუზა), მაქს გრადელი (სენტ ეტიენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული