დიდი ამბები პარიზში: კავანი-იბრაჰიმოვიჩის დუეტი დაიშლება?

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" თავს დიდი ამბებია. მართალია, დედაქალაქელებმა "მარსელს" ზედიზედ მე-7 "კლასიკი" მოუგეს, "ლიონს" ისევ ერთი ქულით გადაასწრეს და პირველ ადგილს ინარჩუნებენ, მაგრამ "ველოდრომზე" გამართულ შეხვედრას უსიამოვნო ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

საქმე ის არის, რომ ლორან ბლანმა 2:3-ზე ედინსონ კავანი შეცვალა და ტაქტიკა გადააწყო. ამით ურუგვაელი, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩრდილიდან ვერ გამოდის, ძალიან უკმაყოფილო დარჩა, რაც ამჯერად თავისთვის აღარ დაიტოვა და ბრაზი საჯაროდ გამოხატა: მან ბლანს, რომელიც მის დამშვიდებას ცდილობდა, ხელები უქნია და რაღაც-რაღაცები ჩაიბურდღუნა კიდეც.

კავანი ძალიან შემართული იყო, მონდომებით
თამაშობდა და შავ სამუშაოსაც ასრულებდა. მან ვერ გაიგო, რატომ შეცვალეს.

პარიზელების უსიამოვნებები მარტო ამით არ მთავრდება. შვედური პრესა იტყობინება, რომ ზლატანი ამერიკის შეერთებული შტატების საცხოვრებელი ვიზის აღებას ცდილობს და შესაბამისი დოკუმენტებიც შეიტანა, ინფორმაციამ კი გამოჟონა... ამან კიდევ უფრო აალაპარაკა ჟურნალ-გაზეთები იმაზე, რომ იბრაკადაბრა წასვლას აპირებს.

არც ის გვავიწყდება, რომ ცოტა ხნის წინ "ბორდოსთან" წაგებითა და მსაჯის შეცდომებით გაბრაზებულმა იბრაჰიმოვიჩმა ლანძღვა-გინება არ დაიშურა და ისიც კი თქვა, ეს ნეხვი ქვეყანა პსჟ-ის მსგავს გუნდს არ იმსახურებსო. სრულიად საფრანგეთის შეურაცხყოფისთვის მას ბოდიშის მოხდა მოუხდა. ერთი სიტყვით, ამ ინციდენტსაც არ ჩაუვლია უკვალოდ.

აქ უკვე ფრანგული პრესა შემოდის სცენაზე და უკვე იმ კანდიდატებსაც გვაცნობს, რომლებიც პარიზელებს ჰყავთ კავანი-იბრაჰიმოვიჩის დუეტიდან ერთ-ერთის ან ორივეს წასვლის შემთხვევაში. "პარი სენ-ჟერმენს" მიზანში მადრიდის "რეალის" ქარიმ ბენზემა და "ატლეტიკოს" ანტუან გრიზმანი ამოუღია. გარდა ამისა, პსჟ პოლ პოგბას ტრანსფერზე აგრძელებს მუშაობას და ტურინის "იუვენტუსიდან" "მამლაყინწას" წამოყვანა სურს. პარიზელებს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების სამშობლოში დაბრუნება და ერთად შეყრა უნდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული