ლიგა 1. XXXIII ტურის წინ: ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ

AutoSharing Option
"ჟერლანზე" "დერბი დუ რონია", რითაც ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი. სხვა ყველა მატჩი ამ შეხვედრის ჩრდილში ექცევა.

"სენტ ეტიენმა" ძალიან დიდი პაუზის მერე "ლიონს" საკუთარ კედლებში მოუგო, ხოლო იქამდე გასვლაზეც ჰქონდა მოპოვებული გამარჯვება და ისე გამოდის, რომ "მწვანეებს" ჩემპიონობისთვის მებრძოლი მოსისხლე მტრები მიყოლებით ორჯერ ჰყავთ დამარცხებული.

კრისტოფ გალტიეს ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაასამონ და თუ ეს მოხდა, ფანები იმით უფრო გაიხარებენ, რომ საძულველ გუნდს პირველობისთვის ბრძოლაში გაუფუჭებენ საქმეს, ვიდრე საკუთარი გუნდის კეთილდღეობაზე იფიქრებენ. თუმცა გასახარი ამ მხრივაც ბევრი იქნება, რადგან
კონკურენტების ქულების კარგვამ მოიტანა ის, რომ "სენტ ეტიენს" სამეულში მოხვედრის შანსი დაუბრუნდა, სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა.

მართალია, "მონაკოსთან" და "მარსელთან" ჭიდილი რთული იქნება, მაგრამ შანსი არის.

"ლიონმა" "ბასტიასთან" გადადებული მატჩი მშვიდად მოიგო და პირველ პოზიციაზე გადავიდა, მაგრამ "პარი სენ-ჟერმენს" მატჩით ნაკლები აქვს და პოტენციური ლიდერია. ერთი სიტყვით, უბერ ფურნიემ უცილობლად უნდა იმარჯვოს. თანაც, პსჟ-ს თითქმის აღარაფერი დარჩენია, ერთი თასი უკვე მოიგო, მეორის ფინალში "ოსერთან" არ უნდა გაუჭირდეს გამარჯვება და ლიგა 1 დარჩა ბოლომდე მისაყვანი.

ჩემპიონთა ლიგაზე ლორან ბლანის ბიჭები თავიანთ "პარკ დე პრენსზე" "ბარსელონასთან" 1:3 დამარცხდნენ და "კამპ ნოუზე" მათი შანსები ძალზე მცირეა. ასე რომ, სრული სვლით ლიგა ერთისკენ...

ამიტომაც "ალიანც რივიერაზე" ადგილობრივი "ნიცა" პარიზელებისგან კარგს არაფერს უნდა ელოდოს, მაგრამ არა უშავს, კლოდ პუელის გუნდმა ბოლო 3 ტურში 7 ქულა აიღო და დარჩენა თითქმის გაინაღდა. ის კი არა, ახლა ათეულს ეპოტინება. დიახ, მე-10 ადგილს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 6 ქულა აშორებს. აი, ასეთი სიმჭიდროვეა ჩემპიონატში.

ვინც შეიძლება იფიქროს ძალების გარკვეულ დაზოგვაზე, ეს "მონაკოა", რომელმაც ტურინში "იუვენტუსთან" კი წააგო, მაგრამ მინიმალური სხვაობით და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მონეგასკებს შემდეგ ეტაპზე გასვლის გაცილებით უკეთესი შანსი აქვთ, ვიდრე პსჟ-ს.

ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, რას იზამს ტურის პირველ შეხვედრაში "მარსელი", რომელიც "ნანტს" სტუმრობს. ლეონარდო ჟარდიმს მარსელელთა მატჩის შედეგი უკვე ეცოდინება და შესაბამისი განწყობით გავა "ლუი მეორეზე".

სამეულიდან ამოვარდნილი "მარსელი" კი ყველანაირად უნდა შეეცადოს "იადონების" წაქცევას, რომლებიც ბოლომდე მშვიდად თავს ვერ გრძნობენ და ქულები თავადაც სჭირდებათ.

თუ როგორი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება "გენგამი"-"ევიანის", "მეცი"-"ლანსის", "ბასტია"-"რეიმსისა" და ""ლორიანი"-"ტულუზის" შეხვედრებში, სატურნირო ცხრილს თუ დახედავთ, თავადაც მიხვდებით. მართლაც უნიკალური მოვლენაა - ნახევარზე მეტი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

"მონპელიემ" ხუთეულში მოხვედრის შანსები ძალიან შეიმცირა, მაგრამ მაინც თავისას შეეცდება "კაენთან", ხოლო "ლილი"-"ბორდო" სატურნირო კუთხითაც საინტერესოა და ფრანგულად დაძაბული და ამავდროულად, შარმიანი თამაში უნდა გამოვიდეს.

ლიგა 1. XXXIII ტური
17 აპრილი
ნანტი-ლიონი 22:30

18 აპრილი
ნიცა-პსჟ 19:00
ბასტია-რეიმსი 22:00
გენგამი-ევიანი 22:00
ლორიანი-ტულუზი 22:00
მეცი-ლანსი 22:00
მონაკო-რენი 22:00

19 აპრილი
ლილი-ბორდო 16:00
მონპელიე-კაენი 19:00
ლიონი-სტ. ეტიენი 23:00

ბომბარდირები:
25 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 18 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი), ნაბილ ფეკირი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული