პსჟ-ის სამიზნე: "ლიონის" ზედიზედ შვიდი ტიტულის გამეორება

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი თავისი კლუბის მორიგი ტრიუმფით ძალიან ბედნიერია და ისევ თავისი კლუბის დიად მომავალზე საუბრობს:

"თავდაჯერებით ვიყურები მომავალში და იმედი მაქვს, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ჩვენ ბოლო წლებში არაერთ წარმატებას მივაღწიეთ და ძალიან ბედნიერი ვარ. ამ სეზონში უკვე მესამე ტიტული მოვიგეთ საფრანგეთის სუპერთასისა და ლიგის თასის შემდეგ. ახლა კი საფრანგეთის თასის მოპოვებასაც შევეცდებით.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ფანებს გადავუხადო, რომლებიც მთელი სეზონი ბრწყინვალენი იყვნენ და "მონპელიესთან" საგარეო შეხვედრაშიც მრავლად ჩამოჰყვნენ გუნდს. ჩვენ ძალიან გვინდა ევროწარმატებაც, შემდეგი მიზანი
სწორედ ეს არის" - ამბობს დედაქალაქელთა ყატარელი პრეზიდენტი.

"ეს უდიდესი სიხარულია, ზედიზედ მესამედ ჩემპიონობა ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგია. ამჯერად, პირველზე გასვლა უაღრესად ძნელი გახლდათ. გამარჯვებას ყოველთვის ტკბილი გემო აქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აკრიტიკებდნენ ჩემს გუნდს, ახლა ეს წარმატება ორმაგად სასიამოვნოა. სეზონის მეორე ნახევარი მძიმე გამოგვივიდა სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ მე მჯეროდა ჩემი გუნდის.

არ ვიცი, შეგვიძლია თუ არა "ლიონის" მიღწევის გამეორება და ზედიზედ 7-ჯერ გაჩემპიონება, მაგრამ მიღწეულით დაკმაყოფილებასა და გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ. წინ კიდევ საფრანგეთის თასის ფინალია და ამის მერე შევაჯამებთ სეზონს, რომლის ჰეთ-თრიქით დასრულების შანსიც გვაქვს. ვრჩები თუ არა პოსტზე? პსჟ-სთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. თუ თქვენთვის ეს საკმარისი არგუმენტი არ არის, ეს თქვენი საქმეა" - აი, ასე გაუბრაზდა ცოტათი ჟურნალისტებსა და კრიტიკოსებს პსჟ-ის თავკაცი ლორან ბლანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული