ალ-ტანის ოჯახი, "პარი სენ-ჟერმენს" რომ ფლობს, ყველაფერს აკეთებს, პარიზი საფეხბურთო მექად რომ იქცეს. 2011 წლიდან ევროპის ყველაზე ახალგაზრდა ტოპ-კლუბმა განუზომელი ფინანსური რესურსი მიიღო.
ამას თვით ნიკოლა სარკოზის სპეციალური ბრძანება დასჭირდა, ვინც "სენ ჟერმენის" სტაჟიანი ქომაგია. ქვეყნის პირველკაცმა უცხოელებს ფრანგულ გუნდებში დიდი ფულის დაბანდების საშუალება მისცა. არადა, ამას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა და ცნობილი ჩინოსანი მიშელ პლატინი. პლატინისთან ერთად, ბევრი ფრანგი ფიქრობდა, რომ "პარი
ცნობილი ისტორიაა: როგორც კი არაბული ფულები მძლავრ ნაკადად წამოვიდა, საფრანგეთის დედაქალაქს ისე მიაწყდა ტოპ-ფეხბურთელთა რიგი, როგორც თაფლს - ბუზი. თავიდან იყვნენ პასტორე, მოტა, მატუიდი, მენეზი და სირიგუ. მათ მიჰყვნენ იბრაჰიმოვიჩი, ტიაგო სილვა, ბექჰემი, ვერატი, კავანი, მარკინიოსი და დავიდ ლუისი.
შეიხები ამაზე შეჩერებას არ აპირებენ. ამ ზაფხულს მათ მორიგი მეგა-ტრანსფერი განუზრახავთ. 190 მილიონი მზადაა ნეიმარის გამოსასყიდად. სხვა საქმეა, რას იტყვის "ბარსელონა". გუნდის დამრიგებელი ბლანი ვარსკვლავების წინააღმდეგი არაა.
"ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ფეხბურთელები, ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გამოცდილება". სჭირდება და მიიღებს კიდეც.
მისწრაფება მართებულია და გასაგები. ბოლოს და ბოლოს, გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში სერიოზული შედეგი უნდა "დადოს". უნდა გასცდეს მეოთხედფინალურ ეტაპს, რომელიც დედაქალაქელებს ერთგვარ წყევლასავით ექცათ.
"სენ-ჟერმენს" სჭირდება ფეხბურთელი, ვინც თავის მძლავრ მხრებზე შემოიგდებს თამაშის მთელ სიმძიმეს. ერთი ასეთი არის - ზლატანი. დრომ გვიჩვენა, რომ შვედი გიგანტის ძალისხმევა საკმარისი არ არის. ვინ შეიძლება იყოს ასეთი მოთამაშე? პოლ პოგბა!
"მე მივეკუთვნები იმ მწვრთნელთა კატეგორიას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პოლ პოგბა არის უდიდესი ნიჭის ფეხბურთელი. ჩვენ მართლაც ძალიან დაინტერესებულნი ვართ მისი ტრანსფერით", - თქვა ლორან ბლანმა თვის დასაწყისში.
რა თქმა უნდა, პარიზში გადასვლის შემთხვევაში პოგბა აუცილებლად ძირითადში ითამაშებს. სხვანაირად ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
თავისი მიზნები ამოძრავებთ გუნდის მფლობელებს. ისინი მიიჩნევენ, რომ პოგბა არა მხოლოდ კლუბს გააძლიერებს, არამედ სოლიდურ წვლილს შეიტანს "პარი სენ-ჟერმენის", როგორც ბრენდის წინსვლაში. არაბებს უნდათ, რომ "პსჟ" რაც შეიძლება, ტრადიციული და ძლიერი იყოს. ეს ავტომატურად გამოიწვევს მიშელ პლატინის იდეების კრახს.
2013 წელს კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი ლოგო წარმოადგინა. მისი მთავარი ღირებულება იყო სიტყვა "პარიზი". არაბები ფრანგების გულებისკენ სავალ გზებს ეძებენ. "სენ ჟერმენი" დაბლა ეწერა და თანაც - წვრილი შრიფტით.
თუ ლორან ბლანი პოგბას გადაბირებით გუნდის თამაშს გააძლიერებს, ნასერ ალ-ხელაიფის პოლი სჭირდება, როგორც პარიზთან ახლოს, ერთ პატარა ქალაქში დაბადებული ბიჭი. არაბი შეიხებიც ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან. მათაც იციან და უყვართ ლამაზი ისტორიები და რა შეიძლება იყოს იმაზე ლამაზი, პარიზის გარეუბანში დაბადებული ჭაბუკი მშობლიური ქალაქის გუნდს დიდი გამარჯვებებისკენ რომ მიუძღვის?!
სპეციალისტთა გარკვეული რაოდენობა ამტკიცებს, რომ პოლისათვის "სენ-ჟერმენში" გადასვლა უკეთესია. ის შინ უფრო მოუმატებს. არის რისკიც. "პსჟ" კომფორტი და არაბული მილიონებია. იქ ბევრი ვარსკვლავი გადავიდა, მაგრამ ძალიან ცოტამ მოუმატა. უფრო პირიქით. არის კი 22 წელი ის ასაკი, ასეთ რისკთან შეჭიდება რომ ღირდეს?!
პოგბას უნდა ფეხბურთის თამაში. უნდა ბევრი გამარჯვება, ბევრი ტიტული. ამ ეტაპზე მის გეგმებში არ უნდა შედიოდეს ელისეს მინდვრებზე ხეტიალი და პარიზული პეიზაჟებით ტკბობა. "ტკბილი სახლის" დრო კიდევ მოვა. ჯერ პოგბა უნდა იქცეს იმად, რასაც მისგან ელიან - მსოფლიო ფეხბურთის ნაღდ სუპერვარსკვლავად.
ვინც ბოლო წლებში "იუვენტუსის" მატჩებს თვალს ხშირად არ ადევნებს, მას ეჩვენება, რომ პოლ პოგბა მინო რაიოლას, მისი აგენტის დიდმა პიარმა შექმნა. რაიოლა სულ აქებს კლიენტს. დავუშვათ, დიდი ბიზნესი ამ შემთხვევაში ყლაპავს ობიექტურობას. რა უფლება გვაქვს, ზინედინ ზიდანს არ დავუჯეროთ? არანაირი!
აი, რა თქვა "ზიზუმ" პოგბაზე:
"ის, რასაც პოლი სჩადის ამ ასაკში მინდორზე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. შეიძლება, მასზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ფაქტია: თუ ასე გააგრძელებს, პოლი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ფეხბურთის ისტორიაში".
ზიდანის ასეთ შეფასებას ყველა ინატრებდა. წამით ვირტუალურ სამყაროში გადავსახლდეთ. ვინ იქნება პოგბა "რეალში", "ბარსელონაში", "მანჩესტერ სიტიში"? რა თქმა უნდა, ვარსკვლავი. ის ყველგან ლიდერი იქნება. მის არსენალში არის ნებისმიერი ის თვისება, რომელიც წარმატებული კარიერისათვის სჭირდება შუა ხაზის ფეხბურთელს.
ის უძლიერესია ფიზიკურად. აქვს უზადო ტექნიკა. კარგად ატყუებს მეტოქეს. ძლიერია ართმევაში. აქვს კარგად დაყენებული დარტყმა... გაგრძელება კიდევ შეიძლება. პოგბას თამაშში, ფაქტობრივად, არ არის სუსტი წერტილი. ალბათ, მხოლოდ ზედმეტი ინდივიდუალიზმი და ისიც ხანდახან. ამას ეშველება. წლები პოლს დააღვინებს.
და მაინც, პოლ პოგბა მხოლოდ "პარი სენ-ჟერმენში" იქნება ლიდერი, სიმბოლო, პირველი კაცი. "ბარსელონაში" ის ლიდერი ვერ იქნება. ვერც "რეალში". მან ისტორია სხვაგან უნდა შექმნას. ესპანურ გრანდებში ისტორიას მესი და რონალდო ქმნიან.
ამბობენ, რომ "სენ-ჟერმენის" შეფობა ისეა მოწადინებული პოგბას ტრანსფერით, რომ ისინი მზად არიან, თვით მარკო ვერატისაც კი შეელიონ. იტალიელი პარიზელი ქომაგების ჯილაა. ის გამორჩეულია, ახალგაზრდაა და ნიჭიერი, მაგრამ პოლს კარტ-ბლანში სჭირდება. ის ვერავის გაუყოფს დიდებას. ორი ყოჩი ცენტრში ბევრია. ერთი უნდა გაიწიროს. სავარაუდოდ, ვერატი გაიწირება.
თანაც, პარიზელები პოგბას 11-მილიონიან ჯამაგირს ჰპირდებიან. ფული ამ ცხოვრებაში ყველაფერი არ არის, მაგრამ ვარსკვლავებს ის მაინც ძალიან უყვართ. პოგბასაც არ უნდა სძულდეს.
თუ ოდესმე "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, დიდი ალბათობით, თასს პირველი პოლ პოგბა ასწევს. ასეთ შემთხვევაში მას მედალს ის კაცი ჩამოჰკიდებს, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ამბობდა:
"ნახეთ, რა გამოდის: კლუბს შეიძლება ჰყავდეს ყატარელი მფლობელი და ბრაზილიელი სპორტული დირექტორი. ასევე, იტალიელი მწვრთნელი და არაერთი ფეხბურთელი სხვადასხვა ეროვნებისა. მიმაჩნია, რომ ეს უკვე აღარ იქნება "პარი სენ-ჟერმენი". კი, შეიძლება მე ძალიან ძველმოდურიც ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, უმჯობესია, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა თავიანთ კლუბებში ითამაშონ და არა უცხოურ გუნდებში".
ეს კაცი მიშელ პლატინია. პლატინის უყვარს პატარები. ქვეყნებიც და გუნდებიც. არაბული იმპერია კი სუსტებს არად დაგიდევთ. სადაც ბევრი მილიონია, იქ სენტიმენტებისათვის ადგილი ვერ იქნება.
დანარჩენს პოლ პოგბა და მინო რაიოლა გადაწყვეტენ. მინოს უყვარს არაბების ფულები. მინოს სიტყვას დიდი ძალა აქვს. თავად პოგბას კი სავარაუდო ტრანსფერზე ჯერ სიტყვაც არ დაუძრავს.
დღევანდელ ფეხბურთში არსებობს ერთი "ოქროს წესი" - "არასოდეს თქვა არასოდეს"!
დღეს ფეხბურთი უფრო ბიზნესია, ვიდრე ფეხბურთი.
ჩვენც ცოტა მოვიცადოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"