ფრანგული გუნდის პირველი სპარინგ-პარტნიორი "ვაინერი" გახლდათ, რომელსაც დედაქალაქელები ძალიან ადვილად გაუსწორდნენ - 3:0. შემდეგი მეტოქე გაცილებით სერიოზული გახლდათ, ლისაბონის "ბენფიკას" სახით. შეხვედრაც დაძაბული და საინტერესო გამოვიდა, "არწივები" 2:1-საც იგებდნენ, მაგრამ ლორან ბლანის ბიჭებმა აქაც იყოჩაღეს, 3:2 იძალეს.
ხსენებულ ორ შეხვედრაში 3 ბურთი გაიტანა (და საგოლე პასი გააკეთა) ჟან-კევინ აგუსტენმა, რომელიც პარიზში დაბადებულ-გაზრდილია და პსჟ-ის აღზრდილია.
ყველას ეგონა, რომ ბლანი ფლორენციის "ფიორენტინასთან" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ნორჩ ნიჭიერ ფეხბურთელს თუ ათამაშებდა, ისიც
3 მატჩში 5 გოლი სერიოზული განაცხადია და მწვრთნელი, ალბათ, ამ ახალგაზრდაზე დაკვირვებას გააგრძელებს. მართალია, კლუბში კონკურენცია დიდია, მაგრამ ვინ იცის... თუ არა და, აგუსტენს გაანათხოვრებენ, რადგან მეორე გუნდისთვის ის უკვე გადაიზარდა, ხოლო მისი უთამაშებლობაც არ შეიძლება.
"იებთან" ითამაშა და გაიტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც, შედგა ბენჯამინ სტამბულის დებიუტიც. ამ ამხანაგურ შეხვედრებში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ლუკას დინმა და ჟან-კრისტოფ ბაებეკმაც, რომლებიც მეტ სათამაშო დროს დაელოდებიან, ვიდრე წინა სეზონში ჰქონდათ.
პსჟ-ის შემდეგი მეტოქე საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ძველი კარგი ნაცნობი ლონდონის "ჩელსი" იქნება, შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედი".
ამის მერე კლუბისთვის, რომელმაც წინა სეზონში საფრანგეთის მასშტაბით პოკერი შეასრულა (სუპერთასი, ლიგის თასი, ჩემპიონატი, თასი) და ქვეყნის ისტორიაში პირველი ასეთი გუნდი გახდა, ახალი სეზონი ოფიციალურად გაიხსნება - პსჟ 1-ელ აგვისტოს "ლიონთან" სუპერთასის გათამაშებით დაიწყებს. გამომდინარე იქიდან, რომ საფრანგეთის თასიც და ჩემპიონატიც დედაქალაქელებმა მოიგეს, სუპერთასისთვის მათ ლიგა ერთში მეორეზე გასული ლიონელები შეერკინებიან. ჩემპიონატის პირველ ტურში კი, 7 აგვისტოს პსჟ "ლილს" ესტუმრება.
რაც შეეხებათ ფლორენციელებს, ეს მათი პირველი ამხანაგური მატჩი იყო და თუ იმ ცვლილებებს და არეულობას გავითვალისწინებთ, რომელიც გუნდშია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათ თამაშში ბევრი ხარვეზი შეინიშნებოდა.
თანაც, ახალმა მწვრთნელმა პაულო სოუზამ ბოლომდე საბრძოლო შემადგენლობა არ გაიყვანა, იგი ახლა ექსპერიმენტების სტადიაზეა, სხვადასხვა მოთამაშესა თუ ვარიანტს ცდის და კლუბის დაკომპლექტებაც ჯერ არ დაუსრულებია. "ფიორენტინაში" ახალ სახეებს ელიან, პორტუგალიელს რამდენიმე მოთამაშით გაძლიერება სჭირდება.
ამ წაგებისა და შეცდომების ფონზე ერთი დიდი პოზიტივის დანახვა შეიძლება - ჯუზეპე როსი დაბრუნდა! 28 წლის თავდამსხმელი, რომელიც ტრავმებითა და ოპერაციებითაა გატანჯული, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის და მშვენივრად მოგეხსენებათ, თუ რა პროდუქტიული შეუძლია იყოს, როდესაც ჯანზეა. იგი მინდორზე 73-ე წუთზე შევიდა და 79-ეზე პენალტით გაიტანა კიდეც.
მომავალ შეხვედრებში როსის, ალბათ, მეტი სათამაშო დრო ექნება და ნელ-ნელა ფორმასაც აღიდგენს. მომავალი მატჩები კი "იებს" "ბენფიკასთან", "ბარსელონასთან" და "ჩელსისთან" აქვთ... მშვენიერი ვარჯიშია სერია A-ს დაწყებამდე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"