ლიგა 1. XIII ტურის წინ: ლიდერი აუტსაიდერის წინააღმდეგ

AutoSharing Option
წინა ტურში სეზონში სულ რაღაც მეორედ განცდილი მარცხის მიუხედავად, "ანჟერი" სამეულში რჩება და საკუთარ კედლებში გუნდს ჯერ ისევ არ წაუგია.

ახლა კი მეტოქედ "რენი" ეყოლება, ბრეტანული გუნდი, რომელიც ბრწყინვალედ იწყებდა, მაგრამ უკვე 7 ტურია, არ მოუგია, აქედან ორჯერ დამარცხდა და 5 ფრე ითამაშა, თანაც ხუთივე 1:1. გამონაკლისი გახლდათ თასზე "ბასტიასთან" გამარჯვება. ფილიპ მონტანიე ხვდება, რომ მიუხედავად ამ მძიმე პერიოდისა, ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული და ეს მატჩი მოსაგებია. რენელები ევროპალიგის ზონას 2, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩებიან.

ბოლოსწინაზე
მყოფ "ტულუზას" ბოლოადგილოსან "ტრუასთან" ერთად ყველაზე მეტი (21) გოლი აქვს გაშვებული და ამ გუნდთან ისედაც 10 ქულით წინ გაქცეულ პსჟ-ს, წესით, პრობლემები არ უნდა შეექმნას, თანაც პარიზელები, მომენტების მიუხედავად, "რეალთან" მარცხის მერე არიან გაბრაზებულნი.

ნახსენები "ტრუა", რომელიც ერთადერთი მოუგებელი კლუბია 12 ტურის მერე, გასვლაზე "ლორიანთან" ითამაშებს. თავის მხრივ, ბრეტანელებს 4 თამაშია არ წაუგიათ.

"კაენი" კი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერჯერობით, ფრე არ აქვს. მოგებების სერიას კაენელებმა ორი მარცხი მიაყოლეს და "გენგამთან" საშინაო თამაშში 3 ქულას დაუმიზნებენ. თუმცა უკანასკნელი 9 მატჩიდან ბრეტანელებმა ოდენ ერთი დათმეს, 4 მოგება და 4 ფრე. ჟოსელინ გურვენეკმა "გენგამი" ისევ მოაყოჩაღა.

შუა კვირაში "ნიცამ" "ნანტთან" გადადებული მატჩი წააგო. ეს "იადონების" მეოთხე მოგება იყო ჩემპიონატის ბოლო 5 თამაშში და ახლა ისინი გაჭირვებულ "მონპელიეს" დააცხრებიან. ნიცელები კი "მარსელს" სტუმრობენ და თუ წააგებენ, "ველოდრომის" ბინადრები მათ დაეწევიან.

"ლილი"-"ბასტია" და "რეიმსი"-"გაზელეკ აიაჩო" აფიშისთვის არც ისე მყვირალა წყვილებია, სამაგიეროდ, გვიანი მატჩებია ძალიან საინტერესო. ინტრიგა და ინტერესი კი ბატონო, მაგრამ სანახაობრივად "ბორდო"-"მონაკო" ბევრს ვერ გვპირდება, ამ გუნდების ამჟამინდელ სათამაშო ფორმას თუ გავითვალისწინებთ.

ყველა ტურნირზე ჟირონდელების ბოლო შეხვედრებში საშუალოდ 1 გოლი გადიოდა, ხოლო "მონაკოს" უკანასკნელი 7 მატჩიდან არც ერთში არ გასულა 2 ბურთზე მეტი.

მთავარი მატჩი კი "ჟერლანზეა", სადაც "ლიონსა" და "სენტ ეტიენს" შორის გასამართი "დერბი დუ რონი" გაგვაძღობს. მრავალწლიანი პაუზის მერე "მწვანეებმა" წინა სეზონში საკუთარ კედლებში ბოლოს და ბოლოს შეძლეს ლიონელების დამარცხება, "ჟერლანზე" კი ალაგ-ალაგ ისედაც ამწარებდნენ ხოლმე და ბოლო 3 დერბიდან ორი სწორედ "სენტ ეტიენს" აქვს მოგებული, ხოლო ერთი ფრედ არის დასრულებული.

ასე რომ, თავადაც ხვდებით, როგორი განწყობით გავლენ მინდორზე "ლიონის" ფეხბურთელები, რას მოითხოვენ მათგან ფანები და რამხელა ზეწოლა იქნება უბერ ფურნიეზე, მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მარცხის შემდეგ. სიტუაციას სატურნირო მდგომარეობაც ართულებს - ორივეს 22 ქულა აქვს - და ერთი სიტყვით, უაღრესად პრინციპული დუელი გველოდება.

6 ნოემბერი
ანჟერი-რენი 23:30

7 ნოემბერი
პსჟ-ტულუზი 20:00
ლორიანი-ტრუა 23:00
ლილი-ბასტია 23:00
მონპელიე-ნანტი 23:00
კაენი-გენგამი 23:00
რეიმსი-გაზ. აიაჩო 23:00

8 ნოემბერი
მარსელი-ნიცა 20:00
ბორდო-მონაკო 00:00
ლიონი-სტ. ეტიენი 00:00

ბომბარდირები: 8 - მიში ბატშუაი (მარსელი); 7 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ედინსონ კავანი (პსჟ), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ბილე მუკანჯო (ლორიანი); 5 - მარტინ ბრეიტვეიტი (ტულუზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული