რონალდოს რჩეული გაბრიელ ჟეზუსი

AutoSharing Option
გაბრიელ ჟეზუსი ახლახან გახდა 20 წლის. ის ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ თავდამსხმელად."მანჩესტერ სიტიში" მისი დებიუტი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მან სათადარიგოთა სკამზე თვით სერხიო აგუეროც კი დასვა.

მერე იყო მძიმე ტრავმა, თუმცა ბრაზილიური ფეხბურთის იმედმა ტრავმა უკვე მოიშუშა და ვარჯიშიც დაიწყო (სწორედ, საკუთარ დაბადების დღეზე). ეს კი, როგორც მინიმუმ, "სიტის" მეტოქეებს რთულ ცხოვრებას, აგუეროს კი მეტ კონკურენციას უქადის.

ვინ არის ფეხბურთელი, ვინც მართლაც მეტეორივით შეიჭრა პრემიერლიგის კონსერვატიულ სამყაროში? გაბრიელ ჟეზუსს ჩვენ არაერთხელ შევხვდებით მომავალში, ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ
აქედანვე კარგად გავიცნობთ მას.
დაიბადა სან პაულოში. როგორც ბევრი ბრაზილიელი ვარსკვლავისათვის, მისთვისაც პირველი და ძალიან დიდი სკოლა იყო ქუჩის ფეხბურთი. ჟეზუსი ბურთს დილიდან საღამომდე დასდევდა და მოწინააღმდეგის კარში არაერთი გოლი გაჰქონდა.

ეს გაგრძელდა მანამ, სანამ ის ერთ-ერთი სამოყვარულო გუნდის წარმომადგენლებმა არ შეამჩნიეს, მერე კი, 2013 წლის 1 ივლისს ის ბრაზილიის მასშტაბით ძალიან პოპულარულ კლუბში, "პალმეირასში" ჩაირიცხა. ეს ჟეზუსისათვის ოცნების ასრულებას ჰგავდა. ჯერ იყო ახალგაზრდული გუნდი, მერე კი - მთავარი.

"პალმეირასთან" კონტრაქტი რომ გავაფორმე, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. შეიძლება, ვინმემ ეს უბრალოდ თქვას, მაგამ რეალურად მე მართლა ვფიქრობდი მაშინ, რომ ოცნება ამიხდა. აი, იმას კი, რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი." - ამბობს ჟეზუსი.

რა მოხდა შემდეგ? რა და ის, რომ ჩვენი პატარა გმირი უმოკლეს ხანში იქცა "პალმეირასის" ბევრისმნახველი გულშემატკივრების საყვარელ მოთამაშედ. კლუბის საუკეთესო ბომბარდირის გარეშე ამ გუნდის წარმოდგენა უკვე შეუძლებელი გახლდათ.

"ეს ჩემთვის დიდი სკოლა იყო. ვისწავლე, რა და როგორ უნდა მეკეთებინა დიდების ფეხბურთში. ამას სხვა გამოცდილება სჭირდება." - იხსენებს ჟეზუსი, რომელსაც ევროპული გრანდების ყურადღება სულ პატარა ასაკიდანვე არ აკლდა.

2016 წლის 3 აგვისტოს გამოცხადდა, რომ ჟეზუსი "მანჩესტერ სიტის" ღირსებას დაიცავდა. "სიტიში" კი ბრაზილიელი მიმდინარე წლის იანვარში გამოჩნდა. ბევრმა, ვინც მაინცდამაინც არ იყო ჩახედული სამხრეთამერიკულ ფეხბურთში, გაიკვირვა, თუ რატომ გადაიხადა ინგლისურმა კლუბმა ბრაზილიელში დაახლოებით 33 მილიონი ევრო.

არადა, ჟეზუსს არაერთი გრანდი უთვალთვალებდა. მათ შორის მადრიდის "რეალი". "სამეფო კლუბის" ძალისხმევა პეპ გვადიოლამ ჩაახშო. მან სთხოვა კლუბის ხელმძღვანელობას, აუცილებლად განეხორციელებინა ეს გარიგება და ტრანსფერი შედგა.

პრემიერლიგაში დებიუტი კი მართლაც დიდებული გამოვიდა. ჟეზუსმა, ვინც პირველ მატჩში შეცვლაზე შევიდა, ჯერ საგოლე პასი მიითვალა, მერე კი მეორე შეხვედრაში შედეგიან გადაცემას საგოლე პასიც მიაყოლა. ამას მოჰყვა დუბლი.

"მე ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია და ეს ძალიან კაგად ვიცი. ჩემი აზრით, ფეხბურთელი მაშინ არის ნამდვილი სპორტსმენი, როცა ის მთელი კარიერისათვის იტოვებს მოტივაციას. კარგი დასაწყისი ჩემზე უარყოფითად ვერ იმოქმედებს, რადგან ძალიან მიყვარს ფეხბურთი." - თქვა ჟეზუსმა.

"ჩვენ გვყავს დიდებული ფეხბურთელები და დიდებული მწვრთნელი. ასეთ გუნდში თამაში ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ყოველთვის მაღალ მიზნებს ვისახავთ და ასეთ გარემოში თამაში ძალიან სასიამოვნოა." - ამბობს ჟეზუსი.

მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ნაკრებში ჩვენი გმირი გამოჩნდა, გულშემატკივრებმა შვებით ამოისუნთქეს. ბოლო წლებში ბრაზილიას ძალიან აკლდა გამტანი ფორვარდი. როცა ჯანმრთელადაა, ჟეზუსი სისტემატურად თამაშობს "სელესაოს" შემადგენლობაში.

მის თამაშს უმაღლეს შეფასებას აძლევს ლეგენდარული ბრაზილიელი ფორვარდი რონალდო. "მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ბევრი წლის განმავლობაში ბრაზილიის ნაკრებს დიდი სარგებლობა მოუტანოს. ჟეზუსი უდიდესი ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელია. მე მისი თამაში ძალიან მომწონს და მასში ნამდვილ გოლეადორს ვხედავ." - ასეთ შეფასებას რონალდოსაგან ნებისმიერი ფეხბურთელი ინატრებს.

"ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებული ყველა მატჩი ჩემთვის ღმერთის ჯილდოა. ჩვენ შეგვიძლია არაერთხელ გავახაროთ გულშემატკივარი და, დარწმუნებული ვარ, ამას გავაკეთებთ კიდეც. ბრაზილიის ნაკრებში ახლა დიდებული თაობაა თავმოყრილი. ჩემი გოლები? პირად სტატისტიკას არ ვუყურებ. მთავარია, გუნდმა მოიგოს." - ამბობს ჟეზუსი.

დოსიე
გაბრიელ ფერნანდო დე ჟეზუსი
დაიბადა: 1997 წლის 3 აპრილს სან პაულოში (ბრაზილია)
პოზიცია: ფორვარდი
კარიერა: 2015-16 - პალმეირასი; 2017-დან - მანჩესტერ სიტი
ბრაზილიის ნაკრები: 6 თამაში, 5 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული